იესო ნავეს ძე · თავი 23
და იყო შემდგომად დღეთა მრავალთა, ოდეს განუსუენა უფალმან ისრაჱლსა ყოველთაგან მტერთა გარემოჲს და ისო მოხუცებულ იყო და მოდგომილ დღეთა.
მრავალი ხანი გამოხდა მას შემდეგ, რაც მოასვენა უფალმა ისრაელი გარეშემო მტრებისაგან, და მოხუცდა იესო, ხანში შევიდა.
და მოუწოდა ისო ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა და მოხუცებულთა მათთა, და და მთავართა მათთა, და მსაჯულთა მათთა, და მწიგნობართა მათთა, დ ჰრქუა მათ: მე დავბერდი და გარდავჴედ დღეთა.
მოუხმო იესომ მთელს ისრაელს, მის უხუცესებს, მის თავკაცებს, მის მსაჯულებს, მის ზედამხედველებს და უთხრა მათ: მე დავბერდი, ხანში შევედი.
ხოლო თქუენ იხილეთ, რავდენი უყო უფალმან ღმერთმან ჩუენმან, ყოველთა ნათესავთა მათ პირისაგან თქუენისა, რამეთუ უფალი ღმერთი თქუენი, იგი თავადი ჰბრძოდა თქუენ წილ.
თქვენი თვალით გაქვთ ნანახი ყველაფერი, რაც უფალმა, თქვენმა ღმერთმა დამართა ყველა ამ ხალხს თქვენს წინაშე, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი იყო, თქვენთვის რომ იბრძოდა.
იხილეთ, რამეთუ დაგიტევენ თქუენ ნათესავნი ესე დაშთომილნი შორის ნაწილთა ნათესავთა თქუენთასა იორდანითგან ყოველნი ნათესავნი, რომელ მოვსრენ, და ზღჳთ დიდითგან იზღუანვის მზისდასავალადმდე.
ხედავთ, წილად გარგუნეთ ყველა ეს დარჩენილი ხალხი თქვენი შტოების სამკვიდროდ, იორდანედან მოყოლებული, და ყველა ხალხი, რომელიც აღვგავე დიდ ზღვამდე, მზის დასავლამდე.
ხოლო უფალმან ღმერთმან ჩუენმან მან მოსრნეს იგინი პირისაგან ჩუენისა, ვიდრემდის წარწყმდენ და მიუვლინნეს მათ მჴეცი ველურნი, ვიდრემდის მოისრნენ იგინი და მეფენი მათნი პირისაგან თქუენისა. და დაიმკჳდრეთ ქუეყანაჲ იგი მათი, ვითარცა გრქუა თქუენ უფალმან ღმერთმან ჩუენმან.
თავად უფალი, თქვენი ღმერთი აყრის მათ თქვენგან და განდევნის, რათა დაიმკვიდროთ მათი ქვეყანა, როგორც ნათქვამი აქვს თქვენთვის უფალს, თქვენს ღმერთს.
განძლიერდით აწ ფრიად დამარხვად და ყოფად ყოველთა წერილთა წიგნსა შინა შჯულისა მოსესისათა, რათა არა გარდაიქციოთ მისგან მარჯულ ანუ მარცხლ.
მტკიცედ დაიცავით და შეასრულეთ ყველაფერი, რაც მოსეს რჯულის წიგნშია ჩაწერილი, არ გადაუხვიოთ მას არც მარჯვნივ, არც მარცხნივ.
რათა არა შეერთნეთ ნათესავთა ამათ დაშთომილთა, და სახელები ღმერთთა მათთა არა ითქუას თქუენ შორის. და ნუ ჰფუცავთ მათ, ნუცა ჰმსახურებთ მათ, ნუცა თაყუანის-სცემთ მათ.
ნუ შეერევით ამ ხალხს, თქვენს შორის რომ დარჩნენ, ნუ ახსენებთ მათი ღმერთების სახელს და ნურც დაიფიცავთ მათ, ნურც ემსახურებით და ნურც თაყვანს სცემთ.
არამედ უფალსა ღმერთსა ჩუენსა შეეკრძალენით, ვითარცა ჰყავთ მოაქადღედმდე.
არამედ უფალს, თქვენს ღმერთს მიეწებეთ, როგორც დღემდე იქცეოდით.
და მოსრნეს იგინი უფალმან პირისაგან თქუენისა ნათესავნი დიდ-დიდნი და ძლიერნი, და თქუენ არა ვინ დაგიდგეს წინაშე თქუენსა მოაქადღედმდე.
უფალმა აჰყარა თქვენგან დიდი და ძლიერი ხალხები, დღემდე არავინ ყოფილა, რომ თქვენ გაგმკლავებოდათ.
ერთმან თქუენგანმან დევნნა ათასნი, რამეთუ უფალი ღმერთი თქუენი იგი თავადი ჰბრძოდა თქუენ წილ, ვითარცა გრქუა თქუენ.
ერთი თქვენიანი განდევნის მათ ათასს, რადგან თავად უფალი, თქვენი ღმერთი იბრძვის თქვენთვის, როგორც შეპირებული იყო.
და ეკრძალენით ფრიად და გიყუარდეთ უფალი ღმერთი ჩუენი.
ეცადეთ, კვლავ თქვენივე სიცოცხლისათვის, რომ გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი.
უკუეთუ მოიქცეთ და შეერთნეთ დაშთომილთა და წარმართთა ამათ, რომელ არიან თქუენ თანა, და მზა-უყოთ მათა მიმართ, და აღერინეთ მათ და იგინი თქუენ,
თუ განდგებით და მიეწებებით ამ დანარჩენ ხალხს, თქვენს შორის რომ დარჩნენ, დაუმოყვრდებით მათ და ასე შეერევით ერთმანეთს,
უწყებით უწყოდეთ, რამეთუ არღარა შესძინოს უფალმან ნათესავი ესე მოსრვად პირისაგან თქუენისა. და იყვნენ იგინი თქუენდა საფრჴე და საცთურ და პატნეზ ფერჴთა თქუენთა და ისარ თუალთა თქუენთა, ვიდრემდის წარსწყმდეთ ქუეყანისა ამისგან კეთილისა, რომელ მიგცა თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან.
იცოდეთ, აღარ აჰყრის უფალი თქვენგან ამ ხალხებს, არამედ მახედ და ხაფანგად, შოლტად ექცევიან თქვენს ფერდებს, ეკლად ჩაგესობიან თვალში, ვიდრე არ გადაშენდებით ამ მადლიანი მიწიდან, რომელიც უფალმა, თქვენმა ღმერთმა მოგცათ თქვენ.
ხოლო მივალ გზასა ჩემსა, ვითარცა ყოველნი, რომელ არიან ქუეყანასა ზედა და სცნათ გულითა თქუენითა და სულითა თქუენითა, რამეთუ არა დააკლდა სიტყუაჲ ერთი ყოველთაგან სიტყუათა, რომელნი თქუნა უფალმან ღმერთმან ჩუენმან თქუენდამო. ყოველი მოიწია თქუენდა, ერთიცა არა დააკლდა მათგანი.
აჰა, დღეს მივდივარ წუთისოფლის წესისამებრ. მთელი თქვენი გულითა და სულით შეიგნეთ, რომ არცერთი სიტყვა არ გაცუდებულა იმ სასიკეთო სიტყვებიდან, რაც თქვენზე უთქვამს უფალს, თქვენს ღმერთს.
და იყოს, ვითარცა მოვიდეს თქუენ ზედა ყოველი ესე სიტყუაჲ კეთილი, რომელი თქუა უფალმან ღმერთმან თქუენ ზედა; ეგრეთვე მოავლინოს თქუენ ზედა უფალმან ყოველი სიტყუაჲ ბოროტი, ვიდრემდის არა მოისრნეთ თქუენ ქუეყანისა ამისგან კეთილისა, რომელ მიგცა თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან.
როგორც აგიხდათ ყველა სასიკეთო სიტყვა, რაც უფალს, თქვენს ღმერთს ჰქონდა ნათქვამი თქვენთვის, ასევე აგიხდენთ უფალი მუქარის სიტყვას, ვიდრე არ აღგვის ყველას ამ მადლიანი მიწიდან, რომელიც უფალმა, თქვენმა ღმერთმა მოგცათ თქვენ.
რაჟამს გარდაჰჴდეთ თქუენ აღთქუმასა უფლისა ღმრთისა თქუენისასა, რომელი გამცნო თქუენ და მიხჳდეთ მსახურებად ღმერთთა უცხოთა, თაყუანის-ცემად მათა, და განრისხნეს თქუენ ზედა უფალი და წარსწყმდეთ ადრე-ადრე ქუეყანით.
თუ გადახვალთ უფლის, თქვენი ღმერთის აღთქმას, რომელიც დადებული აქვს თქვენთან, წახვალთ და უცხო ღმერთებს დაუწყებთ სამსახურს და თაყვანისცემას, უფლის რისხვა დაგატყდებათ თავს და დაუყოვნებლივ გადაშენდებით ამ მადლიანი ქვეყნიდან, რომელიც თქვენთვის მოუცია.
