იერემია წინასწარმეტყველი · თავი 48
მოაბსა ესრეთ თქვა, უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან: ვაჲ ნაბავსა ზედა, რამეთუ წარწყმდა, მოისპო, წარღებულ იქმნა კარიათიმი. სირცხჳლეულ იქმნა სიმაგრე მასოგასა და იძლია.
მოაბზე. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: ვაი ნებოს, გაძარცულია იგი! გაწბილებულია და აღებული კირიათაიმი! გაწბილებულია ციხე-სიმაგრე და დაქცეული.
არღარა არს მერმე მუღრობაჲ ესსებონს შინა მოაბისასა, ისიტყუნეს მის ზედა ძჳრნი, მოვედით და მოვჰკუეთოთ იგი ნათესავისაგან და დაცხრომით დასცხრეს, უკუანა შენსა ვიდოდეს ოდეს მახჳლი,
წარხდა მოაბის დიდება, ავს უზრახავენ ხეშბონში: წავიდეთ, მოვსპოთო მისი სახსენებელი! შენც დადუმდები, მადმენა, მახვილი მოგდევს უკან!
რამეთუ ჴმაჲ მღაღადებელთაჲ მთათაგან ორონაიმისათასა, ღაღადება შემუსრვილებასა მოსრვითა დიდითა.
კივილის ხმა ისმის ხორონაიმიდან, იავარყოფა და დიდი დაქცევა!
შეიმუსრა მოაბი. მიუთხართ ზოგორად მიმართ უჭაბუკესთა მისთა,
განადგურდა მოაბი! აკივლდნენ მისი პატარები.
რამეთუ აღივსო ალაოთი ტირილითა, რამეთუ აღსავალისა მიერ ფიქლოანისა აღვიდეს მტირალი ტირილისა მიერ, გზასა ზედა მთათა ორონაიმისათასა. ღაღადებაჲ შემუსრვილებისაჲ და ჭირი მტერთა ესმა.
რადგან გირილით ადიან ლუხითის მაღლობზე; რადგან შეცხადების კივილი ესმით ხორონაომის დაღმართებზე.
ივლტოდეთ და განარინენით სულნი თქუენნი და იქმნენით, ვითარცა ვირი ველური უდაბნოს შინა,
გაიქეცით, თავს უშველეთ! ბუჩქივით მარტოსული იქნებით უდაბნოში.
ვინათგან ესევდ სიმაგრეთა მიმართ შენთა, მოვიდენ შენდა ჭირნი და შეგიპყრანცა შენ, და გამოვიდეს ქამოს ტყუჱობად მღდელნი მისნი და მთავარნი მისნი ერთბამად.
რადგან შენი ნახელავის და საგანძურის იმედი გქონდა; შენც შეგიპყრობენ და ქამოშიც დატყვევდება, მისი ქურუმები და მთავრებიც თან მიჰყვებიან.
და მოვიდეს მოსრვა ყოველსა ზედა ქალაქსა, და ქალაქი არა განერეს, და წარწყმდეს ღელე, და მოისრას ველობი, ვითარცა თქუა უფალმან:
მიადგება გამანადგურებელი ყოველ ქალაქს, არცერთი ქალაქი არ გადარჩება, დაიღუპება ველ-მინდორი, განადგურდება ვაკეები, როგორც ნათქვამი აქვს უფალს.
ეცით სასწაული მოაბსა, რამეთუ ნთებით აღენთოს და ყოველნი ქალაქნი მისნი უვალად იყუნენ არ ყოფისაგან დამკჳდრებულისა მის შორის, ვინავე მყოფსა მას შინა.
მიეცით ფრთები მოაბს, რომ გაფრინდეს, რადგან უდაბნოდ გადიქცევა და განადგურდება.
წყეულ იყავნ მოქმედი საქმესა უფლისასა უდებებით, და წყეულ იყავნ განმმარტებელი მახჳლისა მისისაჲ სისხლისაგან.
წყეულიმც იყოს, ვინც დაუდევრად აკეთებს უფლის საქმეს! წყეულიმც იყოს, ვინც აკავებს მახვილს სისხლისაგან!
განისუენა მოაბმან სიყრმისაგან, და მოსავ იყო დიდებასა ზედა მისსა, და არ შთაასხმიდა ჭურჭლისაგან ჭურჭლად, და გარდასახლებად არა ვიდოდა. ამისთჳს არს გემოჲ მისი მის თანა და საყნოსი მისი არა მოაკლდა.
უშფოთველად იყო მოაბი სიყრმიდანვე, თავის დვრიტაზე განისვენებდა. ჭურჭლიდან ჭურჭელში არ გადაღებულა და გადასახლებაში არ წასულა. ამიტომაც შერჩა თავისი გემო და სუნი არ შეცვლია.
ამისთჳს, აჰა, დღენი მოვლენ, - თქვა უფალმან, - და მიავლინნე მის ზედა დამდრეკელნი და დადრიკონ იგი და ჭურჭელნი მისნი და დააწულილენ და რქანი მისნი შემუსრნენ.
ამიტომ, აჰა, დგება ჟამი, ამბობს უფალი, როცა გადამღებლებს მივუგზავნი და გადაიღებენ მას, დაუცარიელებენ ჭურჭლებს და ტიკებს დაუხევენ.
და ერცხჳნოს მოაბსა ქამოსისაგან, ვითარცა ერცხჳნა სახლსა ისრაილისასა ბეთელისაგან სასოებისა მისისა.
გაწბილდება მოაბი ქამოშის გამო, როგორც გაწბილდა ისრაელის სახლი ბეთელის გამო, რომელსაც ესავდა.
ვითარ იტყჳთ: ძლიერნი ვართ და კაცნი შემძლებელნი მბრძოლობად.
როგორღა ამბობთ: გმირები ვართ, ძლიერი მებრძოლები ვართო?
წარწყმდა მოაბ და ქალაქნი მისნი და რჩეულნი, ჭაბუკნი მისნი შთავიდეს მოსაკლავად, იტყვის მეფე, უფალი ძალთაჲ, სახელი მისი.
განადგურებულია მოაბი და მისი ქალაქები; მისი რჩეული ვაჟკაცები სასაკლაოზე წავიდნენ, ამბობს მეფე, რომლის სახელი ცაბოთ უფალია.
ახს დღე მოაბისი მოსლვად და უკეთურება მისი მალიად ფრიად.
ახლოსაა მოაბის აღსასრული, გამალებით მოიჩქარის მისი უბედურება.
შეძართ იგი ყოველთა გარემოს მისსა, ყოველთა მცოდნელთა სახლისა მისისათა თქუთ, ვითარ შეიმუსრა არგანი სიკეთისაჲ, კუერთხი დიდთვალი.
დაიტირეთ იგი, მეზობლებო, და მისი სახელის მცნობელნო, იყვირეთ: როგორ შეიმუსრა ძლიერი კვერთხი, დიდებული არგანი!
შთამოჴედ დიდებისაგან და დაჯედ სინოტიესა შინა მჯდომარე. ასული დებონისი შეიმუსროს, რამეთუ წარწყმდა მოაბი. აღვიდა შენდა განმრყუნელი სიმაგრეთაგანთაჲ,
ჩამოდი დიდებიდან და დაჯექი გვალვიანში, დიბონის მკვიდრო, რადგან შენ მოგადგა მოაბის გამანადგურებელი და ციხე-სიმაგრეები დაგიქცია.
გზასა ზედა დადეგ და იხილე მჯდომარე აროირს შინა და ჰკითხე მეოტსა და განრომილსა და არქუ: რაჲ იქმნა?
გზაზე დადექი და თვალი ადევნე, ყაროყერის მკვიდრთ! ჰკითხე გამოქცეულს და თავდახსნილს, ჰკითხე, რა მოხდა-თქო?
ჰრცხუენა მოაბსა, რამეთუ შეიმუსრა. ვალალაებდ და ღაღად-ყავ. მიუთხარ არიონისა შორის, ვითარმედ წარწყმდა მოაბი.
გაწბილებულია მოაბი, რადგან დაიქცა. იტირეთ და იკივლეთ, ამცნეთ არნონში, რომ განადგურებულია მოაბი.
და სასჯელი მოვალს ქუეყანასა ზედა მისსორისსა. ქელონსა ზედა და იარსა და მოფათსა,
სასჯელმა უწია დაბლობ ქვეყანას - ხოლონს, იაჰცას და მეფაყათს,
და დებონსა ზედა და ნავავსა. და სახლსა ზედა დევლათემისსა,
დიბონს, ნებოს და ბეთ-დიბლათაიმს;
და კარიათემსა ზედა და სახლსა ზედა ღამოლაჲსსა და სახლსა ზედა მაოთისსა,
კარიათაიმს, ბეთ-გამულს და ბეთ-მეყონს,
და სახლსა ზედა კარიაოთისსა და ბოსორისა ზედა და ყოველთა ზედა ქალაქთა ქუეყანისა მოაბისათა, შორიელთა და მახლობელთა.
კერიოთს, ბოცრას და მოაბის ყველა ქალაქს, შორეულსაც და მახლობელსაც.
დაიჴსნა რქაჲ მოაბისაჲ და ჴელთა შინა მისა შეიმუსრა, თქუა უფალმან:
რქა მოეკვეთა მოაბს და მკლავი მოტყდა, ამბობს უფალი.
დაათრვეთ იგი, რამეთუ უფლისა ზედა განდიდნა, და ტყუელვიდეს მოაბ ჴელითა თჳსითა, და იყოს საკიცხელ იგიცა.
დაათვრეთ იგი, რადგან გაუმედიდურდა უფალს. იგორავებს მოაბი თავის ნარწყევში და ისიც სამასხრო შეიქნება.
და რამეთუ შენდაცა საკიცხელ იყო ისრაილი, ანუ პარვათა შინა შენთა იპოვა, რამეთუ ჰბრძოდე მას, და მისთანავე წარიტყუენო.
განა სამასხროდ არ გყავდა ისრაელი? განა ქურდებში იყო დაჭერილი, თავს რომ აქნევ მის ყოველ ხსენებაზე?
დაუტევნეს ქალაქნი და დაეშენნეს კლდეთა შინა მკჳდრნი მოაბისანი; იქმნნეს, ვითარცა ტრედნი მებუდარნი კლდეთა შინა პირსა სოროჲსსა.
დასტოვეთ ქალაქები და კლდეებში დასახლდით, მოაბის მკვიდრნო! იყავით მტრედებივით, ნაპრალის კიდეებზე რომ იბუდებენ.
მესმა გინება მოაბისაჲ, აგინა ფრიად სიმაღლე თჳსი, და გინებაჲ და ამპარტავანება მისი და სილაღე მისი ვიხილე, და ამაღლდა გული მისი.
გვსმენია მოაბის ყიფი, მეტისმეტი სიამაყე, მისი ქედმაღლობა და მისი ამპარტავნობა, მედიდურობა და დიდგულობა.
ხოლო მე ვცნენ საქმენი მისნი, - იტყჳს უფალი, - არა კმა-ყოფისაებრ მისისა. ეგრეთ მკლავნი მისნი არა ეგრეთ ყო?
მე ვიცი, ამბობს უფალი, მისი სიცოფე, ფუჭი ქადილი და ფუჭი საქმე.
ამისთჳს მოაბსა ზედა ჴჳობდით, მოაბსა ზედა ყოველთა ჴმა-ყავთ. კაცთა ზედა ზღუდისათა სკირადათა განბიცებისათა.
ამიტომაც ვივალალებ მოაბზე და კივილს ავტეხ მთელს მოაბზე. იგლოვებენ კირ-ხერესის კაცებს.
და კილოჲ აღიღოს, ვითარცა ტირილი. იაზირო, დაგტირო შენ, ავენაჴენ, საბამისნი, მწუერვალნი შენნი, განვლო ზღვა ქალაქმან იაზირისმან. შეახო ნაყოფსა ზედა შენსა და სამკალსა ზედა შენსა და მესთულეთა შენთა ზედა დაეცა მოსასრველი.
იაყზერზე მეტად დაგიტირებ, სიბმას ვენახო! შენი ლერწები ზღვამდე აღწევს, იაყზერის ზღვამდე. მძარცველი შეესია შენს ადრეულ ნაყოფს და მოსავალს.
დასწყდა შუებაჲ და მხიარულება კარმელისა და ქუეყანისაგან მოაბიტელთასა, და ღჳნოჲ საწნეხელთა შინა შენთა არა დაწნიხეს განთიად იდად, არცა მიმწუხრი არა ყვეს იდად.
ლხენა და სიხარული წაერთვა ქარმელს და მოაბის ქვეყანას; გავაქრობ ღვინოს საწნახლებიდან, აღარ დაწურავენ შეძახილით: ჰედად! ჰედად! აღარ გაისმება ჰედადის შეძახილი.
ხოლო ამათ ღაღადებისაგან ესსებონისა ვიდრე ვლეილამდე და ვიდრე იასამდე მოსცეს ჴმაჲ მათი ქალაქთა მათთა, სეგორითგან, ვიდრე მთათამდე ნემისთა, და მითხრობაჲ სალისიასა, რამეთუ დიაკეული სმნიერი არს, რამეთუ წყალიცა ნევრიმისაჲ შემწუელად იყოს.
ხეშბონის გამო კივილს ელყალამდე, იაჰაცამდე ბანი მისცეს ცოღარიდან ხორონაიმამდე და ყეგლათ-შელიშიამდე; რადგან დაწყდება ნიმრიმის წყლებიც.
და წარვწყმიდო მოაბი, - თქუა უფალმან, - აღმავალი ბომონსა ზედა და მკუმეველი ღმერთთა მისთა.
მუსრს გავავლებ მოაბში ყველას, ამბობს უფალი, ვისაც გორაკზე მსხვერპლი მიაქვს და უკმევს თავის ღმერთებს.
ამისთჳს გული ჩემი მოაბსა ზედა, ვითარცა ავლი, ოხრიდეს. გული ჩემი კაცთა ზედა სკირადათა განბიცებისათა, ვითარცა ავლმან, იოხროს. ამისთჳს, რომელთა ვემზრუნვლე, წარწყმდენ კაცთაგან.
ამიტომ მიკვნესის სტვირივით გული მოაბზე; მიკვნესის სტვირივით გული კირ-ხარესის ხალხზე, რადგან დაეღუპათ მთელი მონაგარი.
ყოველი თავი ყოველსა შინა ადგილსა აღიპარსოს, და ყოველი წუერი დაიყჳნოს, და ყოველნი ჴელნი იტყებდენ და ყოველსა ზედა წელსა ძაძაჲ.
გადაპარსული აქვს ყველას თავი, მოკვეცილი აქვს ყველას წვერი, დახოკილი აქვს ყველას ხელები და წელზე ჯვალო არტყია.
და ყოველთა ზედა ერდოთა მოაბისთა და უბნებსა ყოველსა შორის ტყებაჲ, რამეთუ შევმუსრე მოაბი, ვითარცა ჭურჭელი, რომლისა არა არს საჴმარებაჲ მისი, - თქუა უფალმან.
მოაბის ყველა ბანზე და მის ყველა მოედანზე გლოვის ხმა ისმის, რადგან მე დავლეწე მოაბი უხმარი ჭურჭელივით, ამბობს უფალი.
ვითარ იძლია ჴჳობით, ვითარ მიაქცია ზურგი მოაბმან? ჰრცხუენა და იქმნა მოაბის საკიცხელ და სარისხველ ყოველთა გარემოსთა მისთა,
როგორ დაიქცა, როგორ მოთქვამენ, როგორ თავი შეირცხვინა და შეიქნა მოაბი სამასხროდ და შესაზარად გარეშემოთათვის.
რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან: აჰა, ვითარცა არწივმან მიიმართოს და განიმარტნეს ფრთენი მისნი მოაბსა ზედა.
რადგან ასე ამბობს უფალი: აჰა, არწივივით აფრინდება და ფრთებს გადაშლის მოაბზე.
დაპყრობილ იქმნა კარიაოთი და სიმაგრენი მოიპყრნეს და იყოს გული ძლიერთა მოაბისათაჲ მას დღესა შინა, ვითარცა გული დედაკაცისა მლმობისაჲ.
დაიპყრობენ ქალაქებს და ციხე-სიმაგრეებს დაიჭერენ; მოაბელი ვაჟკაცების გული მშობიარე დედაკაცის გულივით გახდება იმ დღეს.
და წარწყმდეს მოაბი ერისაგან, რამეთუ უფალსა ზედა განდიდნა.
გაქრება მოაბის სახსენებელი, რადგან გაუმედიდურდა უფალს.
შიში და მთხრებლი და საბრჴე შენ ზედა, მჯდომარეო მოაბსა შორის, - თქუა უფალმან.
შიში და ხარო და ხაფანგი გელის, მოაბის მკვიდრო! ამბობს უფალი.
მლტოლვარე პირისაგან შიშისა შთავარდეს მთხრებლსა და აღმოსრული მთხრებლით შეპყრობილ იქმნეს საბრჴითა მით, რამეთუ მოვაწინე ესენი მოაბსა ზედა წელიწადსა შინა, რომელსა ზედმივიხილო მათდამი, თქუა უფალმან,
შიშისგან გაქცეული ხაროში ჩავარდება, ხაროდან ამოსული ხაფანგში გაებმება, რადგან მოვაწევ მოაბზე მისი განკითხვის წელიწადს, ამბობს უფალი.
საფარველსა ესსებონისასა დადგეს მლტოლვარენი საბრჴისაგან, რამეთუ ცეცხლი გამოჴდა ესსებონით და ალი ქალაქით სეონისით, და შეჭამნა მთავარნი მოაბისანი და გამოიძინა ძენი სეონისნი.
ხეშბონის ჩრდილს შეაფარეს თავი ღონემიხდილმა ლტოლვილებმა; მაგრამ ცეცხლი გამოტყვრა ხეშბონიდან და ალი სიხონის შუაგულიდან, და საფეთქელი შეუტრუსა მოაბს და თხემი შფოთის ამტეხთ.
ვაჲ შენ, მოაბ! წარსწყმდი, ერო ხამორისო, რამეთუ წარიხუნეს ძენი შენნი იავარად და ასულნი შენნი ტყუედ.
ვაი შენ, მოაბო! დაიღუპა ქამოშის ხალხი, რადგან ტყვედ წაასხეს შენი ვაჟები და ასულები.
და მოვაქციო ტყუე მოაბისა უკანასკნელთა დღეთა, - თქუა უფალმან, - ვიდრე აქამომდე საშჯელნი მოაბისანი, რაოდენნი წინაწარმეტყუელნა იერემია ძჳნად ყოველთა ნათესავთა,
მაგრამ დავაბრუნებ მთაბელ ტყვეებს უკანასკნელ დღეებში, ამბობს უფალი. აქამდეა მოაბის განაჩენი.
