იერემია წინასწარმეტყველი · თავი 38

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და ესმა სოფონიას, ძესა ნათანისსა, და გოდოლიას, ძესა პასქორისსა, და იოაქაზს, ძესა სელემისსა, და პასქორს, ძესა მელიქისსა, სიტყვათა, რომელთა იტყოდა იერემია, ყოვლისა მიმართ ერისა მეტყუელი:

გაიგონეს შეფატია მათანის ძემ, გედალია ფაშხურის ძემ, იუქალ შელემიას ძემ და ფაშხურ მალქიას ძემ სიტყვები, რომელსაც იერემია ეუბნებოდა ხალხს.

2

ესრეთ თქუა უფალმან: მჯდომარე ქალაქსა ამას შინა მოკუდეს მახჳლისა მიერ და სიყმილისა და სიკუდილისა, და განმავალი ქალდეველთა მიმართ ცხონდეს. და იყოს სული მისი მოპოვნებულ და ცხოვნდეს.

ასე ამბობს უფალი: ვინც დარჩება ამ ქალაქში, მახვილით ან შიმშილით ან შავი ჭირით მოკვდება, ხოლო ვინც გადავა ქალდეველებთან, გადარჩება. ნადავლად საკუთარი სიცოცხლე ექნება და იცოცხლებს.

3

რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: მიცემით მიეცეს ქალაქი ესე ჴელთა ძალისა მეფისა ბაბილოანისათა, და დაიპყრას იგი.

ასე ამბობს უფალი: ბაბილონის მეფის ლაშქარს ჩაუვარდება ხელში ეს ქალაქი და დაიპყრობს მას ბაბილონის მეფე.

4

და ჰრქუეს მთავართა მეფესა: მოიკალნ აწ კაცი იგი, რამეთუ იგი დაჰჴსნის ჴელებსა კაცთა მბრძოლთა დაშთომილთასა ქალაქსა ამას შინა და ჴელთა ყოვლისა ერისათა დაჰჴსნის მეტყუელი მათდამი მსგავსად სიტყვათა ამათ, რამეთუ კაცი ესე არუწყებისმთხრობლობს ერისა ამის მშჳდობასა, არამედ რამეთუ ძჳრთა.

უთხრეს მთავრებმა მეფეს: სიკვდილით უნდა დაისაჯოს ეს კაცი იმის გამო, რომ იმედს უკარგავს ამ ქალაქში დარჩენილ მეომრებს და მთელს ხალხს ამგვარი ლაპარაკით. რადგან მშვიდობას კი არ ეძებს ეს კაცი ამ ხალხისთვის, არამედ უბედურებას.

5

და თქვა მეფემან სედეკია: აჰა, ეგე ჴელთა შინა თქუენთა, რამეთუ ვერ ეძლო მათდა მიმართ მეფესა სიტყვა.

თქვა მეფე ციდკიამ: აჰა, თქვენს ხელშია იგი. რადგან არაფერი შეუძლია, რადგან რას გააწყობს მეფე თქვენს წინააღმდეგ?

6

და მიიყვანეს იერემია და შთააგდეს იგი მღჳმესა მელქისსა, ძისა მეფისასა, რომელი იყო ეზოსა საპყრობილისასა, და შთაუტევეს იგი საბლებითა მღჳმედ. და მღჳმესა შინა არა იყო წყალი, არამედ მწჳრე და იყო მწჳრესა შინა.

აიყვანეს იერემია და ჩააგდეს უფლისწულ მალქიას ჭაში, საყარაულო ეზოში რომ იყო. ბაწრებით ჩაუშვეს შიგ იერემია. წყალი არ იდგა ჭაში, მხოლოდ შლამი იყო და ჩაეფლო იერემია შლამში.

7

და ისმინა აბდემელექ ეთიოპმან, კაცმან საჭურისმან, და იგი იყო ეზოსა შინა მეფისა, ოდეს შთააგდეს იერემია მღჳმედ. და მეფე ჯდა ბჭესა ზედა ბენიამენისსა.

გაიგო ყებედ-მელექმა, ეთიოპელმა საჭურისმა, რომელიც მეფის სასახლეში იყო, რომ ჭაში ჩააგდეს იერემია. მეფე კი ბენიამინის კარიბჭეში იჯდა.

8

და განვიდა აბდემელექ მისდამი და იტყოდა მეფისა მიმართ:

გამოვიდა ყებედ-მელექი მეფის სასახლიდან და ასე უთხრა მეფეს:

9

უფალო ჩემო მეფე! იბოროტეს კაცთა ამათ ყოველნი, რავდენნი უყვეს იერემიას, წინაწარმეტყუელსა, რამეთუ შთააგდეს იგი მღჳმედ და მოკუდეს უქუეკერძო მისსა. იბოროტე, რომელ ჰყავ მოკლვაჲ კაცისა ღმრთისაჲ პირისაგან სიყმილისა, რამეთუ არა არიან პურნი ქალაქსა შინა.

მეფე-ბატონო! დააშავეს ამ კაცებმა, ასე რომ მოექცნენ იერემია წინასწარმეტყველს, ჭაში რომ ჩააგდეს; ხომ მოკვდა შიმშილით, რადგან პური აღარ არის ქალაქში.

10

და ამცნო მეფემან აბდემელექს ეთიოპსა მეტყუელმან: მიიხუენ თავისა შენისა თანა ამიერ ოცდაათნი კაცნი და აღმოიყვანე იგი მღჳმით, რაჲთა არა მოკუდეს.

ასე უბრძანა მეფემ ყებედ-მელექს, ეთიოპელს: წაიყვანე აქედან ოცდაათი კაცი და ამოიყვანე იერემია წინასწარმეტყველი ჭიდან, ვიდრე არ მომკვდარა.

11

და წარიყვანნა აბემელექ კაცნი და შევიდა სახიდ მეფისა ქუეშედ, და გამოიხუნა მიერ ძუელნი ბებკულნი და ძუელნი საბელნი და შთაყარნა იგინი იერემიას მიმართ მღჳმედ.

წაიტანა ყებედ-მელექმა კაცები და წავიდა მეფის სასახლეში, საგანძურს ქვეშ, მოკრიფა ძონძები და ძველმანი სამოსელი და თოკები ჩაუგზავნა ჭაში იერემიას.

12

და თქუა მისდა მიმართ აბემელექ ეთიოპმან: დასხენ ძუელნი ესე ბებკულნი და მატყლიერნი იღლიათა ქუეშე ჴელთა შენთასა ქუეშე კერძო საბელთასა. და ქმნა იერემია ეგრეთ.

უთხრა ყებედ-მელექმა, ეთიოპელმა, იერემიას: იღლიების ქვეშ ამოიფინე ეს ძონძები და ძველმანები თოკებად. ასეც მოიქცა იერემია.

13

და აღმოიზიდეს იგი საბელთა მიერ და აღმოიყვანეს იგი მღჳმისაგან, და დაჯდა იერემია ეზოსა შინა საპყრობილისასა.

ამოათრიეს იერემია თოკებით და ამოიყვანეს ჭიდან. და დარჩა იერემია საყარაულო ეზოში.

14

და მიავლინა მეფემან სედეკია და მიუწოდა მას თჳსსა მიმართ სახიდ სალათიილისსა მყოფად სახლსა შინა უფლისასა, და ჰრქუა მეფემან იერემიას წინაწარმეტყუელსა: გკითხო მე შენ სიტყუა, ნუ დაჰმალავ ჩემგან თქმასა.

გაგზავნა კაცი მეფე ციდკიამ და მოაყვანინა იერემია წინასწარმეტყველი თავისთან, უფლის სახლის მესამე შესასვლელთან, და უთხრა მეფემ იერემიას: ერთ რამეს შეგეკითხები, არაფერი დამიმალო.

15

და ჰრქუა იერემია მეფესა: უკეთუ მე გითხრა შენ, არა სიკუდილითა მომაკუდინოა მე? და უკეთუ განგაზრახო, არა ისმინო ჩემი.

უთხრა იერემიამ ციდკიას: თუ გაგიმხილე, ხომ სიკვდილით დამსჯი? და თუ გირჩიე რამე, მაინც არ გამიგონებ.

16

და ეფუცა მას მეფე იდუმალ მეტყუელი: ცხოველ არს უფალი, რომელმან შექმნა ჩემი ესე სული, უკუეთუ მოგაკუდინო შენ, და უკეთუ განგცე შენ ჴელებსა ამათ კაცთა მეძიებელთა სულისა შენისათასა.

საიდუმლოდ დაუფიცა იერემიას მეფე ციდკიამ და უთხრა: უფალს გეფიცები, რომელმაც ეს სული ჩაგვიდგა, თუ სიკვდილით დაგსაჯო ან თუ იმათ ხელში ჩაგაგდო, შენი სიკვდილი რომ სწადიათ.

17

და ჰრქუა მას იერემია: ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან: უკეთუ განსრული განხჳდე მთავართა მიმართ მეფისა ბაბილოვნისათა და ცხოვნდეს სული შენი, და ქალაქი ესე არა დაიწვას ცეცხლითა, და სცხოვნდე შენ და სახლი შენი.

უთხრა იერემიამ ციდკიას: ასე ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, ისრაელის ღმერთი: თუ ჩაბარდები ბაბილონის მეფის სარდლებს, სიცოცხლეს იხსნი და ეს ქალაქიც არ დაიწვება ცეცხლში. შენც გადარჩები და შენი სახლიც.

18

ხოლო უკეთუ არა განხჳდე შენ მთავართა მიმართ მეფისა ბაბილოვნისათა, განეცეს ქალაქი ესე ჴელთა ქალდეველთასა, და დაწუან იგი ცეცხლითა, და შენ არა განერე მათგან.

თუ არ ჩაბარდები ბაბილონის მეფეს, ქალდეველთა ხელში ჩავარდება ეს ქალაქი და ცეცხლში დაწვავენ. ვერც შენ წაუხვალ მათ ხელიდან.

19

და ჰრქუა მეფემან იერემიას წინაწარმეტყუელსა: მე სიტყუა მაქუს იუდეანთა მილტოლვილთა ქალდეველთა მიმართ. ნუ მიმცენ მე ჴელთა მათთა და მეკიცხევდენ მე?

უთხრა მეფე ციდკიამ იერემიას: იუდაელებისა მეშინია, ქალდეველთა მხარეზე რომ არიან გადასული. მათ ხელთ არ მიმცენ, რომ შეურაცხმყონ.

20

და ჰრქუა იერემია: არა გაგცენ შენ. და ისმინე სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელსა მე ვიტყჳ შენდამი, და უმჯობეს იყოს შენდა, და ცხოვნდეს სული შენი.

უთხრა იერემიამ: არ მიგცემენ. ოღონდ ყური დაუგდე უფლის ხმას, რასაც მე გელაპარაკები, და კარგად წაგივა საქმე, თავს გადაირჩენ.

21

და უკეთუ არა გნებავს შენ განსლვად, ესე არს სიტყუა, რომელ მიჩუენა მე უფალმან,

თუ არ ისურვებ დანებებას, აჰა, ეს სიტყვა, რომელიც გამომიცხადა უფალმა:

22

და აჰა, ყოველნი დედანი დაშთომილნი სახლსა შინა მეფისა იუდაჲსასა განიყვანნენ მთავართა მიმართ მეფისა ბაბილონისათა, და იგინიცა იტყოდეს: შეგაცთუნეს შენ და გერეოდეს შენ კაცნი მშჳდობისა შენისანი, და გძლონ შენ ბრკუმასა შინა ფერჴისა შენისასა, და მიიქცენ შენგან,

აჰა, ყველა ქალს, ვინც იუდას მეფის სასახლეში დარჩა, ბაბილონის მეფის სარდლებს მიჰგვრიან. იტყვიან ქალები: მოგატყუეს და გძლიეს შენმა კეთილისმყოფელება, ლიაში ჩაგეფლა ფეხი, მათ კი მიგატოვეს და წავიდნენ.

23

და ყოველნი ცოლნი შენნი და შვილნი შენნი განჰგუარნენ ქალდეველთა მიმართ, და შენ ვერ განერე ჴელთა მათთაგან, რამეთუ ჴვლისაგან მეფისა ბაბილოვნისა შეპყრობილ იქმნე, და ქალაქი ესე დაიწუას ცეცხლითა.

ყველა შენს ცოლს და შვილს ქალდეველებს მიჰგვრიან; ვერც შენ გაექცევი მათ, რადგან ბაბილონის მეფის ხელში ჩავარდები და ეს ქალაქიც ცეცხლში დაიწვება.

24

და ჰრქუა მას მეფემან: კაცი ნუ სცნობნ სიტყვათა ამათგანსა და არა მოჰკუდე.

უთხრა ციდკიამ იერემიას: კაცისშვილმა არ უნდა იცოდეს ეს ამბავი, თუ სიკვდილი არ გინდა.

25

და უკეთუ ესმეს მთავართა, ვითარმედ: გეზრახე შენ და მოვიდენ შენდა და გრქუან შენ: მითხარ ჩუენ, რასა გეზრახა შენ მეფე, ნუ დაჰფარავ ჩუენგან, და არა მოკგლათ შენ, და რასა ეზრახე მეფესა?

თუ მთავრებმა გაიგეს ჩვენი ლაპარაკი, მოვიდნენ შენთან და გკითხეს: გვითხარი, რას ელაპარაკებოდი მეფეს, არ დაგვიმალო, თუ სიკვდილი არ გინდა, ან მეფე რას გელაპარაკებოდაო,

26

და ჰრქუა მათ: დავაგდებდ მე წყალობასა ჩემსა წინაშე პირსა მეფისასა არ მიქცევისათჳს ჩემისა კუალად სახიდ იონათანისა მოსიკუდიდ ჩემდა მუნ.

მიუგე: ჩემი მუდარა მოვახსენე მეფეს, რომ აღარ დამაბრუნონ-თქო იონათანის სახლში და არ მოვკვდე-თქო იქ.

27

და მოვიდეს ყოველნი მთავარნი იერემიაჲს მიმართ და ჰკითხეს მას. და მიუთხრნა მათ ყოველნი ესე სიტყუანი, რომელნი ამცნნა მას მეფემან და დადუმნეს, რამეთუ არა ისმა სიტყუა უფლისაჲ.

მოვიდნენ მთავრები იერემიასთან და გამოკითხვა დაუწყეს. მანაც ყველაფერი ისე მოახსენა მათ, როგორც მეფისგან ჰქონდა ნაბრძანები. ხმა აღარ გასცეს, რადგან ვერაფერი გაიგეს.

28

და დაჯდა იერემია ეზოსა საპყრობილისასა ვიდრე ჟამამდე, რომელსა დაპყრობილ იქმნა იერუსალიმი. და იყო, რაჟამს დაიპყრეს იერუსალიმი.

იჯდა იერემია საყარაულო ეზოში იერუსალიმის აღებამდე და იერუსალიმის აღების შემდეგაც.