იერემია წინასწარმეტყველი · თავი 12
მართალ ხარ შენ, უფალო, რამეთუ მიგიგო შენდამი, გარნა სასჯელნი ვთქუნე შენდამი. რად, რამეთუ გზაჲ უთნოთაჲ წარემართების? იეფის ყოველთა უგულებელს-მყოფელთა უგულებელს-ყოფათასა.
მართალი იქნები, უფალო, როცა დავას დაგიწყებ. მაინც მოგახსენებ სამდურავს; რატომ წყალობს ბედი ბოროტმოქმედს, რატომ არიან უზრუნველად მატყუარები?
დაჰნერგენ იგინი და განიძირეს. შვილიერ იქმნეს, და ყვეს ნაყოფი. მახლობელ ხარ შენ პირისა მათისა და შორს თირკმელთაგან მათთა.
შენ დანერგე ისინი და გაიდგეს კიდეც ფესვი, ნაყოფიც გამოიღეს; მათ ბაგეთაგან ახლოსა ხარ, მაგრამ შორსა ხარ მათი ზრახვებიდან.
და შენ, უფალო, მიცი მე, გამოსცადე გული ჩემი წინაშე შენსა და შეკრიბენ იგინი, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი, უბიწო-ჰყვენ იგინი დღისათჳს დაკლვისა მათისა.
მაგრამ მე მიცნობ, უფალო. მხედავ და გამოცდილი გყავს ჩემი გული. ცხვარივით გარეკე ისინი დასაკლავად და ნიშანი დაადე დახოცვის დღისთვის.
ვიდრემდის იგლოვდეს ქუეყანაჲ და ყოველი თივაჲ ველისაჲ განჴმეს უკეთურებისაგან დამკჳდრებულთა მას ზედა? უჩინო იქმნეს საცხოვარნი და მფრინველნი, რამეთუ თქუას: არა იხილნეს უფალმან გზანი ჩვენნი.
როდემდის უნდა გლოვობდეს მიწა და ხმებოდეს მინდვრის ბალახი? პირუტყვი და ფრინველი იღუპება მიწის მკვიდრთა უკეთურების გამო, რომ ამბობენ, ჩვენს ბოლოს ვერ ხედავსო.
შენნი ფერჴნი რბიან და დაგჴსნიან შენ, ვითარ განემზადები ჰუნეთა ზედა? და ქუეყანასა ზედა მშჳდობისასა შენ ესავ, ვითარ ჰყოფ ოხრასა ზედა იორდანისასა?
თუ ფეხით სირბილი გქანცავს, როგორ გაეჯიბრები ცხენებს? თუ მშვიდობიან ქვეყანაში უიმედოდ ხარ, რა გეშველება, როცა იორდანე ადიდდება?
რამეთუ ძმანიცა შენნი და სახლი მამისა შენისა, და იგინიცა გეცრუვნეს შენ, და მათცა ჴმა-ყვეს უკანისაგან შენისა, შენ ზედა შეკრბეს, ნუ ირწმუნებ მათდამი, რამეთუ იტყოდიან შენდამი მშჳდობითთა.
რადგან შენი ძმებიცა და მამაშენის სახლიც, გღალატობენ. ისინიც კი გისევენ ბრბოს. ნუ ერწმუნები მათ, თუნდაც სასიკეთოდ გელაპარაკებოდნენ.
დაუტევე სახლი ჩემი და დავაგდე სამკჳდრებელი ჩემი. მივეც შეყუარებული სული ჩემი ჴელთა მტერთა მისთასა.
მივატოვე ჩემი სახლი, დავაგდე ჩემი სამკვიდრო, ჩემი სულზე უტკბესი მის მტრებს ჩავუგდე ხელში.
იქმნა სამკჳდრებელი ჩემი ჩემდა, ვითარცა ლომი მაღნარსა შინა. მოსცა ჩემ ზედა ჴმაჲ მისი, ამისთჳს მოვიძულე იგი.
ჩემი სამკვიდრო მაღნარის ლომივით გახდა; შემომღრიალებს, რადგან შევიძულე.
ნუ ქუაბი აფთრისაჲ სამკჳდრებელი ჩემი ჩემდა, ანუ ქუაბნი გარემოს მისსა? მას ზედა ვიდოდეთ. შეკრიბენით ყოველნი მჴეცნი ველისანი და მოვიდენ ჭამად მისსა.
ჭრელი ონავარი ფრინველია ჩემი სამკვიდრო, ონავარი ფრინველები შემოადგენ ირგვლივ, წადით, შეყარეთ გარეული მხეცები, მოიყვანეთ და შეაჭმევინეთ იგი.
მწყემსთა მრავალთა განრყუნეს ვენაჴი ჩემი, შეაბილწებდეს ნაწილსა ჩემსა. მისცეს ნაწილი გულისსათქმელი ჩემი უდაბნოდ მიუალად,
უამრავმა მწყემსმა გაანადგურა ჩემი ვენახი, გათელეს ჩემი ყანა, ჩემი ნანინანაგრი ყანა გატიალებულ უდაბნოდ აქციეს.
დაიდვა უჩინო საქნელად წარწყმედისა, ჩემ მიერ უჩინო-ყოფითა უჩინო იქმნა ყოველი ქუეყანაჲ, რამეთუ არა არს მამაკაცი დამდებელი გულსა შინა.
გაატიალეს და შემომტირის გატიალებული; მთელი ქვეყანა გატიალდა, მაგრამ არავინაა გულშემატკივარი.
ყოველთა ზედა ალაგთა უდაბნოსა შორის მოვიდეს საარებულნი, რამეთუ მახჳლმან უფლისამან შეჭამოს კიდითგან ქუეყანისაჲთ და ვიდრე კიდემდე ქუეყანისა არა არს მშჳდობაჲ ყოვლისა ჴორცისა.
უდაბნოს ყველა გორაკს შეესივნენ ავაზაკები, რადგან უფლის მახვილი ჭამს ყველაფერს ქვეყნის კიდიდან ქვეყნის კიდემდე. არცერთ ხორციელს არ ექნება მშვიდობა.
სთესენით იფქლნი და ეკალნი მოიმკენით. ნაწილნი მათნი არსარგებელ ეყვნენ მათ. სირცხჳლეულ იქმნენით სიქადულისაგან თქუენისა, ყუედრებისაგან წინაშე უფლისა,
დათესეს ხიარბალი და ეკალი მოიმკეს. დაშვრნენ და სარგებელი ვერ ნახეს. გრცხვენოდეთ ამ თქვენი მოსავლისა - უფლის რისხვისა.
რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: ყოველთათჳს მეზობელთა ბოროტთა, შემხებელთა სამკჳდრებელისა ჩემისათა, რომელი განვიკერძე ერი ჩემი ისრაელი, აჰა, მე აღვიხუნე იგინი ქუეყანისაგან მათისა და სახლი იუდაჲსი გამოვიყვანო შორის მათსა.
ასე ამბობს უფალი: ყველა ჩემს ბოროტ მეზობელს, რომელთაც ხელჰყვეს სამკვიდრო, ჩემს ერს რომ დავუმკვიდრე, წარვხოცავ მათი ქვეყნიდან, და იუდას სახელსაც წარვხოცავ მათთან ერთად.
და იყოს, შემდგომად გამოყვანებისა მათისა ჩემგან მოვაქციო და შევიწყალნე იგინი და დავამკჳდრნე იგინი კაცადი სამკჳდრებელსა ზედა თჳსსა და კაცადი ქუეყანასა ზედა თჳსსა.
წარვხოცავ და მერე კვლავ შევიწყალებ, თავ-თავის სამკვიდროში და თავ-თავის ქვეყანაში დავაბრუნებ ყველას.
და იყოს, უკეთუ მსწავლელთა ისწავონ გზაჲ ერისა ჩემისა, ფუცვად სახლისა მიმართ ჩემისა, ცხოველ არს უფალი, ვითარცა ასწავეს ერსა ჩემსა ფუცვად ბაალისა მიმართ, და აღეშენენ საშუალ ერისა ჩემისა.
თუ ისწავლიან ჩემი ერის გზას, რომ დაიფიცონ ჩემი სახელი, ცოცხალ არს უფალი, როგორც მათ ასწავლეს ჩემს ერს ბაალის ფიცი, ისინიც აშენდებიან ჩემს ერთად ერთად.
ხოლო არა თუ მოიქცენ და მოვსპო ნათესავი იგი მოსპობით და წარწყმედით, - თქვა უფალმან.
მაგრამ თუ არაფერს გაიგონებენ, სრულიად ამოვძირკვავ ამ ხალხს და გავანადგურებ, ამბობს უფალი.
