პირველი ნეშტთა · თავი 9

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და ყოველი ისრაჱლი და განყოფანი მათნი, და ესენი არიან დაწერილი წიგნსა მეფეთა ისრაჱლისათა იუდასთა წარტყუენილთა მათ თანა ბაბილონად უსჯულობითა მათითა,

ყველა ისრაელიანი აღნუსხეს და ისრაელის მეფეთა წიგნში ჩაწერეს. იუდაელები კი ბაბილონს გაასახლეს მათი უკეთურების გამო.

2

რომელნი მკჳდრ იყუნეს პირველ სამკჳდრებელთა მათთა და ქალაქთა მათ ისრაჱლისთა მღდელნი და ლევიტელნი, რომელნი-იგი განჩემებულ იყუნეს.

პირველი მკვიდრნი, თავიანთ სამფლობელოებსა და ქალაქებში რომ ცხოვრობდნენ, იყვნენ: ისრაელიანები, მღვდლები, ლევიანები, შეწირულნი და ტაძარში მომსახურენი.

3

და იერუსალჱმს შინა მკჳდრ იყუნეს იუდას ძეთაგანნი და ბენიამენის ძეთაგანნი, და ეფრემის ძეთაგანნი და ძენი მანასესნი:

იერუსალიმში იუდას, ბენიამინის, ეფრემისა და მენაშეს ძეთაგან ცხოვრობდნენ.

4

გოთი, ძე ამიუდისი, ძისა ამისისი, ძისა ამეკისა, ძისა ბანესი, ძეთა მათ ფარესისთანი, ძისა იუდასნი.

ყუთაი, ძე ყამიჰუდისა, ძე ყომრისა, ძე იმრისა, ძე ბანისა, ფერეც იუდას ძის შვილთაგან.

5

და სელონისგან: ასაია, პირმშო მისი, და ძენი მისნი.

შილონისგან იყვნენ: მისი პირმშო ყასაია და მისი ძენი.

6

და ძეთაგან ზარასთა: იეიელ და ძმანი მათნი ექუსასოთხმეოცდაათ.

ზერახიანთაგან: იეყუელი და მისი ძმები - ექვსას ოთხმოცდაათნი;

7

და ძეთაგან ბენიამენისთანი: სალონ, ძე მოსოლამისი, ძისა ოდუიასი, ძისა ასანუასი.

ბენიამინიანთაგან: სალუ, ძე მეშელამისა, ძე ჰოდავიასი, ძე ჰასენუასი.

8

და იემნან, ძე იერემუასი, და ელ, ძე ოზიასი, ძისა მოქორესი, და მასალამ, ძე საფატიასი, ძისა რაგუელისი, ძისა იბანიისი.

იბნა იეროხამის ძე, ელა, ძე ყუზისა, მიქრის ძისა, მეშელამი, ძე შაფატიასი, ძე რეღუელისა, ძე იბნიასი.

9

და ძმანი მათნი ნათესავად-ნათესავადი მათი - ცხრაასერგასისექუსი, და ყოველნი კაცნი მთავარნი ტომთანი სახლად და სახლად მამათა მათთა

მათი ძმები თავ-თავიანთი მოდგმის მიხედვით ცხრაას ორმოცდათექვსმეტნი იყვნენ. ყველა ეს ვაჟკაცი მამისსახლის თავკაცი იყო.

10

და მღდელთაგანი: იუდაე, და იოიარებ, და იაქიმ,

მღვდელთაგან იყვნენ: იედაყია, იეჰოიარიბი, იაქინი,

11

და აზარია, ძე ქელკიასი, ძისა მოსოლამისი, ძისა სადუკისი, ძისა მარიოთისი, ძისა აქიტობისი, წინამძღვარი სახლისა მისი ღმრთისაჲ

ყაზარია, ძე ხილკიასი, ძე მეშულამისა, ძე ცადოკისა, ძე მერაიოთისა, ძე ახიტუბისა - ღვთის სახლის წინამძღვარი;

12

და ადაია, ძე იერაამისი, ძისა პასქორისი, ძისა მალაქიასი, და ამასია, ძე ადიელისი, ძისა მოსოლამისი, ძისა მოთოლამოთისი, ძისა ეზარიასი, ძისა ემერისი,

ყადაია, ძე იეროხამისა, ძე ფაშხურისა, ძე მალქიასი, და მაყასაი ძე ყადიელისა, ძე იახზერასი, ძე მეშელამისა, ძე მეშილემითისა, ძე იმრისა.

13

და ძმანი მათნი სახლისა მამულთანი ათასშჳდას და ოთხმეოცდაათი, ძლიერნი ძალითა საქმესა მსახურებისასა სახლსა შინა ღმრთისასა

მათი ძმები, მამისსახლთა თავკაცები, ათას შვიდას სამოცნი, ღვთის სახლის სამსახურის საქმეში ნაცადი ხალხი.

14

და ლევიტელთაგანნი: სამაია, ძე ასობისა, ძისა ეზრიკამისი, ძისა ასაბისი, ძისა ძეთა მარარისთა,

ლევიანთაგან: შემაყია ძე ხაშუბისა, ძე ყაზრიყამისა, ძე ხაშაბიასი - მერარას ძეთაგან,

15

და ბაკბაკარ, და არეს, და გოელ, და მათთანაიას, ძე მიქასი, ძისა ზექრისი, ძისა ასაფისი,

ბაკებაკარი, ხერეში, გალალი, მათანია ძე მიქასი, ძე ზაქრისა, ძე ასფისა,

16

და ობდია, ძე ოსსასი, ძისა ელკანასი, რომელი მკჳდრ იყო დაბნებსა მას ნეტოფატიასსა,

ყობადია, შემაყია ძე გალალისა, ძე იედუთუნისა, ბერაქია ძე ასასი, ძე ელკანასი - ნეტოფათელთა დაბა-სოფლებში მცხოვრებნი.

17

და ბჭეთმცველნი: სალიომ, და აკობ, და გელმან, და ემან, და ძმანი მათნი, და სალომ იყო მთავარი მათ ზედა.

კარის მცველნი: შალუმი, ყაკუბი, ტალმონი, ახიმანი და ძმანი მისნი. შალუმი თავკაცი იყო

18

და არს ვიდრე აქამომდე ბჭე მეფისა მის აღმოსავლით. ესე არიან ბჭენი ბანაკთა მათ ლევიტელთანი:

და დღემდე ის დგას სამეფო კარიბჭეში, აღმოსავლეთით. ესენი არიან კარისმცველნი ლევიანთა ბანაკიდან.

19

და საჰალომ, ძე ქორებისი, ძისა აბისაფისი, ძისა კორესი, და ძმანი მისნი სახლსა მამისა მისისასა, და ძენი კორესნი ზედა საქმესა მას მსახურებისასა, რომელნი სცვიდეს საცავსა მას კარვისასა, და მამანი მათნი ბანაკსა ზედა უფლისასა სცვიდეს შესავალსა ბჭეთასა.

შალუმი, ძე კორესი, ძისა აბიასაფისა, ძისა კორახისა, და მისი ძმები, მისი მამისსახლიდან - კორახელნი, სამსახურს ეწეოდნენ და კარვის ზღურბლებს იცავდნენ, ხოლო მათი მამები უფლის ბანაკთან მისასვლელს დარაჯობდნენ.

20

და ფინეზ იყო მთავარ მათ ზედა, ძე ელეაზარისი, პირველად და ესენი იყუნეს მის თანა,

ფინხამ ელყაზარის ძე უწინ მათი წინამძღოლი იყო და უფალიც მასთან იყო.

21

ზაქარია, ძე მოსოლამისი, მეკარე ბჭეთა ზედა კარვისა საწამებელისათა,

ზაქარია მეშელემელის ძე სადღესასწაულო კარვის კარის მცველი იყო.

22

და ყოველნი რჩეულნი ბჭეებისანი, ბჭეთა ზედა კაცნი ორას და თორმეტ: ესენი იყუნეს ეზოთა მათ ზედა ნაწილად ხუედრებულთა მათთა: ესენი დაადგინნეს დავით და სამუელ მხილველმან სარწმუნოებისათა მათთა.

ზღურბლების მცველებად ამორჩეულნი მთლიანად ორასთორმეტნი იყვნენ, ისინი საგვარტომო ნუსხაში თავ-თავიანთი დაბა-სოფლების მიხედვით არიან ჩაწერილნი. ისინი დავითმა და სამუელ მისანმა დააყენეს მათი ერთგულების გამო.

23

ესენი და ძენი ამათნი ბჭეთა ზედა სახლისა უფლისათა, და სახლსა მას კარავისა უფლისასა ცვად.

ისინი თავიანთ ძეებთან ერთად დარაჯობდნენ უფლის სახლის კარიბჭეებს, კარვის სახლს.

24

ოთხთა მათ კერძოთა ცისათა იყუნეს ბჭენი იგი მზისა აღმოსავალითა, ზღჳთ, და ჩრდილოთ და სამხრით,

კარისმცველები ოთხივ მხრივ იდგნენ: აღმოსავლეთით, დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით.

25

და ძმანი მათნი ეზოთა მათთა, რათა შევიდოდიან შჳდ-შჳდ დღით ჟამითი ჟამად ამათ თანა,

მათი ძმები თავიანთ დაბა-სოფლებში იყვნენ და დრო და დრო, შვიდდღე გამოშვებით უნდა მისულიყვნენ მათთან.

26

რამეთუ სარწმუნოებით იყუნეს ძლიერნი იგი ბჭეთანი. და ლევიტელნი იგი იყუნეს ტაძრებსა ზედა და საუნჯეთა ზედა სახლისა უფლისა ღმრთისათა.

რადგან კარისმცველთა ის ოთხი მეთაური, რომლებიც ლევიანები იყვნენ, მუდამ ოთახებთან და ღვთის სახლის საგანძურებთან იდგნენ.

27

და გარემო დაიბანაკიან, რამეთუ მათ ზედა რწმუნებულ იყო ცვა იგი. და ესენივე იყუნეს კლიტეებსა ზედა განთიად და განთიად გაღებად კარებსა მას ტაძრისასა.

ისინი ღვთის სახლის გარშემო ათევდნენ ღამეს, რადგან მათ ებარათ დაცვა და ყოველ დილით კარიბჭის გაღება.

28

და მათგანნივე დგეს ჭურჭელსა ზედა სამსახურებელსა, რამეთუ რიცხჳთ მოიღებდიან და რიცხჳთ მიიღებდიან.

ერთ მათგანს სამსახურებელი ჭურჭელი ებარა, ვინაიდან თვლით შეჰქონდათ და თვლით გაჰქონდათ.

29

და მათგანნივე დგეს ჭურჭელსა ზედა სიწმიდისასა, სამინდოსა, და ღჳნოსა, და ზეთსა, და გუნდრუკოვანსა და სულნელთა საცხებელთა.

სხვებს ჩაბარდათ სხვა ჭურჭლეული, ყველა წმიდა ჭურჭელი, გამტკიცული ფქვილი, ღვინო, ზეთი, გუნდრუკი და სურნელებანი.

30

და ძეთაგანნი მღდელთანი იყუნეს ნელსაცხებელის-მგებელნი, ნელსაცხებელის სულნელისა.

სამღვდელონი კი მირონს ამზადებდნენ ნელსაცხებლისგან.

31

და მატტათია ლევიტელთაგანი, ესე იყო პირმშო სელომისი, კორეანი, სარწმუნოებით საქმესა ზედა მსხუერპლთა ტაბაკისასა დიდისა მღდლისათა.

მათითიას, ლევიანთაგან ერთ-ერთს, შალუმ კორახელის პირმშოს ტაფებზე მომზადება მიენდო.

32

და ბანეა კათეანი ძმათაგან მათთა იყო პურთა ზედა შესაწირავთა, რათა მზა-ყოს შაბათი შაბათად.

ზოგიერთ მათ ძმათაგანს, კეჰათიანთაგან, საწირი პური ჩააბარეს, რათა შაბათობით მოემზადებინათ.

33

ესენი იყუნეს მგალობელნი მთავარნი ტომთა ლევიტელთანი დაწესებულნი მსახურებასა დღეთასა, რამეთუ დღე და ღამე იყუნეს მსახურებასა შინა.

ხოლო მგალობელნი, ლევიანთა მამისსახლების თავკაცნი, ტაძრის ოთახებში საქმიანობისგან განთავისუფლებულნი იყვნენ, რადგან ისინი დღედაღამ თავიანთი საქმით იყვნენ დაკავებულნი.

34

ესე მთავარნი ტომთა ლევიტელთა ნათესავთა მათთა. მთავარნი ესე დაემკჳდრნეს იერუსალჱმს და გაბონს.

ესენი არიან ლევიანთა მამისსახლების თავკაცები, თავიანთი მოდგმის თავკაცები. ისინი იერუსალიმში ცხოვრობდნენ.

35

დაემკჳდრა მამა გაბონისი იეიელ, და სახელი ცოლისა მისისა მოოქა.

გაბაონში ცხოვრობდნენ: გაბაონის მამა იეყიელი, მის ცოლს სახელად მაყაქა ერქვა.

36

და ძე მისი პირმშო აბდონ, და ისირ, და კის, და ბაალ, და ნერ, და ნაბად.

მისი ძე - პირმშო ყაბდონი, მერე ცური, კიში, ბაყალი, ნერი, ნედაბი,

37

და გუდურ, და ძმანი ზაქურისნი: აიონ, და ზექრი, და მაკელოთი.

გედორი, ახიო, ზაქარია და მიკლოთი.

38

და მაკელოთ შვა საამა. და ამათ ძმათა შორის მათთა დაიმკჳდრეს იერუსალჱმს ძმათა თანა თჳსთა.

მიკლოთმა შვა შიმამი. ისინი თავიანთი ძმების მეზობლად, თავიანთ ძმებთან ერთად ცხოვრობდნენ იერუსალიმში.

39

და ნერ შვა კის, და კის შვა საულ, და საულ შვა იონათან, პირმშო, და მელქისუე, და ამინადაბ, და ბაალ,

ნერმა შვა კიში, კიშმა შვა საული, საულმა შვა იონათანი, მალქიშუაყი, აბინადაბი და ეშბაყალი.

40

და ძე იონათანისი - მემფიბალ, და მემფიბალ შვა მიქა.

იონათანის ძე იყო მერიბ-ბაყალი. მერიბ-ბაყალმა შვა მიქა.

41

და ძენი მიქასნი: ფიონ, და მალოქ, და თარა.

მიქას ძენი: ფითონი, მელექი და თახრეაყი.

42

და ქააზ შვა იოდა, და იოდა შვა გალემათ, და აზმოთ, და აზმბრი. და აზმბრი შვა მესა.

ახაზმა შვა იაყრა, იაყრამ შვა ყალემეთი, ყაზმავეთი და ზიმრი; ზიმრიმ შვა მოცა,

43

და მესა შვა ბაანა და რაფია, ძე მისი; ელეასა, ძე მისი; ესაელ, ძე მისი.

მოცამ შვა ბინყა, მისი ძე რეფაია, მისი ძე ელყასა, მისი ძე აცელი.

44

ესაელს ესხნეს ექუს ძე და ესე არს სახელები მათი: ეზრიკამ, პირმშო მისი, ისმაელ და სარაია, და აბდია, და ამარია და ანან. ესე ძენი ესაილისნი.

აცელს ექვსი ძე ჰყავდა. აჰა, მათი სახელები: ყაზრიკამი, ბოქრუ, იშმაყელი, შეყარია, ყობადია, ხანანი. ესენი არიან აცალის ძენი.