პირველი ნეშტთა · თავი 16

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და შეიღეს კიდობანი იგი ღმრთისაჲ და დადგეს იგი შორს კარავსა მას, რომელი-იგი აღმართა დავით. და შეწირეს ყოვლად დასაწველები ცხორებისა წინაშე ღმრთისა.

მოაბრძანეს უფლის კიდობანი და დაასვენეს შუაგულ კარავში, რომელიც მისთვის ჰქონდა დავითს გაშლილი. მერე კი აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი შესწირეს ღმერთს.

2

და დაასრულა დავით შეწირვად ყოვლად დასაწველები იგი ცხორებისა და აკურთხა ერი იგი სახელითა უფლისაჲთა.

მოამთავრა დავითმა აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლის შეწირვა და უფლის სახელით დალოცა ერი.

3

და განუყო ყოველსა კაცსა ისრაჱლისასა მამაკაცითგან ვიდრე დედაკაცადმდე კაცსა პური ერთი პურისმოქმედთაგან ლელანგო.

ჩამოურიგა მთელ ერს, ისრაელის მთელ კრებულს, კაცსა და ქალს, თითო პურის კვერი, თითო ხორცის წილობი და თითო ქადა.

4

და დაუწესნა წინაშე კიდობნისა შჯულისა უფლისა ლევიტელთაგანნი მსახურად გალობად, და აღსარებად და ქებად უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა.

დააყენა ლევიანები უფლის კიდობნის წინაშე სამსახურის გასაწევად, რათა მოეხსენებინათ, ედიდებინათ და ექოთ უფალი, ღმერთი ისრაელისა.

5

ასაფ, წინამძღუარი, შემდგომი მისა ზაქარია, და იეიელ, და სემარიმოთ, და აიელ, მატათია, და ელიაბ, და ბანეა, და აბდედომ და იესიელ ქნარითა, ებნითა და სტჳრითა, და ასაფ წინწილითა ჴმითა,

ასაფი მათი მეთაური იყო, ზაქარია - მისი მომდევნო, იეყიელი, შემირამოთი, იეჰიელი, მათითია, ელიაბი, ბენიაჰუ, ყობედ-ედომ და იეყიელი ბობღნებსა და ქნარებზე იყვნენ. ხოლო ასაფი წინწილების დამკვრელი იყო.

6

და ბანეა და ოზიელ, მღდელნი ნესტჳთა დავითის წინაშე კიდობნისა მის სჯულისა ღმრთისა მის.

მღვდლები: ბენიაჰუ და იახაზიელი საყვირებით მუდამ უფლის აღთქმის კიდობნის წინ იდგნენ.

7

დღესა შინა მაშინ პირველად განაწესა დავით ქებად უფლისა ჴელითა ასაფისთა ძმათა მისთა თანა.

იმ დღეს მაშინ შეასხა დავითმა პირველად ხოტბა უფალს, ასაფისა და მისი ძმების ხელით:

8

გალობაჲ ესე: აუარებდით უფალსა და ხადოდეთ მას, სახელითა მისითა აუწყეთ ერთა შორის სლვანი მისნი.

ადიდეთ უფალი, მოუხმეთ მის სახელს, აუწყეთ ხალხებს საქმენი მისნი.

9

აქებდით მას და უგალობდით მას, მიუთხრობდით ყოველთა ერთა შორის საკჳრველებათა მისთა, რომელი ქმნა უფალმან.

უმღერეთ მას, უგალობეთ მას, ილაპარაკეთ ყველა მის სასწაულზე.

10

აქებდით სახელითა მისითა წმიდითა, იხარებდეს გული, რომელი ეძიებს სათნოებასა მისსა.

დაიკვეხნეთ მისი წმიდა სახელით, გამხიარულდეს გული უფლის მაძიებელთა.

11

ეძიებდით უფალსა და განძლიერდით. და ეძიებდით პირსა მისსა მარადის,

ეძიეთ უფალი და ძლიერება მისი, ეძიეთ პირი მისი მარადის.

12

მოიჴსენენით საკჳრველებანი მისნი, რომელ ქმნა, ნიშები და მსჯავრნი პირისა მისისანი,

გაიხსენეთ მისი ნამოქმედარი სასწაულები, საოცრებანი და მისი ბაგის სამართალნი.

13

და ნათესავნი ისრაჱლისანი, მონანი მისნი, ძენი იაკობისნი, რჩეულნი მისნი.

შთამომავალნო აბრაამისა, მისი რჩეულისა, ძენო იაკობისა, რჩეულნო მისნო.

14

ესე არს უფალი ღმერთი ჩუენი და ყოველსა ქუეყანასა ზედა არიან სამართალნი მისნი.

ის არის უფალი, ღმერთი ჩვენი, მთელ ქვეყნიერებაზეა სამართალნი მისნი.

15

მოიჴსენებს საუკუნოდ აღთქმათა მისთა სიტყუაჲ მისი, რომელი ამცნო ათასამდე ნათესავად,

გახსოვდეთ საუკუნოდ აღთქმა მისი, სიტყვა, რომელიც ბრძანა ათასი თაობის მიმართ,

16

რომელი აღუთქუა აბრაჰამს, და ფიცი მისი ისაკს.

რომელიც დაუდო აბრაამს, და მისი ფიცი ისაკთან,

17

და აღუდგინა იგი იაკობს ბრძანებად ისრაჱლისა აღთქმად საუკუნოდ

და რაც დაუდგინა იაკობს წესად და ისრაელს - საუკუნო აღთქმად.

18

და ჰრქუა: თქუენ მიგცე ქუეყანა ქანანისა ნაწილად მკჳდრებისა თქუენისა,

უთხრა: შენ მოგცემ ქანაანის ქვეყანას წილად თქვენი მემკვიდრეობისა.

19

რამეთუ იყუნნეს იგინი რიცხჳთ მცირე, ვიდრე შემცირდეს და მწირ იქმნნეს მას ზედა.

როცა ცოტანი იყავით, მცირერიცხოვანნი და იქ შეხიზნულნი,

20

და წარვიდეს ნათესავითი ნათესავად და სამეუფოთ სხუად ერად.

იარებოდნენ ერთი ხალხიდან მეორესთან, სამეფოდან - სხვა ერთან,

21

არა უტევა კაცსა მძლავრობად მათა. და ამხილა მათთჳს მეფეთა.

არავის ანებებდა მათს დაჩაგვრას და აფრთხილებდა მათ გამო მეფეებს:

22

და ამცნო: ნუ შეეხებით ცხებულთა ჩემთა და წინაწარმეტყუელთა ჩემთა ნუ ბოროტსა უყოფთ.

არ შეეხოთ ჩემს ცხებულებს და ჩემს წინასწარმეგყველებს არ უბოროტოთ.

23

უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანა; მიუთხრობდით დღითი დღე მაცხოვარებასა მისსა.

უგალობე უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! ახარებდეთ დღითიდღე მისმიერ ხსნას.

24

მიუთხრენით წარმართთა დიდებაჲ მისი და ყოველსა ერსა საკჳრველებაჲ მისი.

მოუთხრეთ ხალხებს მისი ღირსება, ყოველ ერს მისი სასწაულები.

25

რამეთუ დიდ არს უფალი ქებულ ფრიად. და საშინელ არს ყოველთა ზედა ღმერთთა.

რადგან დიდია უფალი და ღირსსაქებარი მეტად, ყველა ღმერთზე საშიშია ის.

26

რამეთუ ყოველნი ღმერთნი წარმართთანი კერპნი არიან. და ღმერთმან ჩუენმან ცანი შექმნნა.

რადგან ხალხთა ყველა ღმერთი - კერპებია, ხოლო უფალმა ცანი შეჰქმნა.

27

დიდებაჲ და ქებაჲ წინაშე პირსა მისსა, ძალი და სიქადული ადგილსა მისსა

მშვენიერება და ბრწყინვალება მის წინაშე, სიძლიერე და მომხიბლაობა - მის ტაძარში.

28

მიეცით უფალსა ტომთა წარმართთა, მიეცით უფალსა დიდებაჲ და ძალი,

შესწირეთ უფალს, ტომებო ხალხთა, შესწირეთ უფალს ქება და დიდება.

29

მიეცით უფალსა დიდებაჲ სახელსა მისსა. მოიღეთ ძღუენი და შეიღეთ წინაშე პირსა მისსა და თაყუანის-ეცით უფალსა ეზოსა წმიდასა მისსა.

შესწირეთ უფალს ქება მისი სახელისა, წაუღეთ ძღვენი და მიდით მის ეზოებში.

30

ეშინოდენ პირისა მისისაგან ყოველსა ქუეყანასა, განემართენ ქუეყანა და ნუ შეიძრვინ.

ძრწოდე მის წინაშე, მთელო ქვეყნიერებავ! ხომ მტკიცეა სამყარო, არ შეირყევა.

31

იხარებდინ ცაჲ და მხიარულ იყავნ ქუეყანა. და თქუედ წარმართთა შორის, რამეთუ უფალი მეუფებს.

გამხიარულდებიან ცანი და მოილხენს ქვეყანა. უთხარით ხალხებს: უფალი მეფობს!

32

ოხრიდეს ზღუაჲ სავსებითურთ და ხე ველისა და ყოველი, რომელი არს მას შინა.

იხმაურებს ზღვა და სავსება მისი. გაიხარებს ველი და ყოველი, რაც მასზეა.

33

მაშინ იხარებდეს ხე მაღნარისა პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვიდა განკითხვად ქუეყანისა.

მაშინ იზეიმებენ ყოველნი ხენი ტევრისანი, რადგან მოვა ქვეყნიერების განსასჯელად.

34

აღუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ საუკუნესა არს წყალობაჲ მისი

აქეთ უფალი, რადგან კეთილია იგი, რადგან უკუნისამდეა მისი წყალობა.

35

და თქუთ: გუაცხოვნენ ჩუენ, ღმერთო ცხორებისა ჩუენისაო, და განმარინენ ჩუენ წარმართთაგან ქებად სახელსა წმიდასა შენსა და სიქადულად ქებათა შენთა.

და თქვით: გვიხსენი, ჩვენი ხსნის ღმერთო, შეგვკრიბე და დაგვიცავ ხალხებისგან, რათა ვადიდოთ შენი წმიდა სახელი, დავიქადნოთ შენი ქება-დიდებით.

36

კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა საუკუნეთა მიმართ ვიდრე საუკუნოდმდე. და თქუას ყოველმან ერმან ამინ და აქებდეს უფალსა.

კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა უკუნითი უკუნისამდე. და მიუგო ერმა: ამენ! ქება უფალს!

37

დაუტევეს მუნ წინაშე კიდობნისა უფლისასა ასაფ და ძმანი მისნი მსახურებად წინაშე კიდობნისა მის ყოველსა ჟამსა დღითი დღე.

დავითმა უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე დატოვა ასაფი და მისი ძმები, რათა კიდობნის წინაშე სამსახური გაეწიათ მუდამ, ყოველდღიურად,

38

და აბდედომ და ძმანი მისნი სამეოცდარვანი, და აბდედომ, ძე იდითუმისი, და ოსე მეკარედ.

და ყობედ-ედომი და მისი ძმები - სამოცდარვა. ყობედ-ედომ იედუთუნის ძე და ხოსა კი კარისმცველებად,

39

და სადუკ მღდელი და ძმანი მისნი მღდელნი წინაშე კარვისა უფლისა ბამას, რომელ არს გაბაონს.

მღვდელი ცადოკი და მისი მღვდელმსახური ძმები უფლის სავანის წინ, გაბაონში რომ ბორცვია, იქ დააყენა,

40

შეწირვად მრგულიად დასაწველთა უფლისათა საკურთხეველსა ზედა ყოვლად დასაწველთასა მარადის განთიად და მწუხრი ყოვლისა მისებრ წერილისა სჯულსა უფლისასა, რაოდენი ამცნო უფალმან ძეთა ისრაჱლისათა ჴელითა მოსესითა, მსახურისა უფლისათა.

რომ მუდამ, დილა-საღამოობით, აღსავლენი აღევლინათ უფლისათვის აღსავლენის სამსხვერპლოზე და რომ ყოველივე შეესრულებინათ, რაც უფლის რჯულში სწერია და რაც მან დაუწესა ისრაელს.

41

და მის თანა ემან და იდითუმ და სხუანი, რომელნი გამორჩეულ იყუნეს სახელით ქებად უფლისა, რამეთუ საუკუნესა არს წყალობაჲ მისი.

მათთან იყვნენ: ჰემანი, იედუთუნი და სხვა რჩეულნი, რომელნიც სახელებით იყვნენ დადგენილნი, რათა ექოთ უფლის სახელი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

42

და მათ თანა საყჳრები და წინწილები ჴმობდა გალობასა და სტჳრები გალობათა ღმრთისათა და ძენი იდითუმისნი ბჭეთა ზედა.

მათთან ერთად ჰემანი და იედუთუნი საყვირებით, წინწილებითა და საკრავებით ღვთის მგალობლებად იყვნენ დადგენილნი, იედუთუნის ძენი კი კარიბჭესთან.

43

და წარვიდა კაცად-კაცადი ყოველი ერი სახლად თჳსა. და მოიქცა დავით კურთხევად სახლისა თჳსსა.

ყველანი თავიანთ სახლებში წავიდ-წამოვიდნენ. დავითიც თავისი სახლის დასალოცად გაბრუნდა.