პირველი ნეშტთა · თავი 17

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და იყო, ვითარცა დაემკჳდრა დავით სახლსა შინა თჳსსა. და ჰრქუა დავით ნათანს, წინაწარმეტყუელსა: აჰა, ესერა, მე დამკჳდრებულ ვარ სახლსა შინა ნაძჳსასა და კიდობანი შჯულისა ღმრთისაჲ ქუეშე კარავთა.

როგორც კი დავითი თავის სახლში დამკვიდრდა, უთხრა დავითმა ნათან წინასწარმეტყველს: შეხედე, მე კედარის სახლში ვცხოვრობ, უფლის აღთქმის კიდობანი კი ჩარდახქვეშ არის.

2

და რქუა ნათან დავითს: ყოველი, რაჲცა არს გულსა შენსა, იქმოდი, რამეთუ ღმერთი შენ თანა არს.

უთხრა ნათანმა დავითს: გააკეთე, რაც გულში გაქვს, რადგან შენთანაა უფალი.

3

და იყო მას ღამესა სიტყუაჲ უფლისა ნათანისა

იმ ღამეს იყო, რომ ჩაესმა ნათანს უფლის სიტყვა:

4

და თქუა: მივედ და არქუ დავით მონასა ჩემსა: ესრე იტყჳს უფალი: არა შენ მიშენო სახლი სამკჳდრებელად ჩემდა მას შინა,

წადი და უთხარი ჩემს მორჩილს დავითს, ასე ამბობს-თქო უფალი: განა შენ უნდა ამიშენო სახლი ჩემს სამყოფელად?

5

რამეთუ არა დავიმკჳდრე სახლსა შინა, ვინათ დღითგან გამოვიყვანე ისრაჱლი ეგჳპტით ვიდრე აქა დღედმდე, და ვიყოფოდე კარავსა და სადგურთა

მე ხომ არ დავმკვიდრებულვარ სახლში იმ დროიდან, რაც მე ისრაელი გამოვიყვანე და მე დღემდე კარვიდან კარავში და სავანიდან სავანეში ვიმყოფები.

6

ყოველთასა შინა, რომელთა ვიქცეოდე. ყოველსა შინა, სადა იქცეოდენ ძენი ისრაჱლისა, უკუეთუ სიტყუათაღა ვეტყოდე ერთსა ოდენ ტომსა ისრაჱლისასა და მსაჯულთა მისთა, რომელთა ვამცენ მწყსა ერისა ჩემისა და ვარქუ, ვითარმედ: რად არა მიშენეთ მე სახლი ნაძჳსა?

ნუთუ მთელ ისრაელთან მოარულს ოდესმე სიტყვა მითქვამს ისრაელის რომელიმე მსაჯულისთვის, ვისთვისაც ჩემი ერის მწყემსობა მიბრძანებია, კედარის სახლს რატომ არ მიშენებთ-მეთქი?

7

და აწ ესრეთ არქუ მონასა ჩემსა დავითს: ამას იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი: გამოგიყვანე შენ ბაკისაგან უკუანაჲსაგან სამწყსოთა, რათა იყო შენ წინამძღუარი ერისა ჩემისა ისრაჱლისა.

ახლა ასე უთხარი ჩემს მორჩილს დავითს, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: ფარეხიდან, ცხვრის ფარიდან, წამოგიყვანე, რომ ჩემი ერის, ისრაელის წინამძღოლი ყოფილიყავი.

8

და ვიყავ მე შენ თანა ყოველსა შინა, ვიდრეცა ხჳდოდე, და მოვსრენ ყოველი მტერნი შენნი პირისაგან შენისა. და გყავ შენ სახელოვან სახელისაებრ დიდისასა, რომელნი იყუნეს ქუეყანასა ზედა.

ყველგან შენთან ვიმყოფებოდი, სადაც არ უნდა წასულიყავი. ვანადგურებდი შენს მტრებს შენს წინაშე, განვადიდე შენი სახელი მსგავსად დიდებულთა სახელისა ამ ქვეყანაზე.

9

და მივსცე ადგილი ერსა ჩემსა ისრაჱლსა და დავნერგო იგი დასაბამსა, დაიმკჳდროს თჳსაგან და არღარა ზრუნვიდეს მერმე, და არღარა შესძინოს სიცრუემან დამდაბლებად მისა, ვითარცა-იგი დასაბამსა.

ადგილი დავუდგინე ჩემს ერს, ისრაელს და დაეაფუძნე იგი. ახლა თავისთვის იცხოვრებს უშიშრად დ ბოროტმოქმედნი აღარ შეაჭირვებენ წინანდებურად.

10

და ვინათ დღითგან განვაწესენ მსაჯულნი ერსა ჩემსა ზედა ისრაჱლსა, და დავამდაბლენ ყოველნი მტერნი შენნი და აღგაორძინე შენ და აღგაშენე შენ მე უფალმან.

იმ დროიდან, რაც მე მსაჯულები დავუყენე ჩემს ხალხს, ისრაელს, მოსვენებული მყავხარ ყველა მტრებისგან. გამოგიცხადე, რომ სახლს აგიშენებს უფალი.

11

და იყოს, რაჟამს აღივსნეს დღენი შენნი და დაიძინო მამათა შენთა თანა, და აღვადგინო თესლი შენი შემდგომად შენსა, რომელი იყოს მუცლისა შენისა, და განუმზადო მეფობაჲ მისი.

როცა დრო მოვა და შენს მამა-პაპასთან განისვენებ, მე აღვადგენ შენს შემდგომად შენს თესლს, რომელიც იქნება შენი ძეთაგანი, და მის მეფობას განვამტკიცებ.

12

მან მიშენოს მე სახლი და აღუმართო საყდარი მისი ვიდრე საუკუნოდ

ის ამიშენებს სახლს და მე გავამტკიცებ მის ტახტს სამარადისოდ.

13

და მე ვიყო მისად მამად და იგი იყოს ჩემდა ძედ. და მე შევიწყნარო იგი და წყალობაჲ ჩემი არა განვაყენო მისგან, ვითარცა-იგი განვაყენე მათგან, რომელნი-იგი იყუნეს უწინარეს შენსა.

მე მამა ვიქნები მისთვის, ის კი შვილი იქნება ჩემთვის, წყალობას არ წავართმევ, როგორც შენს წინამორბედს წავართვი.

14

და სარწმუნო-ვყო იგი სახლსა ჩემსა და მეფობასა მისსა ზედა ვიდრე საუკუნოდ. და საყდარი მისი იყოს აღმართულ ვიდრე საუკუნოდ.

დავაყენებ მას ჩემს სახლში და ჩემს სამეფოში სამარადისოდ, მყარი იქნება მისი ტახტი სამარადისოდ.

15

მსგავსად ყოველთა მათ სიტყუათა და ხილვისა ამისებრ ყოვლისა. ესრეთ ეტყოდა ნათან დავითს.

თანახმად ამ სიტყვებისა და ამ ხილვისა ელაპარაკა ნათანი დავითს.

16

მოვიდა დავით მეფე და დაჯდა წინაშე უფლისა და თქუა: ვინ ვარ მე, უფალო, ღმერთო? და რა არს სახლი ჩემი, რამეთუ შემიყვარე მე ვიდრე საუკუნედ,

მივიდა დავით მეფე და დადგა უფლის წინაშე და თქვა: ვინა ვარ მე, უფალო ღმერთო, ვინ არის ჩემი სახლი, რომ აქამდე აღმაზევე!

17

დამცირებული ესე შენ წინაშე, ღმერთო, რამეთუ იტყოდე სახლისათჳს მონისა შენისა პირველითგან და მომხედე მე, ვითარცა ხილვა კაცისა და აღმამაღლე მე, უფალო ღმერთო!

ესეც მცირე ყოფილა შენს თვალში, ღმერთო, რომ სამომავლოდაც აღუთქვი დაპირება შენი მორჩილის სახლს. შენ მომხედე როგორც განდიდებულ ადამიანს, უფალო ღმერთო ჩემო.

18

რაღა შესძინოს მერმე დავით დიდებად შენდა? და შენ მონა შენი იცი!

კიდევ რა უნდა გითხრას დავითმა შენი მორჩილის განსადიდებელი? შენ თავად იცნობ შენს მორჩილს, უფალო ღმერთო.

19

და გულისაებრ შენისა ჰყავ ყოველივე დიდებულებაჲ, უფალო!

უფალო, შენი მორჩილისათვის და შენი გულის თანახმად აკეთებ ამ დიდებულ საქმეს, რათა გამოამჟღავნო მთელი შენი სიდიადე.

20

არავინ არს მსგავს შენდა. და არავინ არს შენსა გარეშე ყოვლისა მისებრ, რომელი ისმინეს ყურთა ჩუენთა.

უფალო, არავინაა შენი მსგავსი, არ არის ღმერთი შენს გარდა, თანახმად ყველაფრისა, რაც ჩვენი ყურით მოვისმინეთ.

21

და არავინ არს, ვითარ ერი შენი ისრაჱლი, სხუაჲ ნათესავი ქუეყანასა ზედა, ვითარ-იგი უძღოდე მას ღმერთი ჴსნად თავისა თჳსისა ერად და დადებად თავისა თჳსისა სახელი დიდი და გამოჩინებული განსხმად პირისაგან ერისა შენისა, რომელ იჴსნენ და გამოიყვანნე ეგჳპტით ნათესავნი

თუ არის ამ ქვეყნად თუნდაც ერთი ხალხი შენი ერის, ისრაელის მსგავსი, რომელსაც მოვლენოდეს ღმერთი, რომ თავისთვის გამოესყიდოს იგი, რომ ექციოს თავის ერად, რომ სახელოვანი გაეხადოს და ჩაედინოს დიადი და საკვირველი ამბები, ხალხების განდევნით შენი ერის წინაშე, რომელიც გამოისყიდე ეგვიპტიდან და ხალხებისაგან.

22

და მოეც ერსა შენსა ისრაჱლსა ყოფად თავისა შენისა ერად საუკუნედ. და შენ ხარ უფალი მათი ღმერთად.

შენ შეჰქმენ შენი ერი, ისრაელი, რომ შენი ერი ყოფილიყო სამარადისოდ და შენ, უფალო, მათი ღმერთი ყოფილიყავი.

23

და აწ, უფალო, სიტყუასა, რომელსა იტყოდე მონისა შენისათჳს და ნათესავისა სახლისა მისისა, სარწმუნო იყავნ ვიდრე საუკუნედმდე,

ახლა კი, უფალო, ეს სიტყვა, რომელიც თქვი შენს მორჩილზე და მის სახლზე, განმტკიცდეს სამარადისოდ, და ქმენი ისე, როგორც ნაბრძანები გაქვს.

24

რომელ იტყოდი, უფალო, უფალო, ყოვლისა მპყრობელო ღმერთო ისრაჱლისო, და სახლი დავითისი, მონისა შენისა, იყავნ აღმართებულ წინაშე შენსა.

იძლიეროს და იდიდოს შენმა სახელმა სამარადისოდ, თქვან: უფალი ღმერთი ისრაელისა ღმერთობს ისრაელზე! მტკიცე იყოს შენს წინაშე შენი მორჩილის დავითის სახლი,

25

რამეთუ შენ, უფალო, განახუენ სასმენელნი მონისა შენისანი შენდა წინაშე პირსა შენსა შენებად სახლისა. ამისთჳს პოვა მონამან შენმან ლოცვად პირსა შენსა.

რადგან შენ გამოუცხადე ღმერთო, შენს მორჩილს, სახლს აგიშენებო. ამიტომ გაუწია გულმა შენს მორჩილს ასეთი ლოცვით ელოცა შენს მიმართ.

26

და აწ, უფალო, შენ ხარ თავადი უფალი ღმერთი და იტყოდე მონისა შენისათჳს კეთილსა ამას.

ახლა, უფალო ჩემო, ღმერთი ხარ შენ და შენი მორჩილისათვის ეს სიკეთე გაქვს გამოცხადებული.

27

და აწ გიწყიეს კურთხევად სახლისა მონისა შენისა, რათა იყოს შენ წინაშე უკუნისამდე, რამეთუ შენ, უფალო, აკურთხე და აკურთხე ვიდრე საუკუნედმდე.

ახლა შენ დალოცე შენი მორჩილის სახლი, რათა სამარადისოდ იყოს შენს წინაშე, რადგან შენ აკურთხე, უფალო, და კურთხეული იქნება სამარადისოდ.