პირველი მეფეთა · თავი 4

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და იყო მათ დღეთა შინა და შეკრბეს უცხოთესლნი იგი წყობად ისრაჱლისა. და ისრაიტელნი განემზადნეს ბრძოლად და ისრაიტელნი იგი მოვიდეს და დაიბანაკეს აბეზენერს. და უცხოთესლთა მათ დაიბანაკეს აფეკს.

მოედო სამუელის ამბავი მთელს ისრაელს. გავიდა ისრაელი ფილისტიმელებთან საბრძოლველად და დაიბანაკა ებენ-ყეზერთან; ფილისტიმელები კი აფეკში დაბანაკდნენ.

2

და შეიქმნა ბრძოლა დიდი მათ შორის და ძლევასა მიეცა ისრაჱლი. და დაეცეს ბრძოლასა მას შინა უცხოთესლთა მათ მიერ ვითარ ოთხ ათას ოდენ მამაკაცი.

დაეწყვნენ ფილისტიმელები ისრაელის პირისპირ; შენივთდა ბრძოლა და დამარცხდა ისრაელი ფილისტიმელებთან; ოთხიათასამდე კაცი დააწვინეს ბრძოლის ველზე.

3

და სხვა ერი იგი ისრაჱლისა მეოტ იქმნა და შემოვიდა ბანაკსა თჳსსა. და ზრახვიდეს ურთიერთას მოხუცებულნი ისრაჱლისანი: რაჲსათჳსმე განგუწირნა უფალმან დღეს უცხოთესლთა თანა? აწ მოდით და გამოვიღოთ კიდობანი იგი სჯულისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა სელომით და წინაწარვიძღვანოთ იგი და ვსძლიოთ მტერთა ჩუენთა!

ბანაკში რომ მოვიდა ხალხი, ისრაელის უხუცესებმა თქვეს: რისთვის დაგვამარცხა დღეს უფალმა ფილისტიმელებთან? წამოვიღოთ სილოამიდან უფლის აღთქმის კიდობანი, იაროს ჩვენს შორის და გვიხსნას მტრების ხელიდან.

4

და მაშინ წარმოიღეს კიდობანი იგი სჯულისა უფლისა, და რამეთუ დგეს კიდობანსა მას ზედა ქერობინნი; და ორნი იგი ძენი ელისნი ოფან და ფინეზ მოვიდეს კიდობანსა მას თანა სჯულისასა.

შეთვალა ხალხმა სილოამში და მოიტანეს ქერუბიმებზე მჯდარი ცაბაოთ უფლის აღთქმის კიდობანი; ელის ორი ვაჟი - ხოფნი და ფინხასი ახლდა ღვთის აღთქმის კიდობანს.

5

და ვითარცა შეიღეს კიდობანი იგი სჯულისა უფლისა ბანაკად, იზახეს ისრაიტელთა მათ ჴმითა დიდითა, და ოხრიდა ქუეყანა იგი.

როცა უფლის აღთქმის კიდობანი ბანაკში მოვიდა, მაღალი ხმით იგრიალა მთელმა ისრაელმა და შეიძრა მიწა.

6

ესმა რაჲ ესე უცხოთესლთა, შეძრწუნდეს და იტყოდეს ურთიერთას: რაჲმე არს ჴმაჲ ესე ღაღადებისა ბანაკსა მას ებრაელთასა? და სცნეს ყოველთა, ვითარმედ კიდობანი იგი სჯულისა მოსრულ არს ბანაკსა მათსა.

მოესმათ ფილისტიმელებს გრიალი და თქვეს: ეს რა გრიალი დგას ებრაელთა ბანაკში? შეიტყვეს, რომ უფლის კიდობანი მოსულიყო ბანაკში.

7

და შეეშინა ფრიად და იტყოდეს ურთიერთას: ვაჲ ჩუენდა, ვაჲ ჩუენდა, რამეთუ ღმერთი იგი მათი მოსრულ არს შემწედ მათად! და იტყოდეს: უფალო, განმარინენ ჩუენ ჴელთაგან მათთა! რამეთუ არა იყო შორის მათსა გუშინ და ძოღან ჴმაჲ ესე საშინელი.

შეეშინდათ ფილისტიმელებს, როცა ითქვა: ღმერთი მოვიდაო ბანაკში. თქვეს: ვაი ჩვენ, რადგან ასეთი რამე არც გუშინ, არც გუშინწინ არ მომხდარა.

8

ვაჲ ჩუენდა, ვინ განმარინნეს ჩუენ ჴელთაგან ღმრთისა ძლიერებისათა? ესე იგი ღმერთი არს, რომელმან დასცა ქუეყანა იგი ეგჳპტისა, და გუემა უდაბნოსა შინა იგი!

ვაი ჩვენ, ვინ გვიხსნის ამ ძლიერი ღმერთებისგან! ეს ისინი არიან, ის ღმერთებია, ეგვიპტელები რომ გვემეს უდაბნოში ყოველგვარი საგვემელით.

9

მერმე იწყეს ნუგეშინის-ცემად ურთიერთას და თქუეს: განძლიერდით უცხოთესლნი ეგე. არა დავემორჩილნეთ ებრაელთა, ვითარცა იგინი ჩუენ გუმონებდეს, მჴნე იყვენით და ჰბრძოდით! და ნუგეშინის-იცეს უცხოთესლთა მათ.

გამაგრდით და ვაჟკაცურად იყავით, ფილისტიმელებო, რომ არ დავემონოთ ებრაელებს, როგორც თქვენ გემონებიან. ვაჟკაცურად დადექით და შეებრძოლეთ.

10

და ბრძოლა-ყვეს, სძლიეს და ძლევასა მიეცა ისრაჱლი უცხოთესლთა მათ, და ივლტოდა ისრაჱლი ბანაკად თჳსა. და იყო დაცემა დიდი, დაეცა ისრაჱლისაგან ოცდაათი ათასი კაცი განწყობილი.

შეებრძოლენ ფილისტიმელები და დამარცხდა ისრაელი; გაიქცნენ თავ-თავიანთ კარვებში; მეტისმეტად დიდი იყო მარცხი: სამი ათასი ქვეითი დაეცა ისრაელიდან.

11

და წარიღეს კიდობანი იგი სჯულისა, და ორნი იგი ძენი ელისნი დაეცნეს მახჳლითა - ოფნი და ფინეზ.

წაიღეს ღვთის კიდობანი, დაიხოცა ელის ორივე ვაჟი - ხოფნი და ფინხასი.

12

და ივლტოდა კაცი ერთი იემინელი ბენიამენისა წყობისა მისგან ბრძოლისა. და მოვიდა სელომად მას დღესა კვართდაპებული და მიწაგარდასხმული თავსა ზედა.

გამოიქცა ერთი ბენიამინელი კაცი ლაშქრიდან და იმავე დღეს მივიდა სილოამს. სამოსელი შემოჰგლეჯოდა და მიწის მტვერი ეყარა თავზე.

13

და ელი ჯდა სავარძელსა ზედა მისსა და იხედვიდა გზად მიმართ, რამეთუ იურვოდა კიდობნისათჳს უფლისა. და მოვიდა კაცი იგი ქალაქად და შეიქმნა ღაღადებაჲ.

მოვიდა და, აჰა, ზის ელი თავის საკარცხულზე გზის პირას და ელოდება, რადგან გული უკრთოდა ღვთის კიდობნის გამო. მოვიდა კაცი ამბის შესატყობინებლად ქალაქში და აკივლდა მთელი ქალაქი.

14

და ესმა ელის ჴმაჲ იგი და იკითხჳდა: რაჲ არს ღაღადებაჲ იგი? ამას ოდენ სიტყუასა ზედა მოვიდა კაცი იგი ელისსა და უთხრა ყოველივე, რაჲ-იგი იქმნა.

მოესმა კივილის ხმა ელის და თქვა: ეს რა ხმაურია. საჩქაროდ მივიდა ის კაცი და ყველაფერი უამბო ელის.

15

და ელი მოხუცებული იყო, რამეთუ იყო იგი ოთხმეოცდათურამეტ წლისა, და თუალნი მისნი დადგომილ იყუნეს, და ვერა ხედვიდა.

ოთხმოცდათვრამეტი წლისა იყო ელი, თვალისჩინი წართმეული ჰქონდა, ვერ ხედავდა.

16

ჰკითხჳდა ელი კაცთა მათ და ჰრქუა: რა არს ჴმაჲ ესე ამბოხისა ამისი? რქუა მას კაცმან მან: მე ვარ, რომელი მოსულ ვარ ბანაკით ისრაიტელთათა ოტებული.

უთხრა კაცმა ელის: ლაშქრიდან მოვდივარ, დღეს გამოვიქეცი ლაშქრიდან. ჰკითხა ელიმ: რა ამბავი იყო, შვილო?

17

მიუგო ელიმ და ჰრქუა მას: რა იქმნა, შვილო? მან უთხრა მას: ძლევასა მიეცა ისრაჱლი უცხოთესლთა მათ, და მეოტ იქმნა ყოველი კაცი მებრძოლი და დაეცა სიკუდილითა მახჳლისათა, და ორნივე ძენი შენნი მოკლეს; და კიდობანი იგი სჯულისა სიწმიდისა წარიღეს.

მიუგო მაცნემ და უთხრა: უკუექცა ისრაელი ფილისტიმელებს. სასტიკად დამარცხდა ხალხი, შენი ორი ვაჟიც - ხოფნი და ფინხასი დაიხოცნენ და ღვთის კიდობანიც წაღებულია.

18

და ელის რაჲ ესმა კიდობნისა მის ღმრთისა წაღებაჲ, ზეუკუნიჭრა სავარძელისაგან თჳსისა და დაეცა ზღურბლთა მათ ზედა მართლუკუნ და განიტეხა ზურგი და მოკუდა, რამეთუ მოხუცებულ იყო. და იგი სჯიდა ისრაჱლსა ოც წელ.

როგორც ახსენა მან ღვთის კიდობანი, უკან გადაიქცა ელი საკარცხულიდან კარისკენ, ხერხემალი გადაუტყდა და მოკვდა, რადგან მოხუცებული იყო და მძიმე. ორმოც წელიწადს მსაჯულობდა იგი ისრაელში.

19

და ძისცოლი მისი, ცოლი ფინეზისი, მიდგომილ იყო შობად. და ესმა ჰამბავი ესე, ვითარმედ კიდობანი იგი მიუღებიესთ და მამამთილი მისი და ქმარი მისი მომკუდარ იყუნენ, ტიროდა და შვა. და მოიქცეს საშონი და მოკუდებოდა.

მისი რძალი, ფინხასის ცოლი, მოსალოგინებელი იყო, როცა გაიგო, ღვთის კიდობნის წაღების და თავისი მამამთილისა და ქმრის დახოცვის ამბავი, მუხლებზე დავარდა და შვა, რადგან უწია შობის ჟამმა.

20

და ჟამსა მას სიკუდილისასა ჰრქუეს მას დედათა მათ, რომელნი მახლობელ იყუნეს: ნუ გეშინის, ძე შევ. ხოლო მან არა მიუგო, არცა ცნა, რამეთუ დასულებულ იყო.

როცა კვდებოდა, ეუბნებოდნენ თავზე მდგომნი: ნუ გეშინია, რადგან ვაჟი გეყოლაო, მაგრამ ქალი არ პასუხობდა, უგრძნობი იყო მისი გული.

21

და უჴმობდეს ყრმასა მას სახელით ბექაბოდ: კიდობანსა მას ზედა სჯულისასა მამამთილსა და ქმარსა მისსა ზედა, რამეთუ მომკუდარ იყო.

დაარქვა ვაჟს სახელად იქაბოდი (უპატიობა), თქვა: განეშორა დიდება ისრაელს, ღვთის კიდობნის წაღების გამო, მისი მამამთილისა და ქმრის გამო.

22

სიტყუად იწყეს და თქუეს: მიღებულ არს ჩუენდა დიდებაჲ ისრაჱლისა მიღებითა კიდობნისა ღმრთისათა.

თქვა: განეშორა დიდება ისრაელს, რადგან წაღებულია ღვთის კიდობანი.