პირველი მეფეთა · თავი 11
და იყო თვესა ერთსა მას დღეთასა და მოვიდა ნაას ამმანიტელი და მოიცვა ერითა თჳსითა იაბისი გალადას. და ჰრქუეს კაცთა მათ იაბისელთა ნაას ამმანიტელსა: აღთქმა აღგჳთქუ და პაიმანი დადევ ჩუენ შორის და გმონებდეთ შენ.
წამოვიდა ნახაშ ყამონელი და შემოადგა გალაადის იაბეშს. უთხრეს იაბეშელებმა ნახაშს: შეკარი კავშირი ჩვენთან და დაგემორჩილებით.
მიუგო ნაას ამმანიტელმან და ჰრქუა: რა აღთქმა აღგითქუა თქუენ, გარნა თუ ესე აღმოღება თუალისა მარჯუენისა? და იგი იყოს აღთქუმად თქუენ ზედა და იყოს იგი საყუედრელად ისრაჱლსა შორის უკუნისამდე.
უთხრა ნახაშ ყამონელმა: ჯერ ყველას მარჯვენა თვალებს დაგთხრით, რომ სირცხვილი ვაჭამო მთელს ისრაელს, და მერე შევკრავ თქვენთან კავშირს.
და ჰრქუეს მას კაცთა მათ იაბისელთა: დრო-გვეც ჩუენ შჳდ დღე ოდენ და მივავლინნეთ მოციქულნი ყოველთა საზღვართა ისრაჱლისათა. და თუ არა ვინ იყოს შემწე ჩემდა, გამოვიდეთ თქუენდა.
უთხრეს იაბეშის უხუცესებმა: შვიდი დღე გვაცალე, რომ მოციქულები დავგზავნოთ მთელს ისრაელში, და თუ არავინ შეგვეწია, გამოვალთ თქვენს წინააღმდეგ.
და მოვიდეს მოციქულნი იაბისანი ბორცუსა მას, სადა-იგი იყო საულ, და უთხრეს სიტყუაჲ ესე ყოველსა ერსა. და აღიმაღლეს ჴმაჲ თჳსი და ტიროდა და იურვოდა ყოველი იგი ერი.
მივიდნენ მოციქულები საულის გიბყაში და გამოუცხადეს ეს ამბავი ხალხს. ახმაურდა ხალხი და მორთო ტირილი.
და ხვალისაგან, ცისკარს ოდენ, მოიწია საულ, და მოესხნეს ჴარნი აგარაკით და თქუა: რა არს, ანუ რაჲსა სტირ? მაშინ უთხრეს მას ყოველი იგი სიტყუაჲ იაბისელთა.
აჰა, საულიც მოდის, ხარებს მოჰყვება ყანიდან. იკითხა საულმა: რა ატირებს ხალხს? ამცნეს იაბეშელთა ნათქვამი.
და მოვიდა სული ღმრთისა საულსა ზედა და განრისხნა ფრიად სიტყჳთა მათთჳს.
ამ სიტყვების გაგონებისას ღვთის სული გადმოვიდა საულზე და ძლიერ განრისხდა იგი.
და მოიბნა ორნი იგი ჴარნი და დაკლა და განყუნა იგინი ასოეულად და მიმოუძღუანა იგი ყოველსა ნათესავსა ისრაჱლისასა ჴელითა მოციქულთათა და თქუა: ღვაწლი ბრძოლისა მოწევნულ არს ჩუენ ზედა. აწ ყოველი კაცი, რომელი არა გამოვიდეს საულსა და სამოველს თანა ბრძოლად, შემდგომად საქმისა მის ამის მსგავსად დაჭრად არს ზროხა და ცხოვარი მისი! და დაეცა შიში დიდი ყოველსა ზედა ერსა ისრაჱლისასა უფლისა მიერ. და იზრახა ყოველმან ერმან, ვითარცა ერთითა პირითა.
ადგა და აკუწა ორივე ხარი და მოციქულების ხელით დაგზავნა მთელს ისრაელში, შეუთვალა: ვინც საულს და სამუელს არ გაჰყვება, ასე მოუვა მის ხარებს. უფლის შიში დაეცა ხალხს და გამოვიდნენ როგორც ერთი კაცი.
და ახილვა-ყო მათდა ბეზეკსა შინა. ანდეზობით იყუნეს ვითარ ექუს ათას კაცი სახლისა მისგან ისრაჱლისანი, ხოლო სახლისა მის იუდასნი იყუნეს ვითარ სამეოცდაათი ათასი კაცი.
აღრიცხა ისინი ბეზეკში: ისრაელიანი სამასი ათასი იყო, იუდას ხალხი - ოცდაათი ათასი.
და ჰრქუა საულ მოციქულთა მათ, რომელნი-იგი მოსრულ იყუნეს: ესრეთ უთხართ კაცთა მათ იაბის გალადისათა, ვითარმედ: ხვალე ყოფად არს ცხორებაჲ თქუენი მოფენასა ოდენ მზისასა. და მოვიდნენ მოციქულნი იგი იაბის გალადისათა და უთხრეს სიტყუაჲ იგი ყოველსა კაცსა ქალაქისასა, და მათ განიხარეს ფრიად.
უთხრეს მოსულ მოციქულებს: ასე უთხარით გალაადის იაბეშის ხალხს: ხვალ, მზე რომ დააცხუნებს, მოგევლინებათ ხსნა. მივიდნენ მოციქულები და შეატყობინეს იაბეშელებს. მათაც გაიხარეს.
და ჰრქუეს იაბისელთა მათ ამანიტელსა: ხვალე გამოვიდეთ თქუენდა და ვყოთ, რაც სათნო-გიჩნდეს!
შეუთვალეს იაბეშელებმა ყამონელებს: ხვალ გამოვალთ თქვენს წინააღმდეგ და გვიყავით, რაც გენებოთ.
და ხვალისაგან მოვიდა საულ და განყო ერი იგი სამად გუნდად, და დაესხა ბანაკსა მას ძეთა ამონისათა ჟამსა ოდენ ცისკრისასა და მოსრეს ყოველი ბანაკი ძეთა ამონისათა ვიდრე მოფენადმდე მზისა; და ნეშტნი იგი მეოტად განიბნივნეს თჳთეულად და არა დარჩა არცა ორი ერთად.
მეორე დღეს სამ რაზმად გაჰყო საულმა ხალხი. დილის სახმილავზე შევიდნენ შუაგულ ბანაკში და შუადღის პაპანაქებამდე გაწყვიტეს ყამონელები. გადარჩენილნი კი ისე დაიფანტნენ, რომ ორს ერთად ვერ ნახავდა კაცი.
მაშინ ჰრქვა ერმან მან სამოველისა: ვინ იყუნეს კაცნი იგი, რომელთა თქუეს, ვითარმედ: ნუ მეფობნ საულ ჩუენ ზედა? მოგუცენ ჩუენ კაცნი იგი და აწვე მოვსწყჳდნეთ!
უთხრა ხალხმა სამუელს: ვინ ამბობდა, ნუთუ საულმა უნდა იმეფოსო ჩვენზე? მოგვეცი ის ხალხი, რომ დავხოცოთ.
მიუგო საულ და ჰრქუა: არა ვინ მოკუდეს აქა დღეს არცა ერთი კაცი, რამეთუ დღეს ყო უფალმან მაცხოვარებაჲ თჳსი ისრაჱლსა ზედა.
უთხრა საულმა: ერთი კაციც არ მოკვდება დღეს, რადგან ხსნა მოავლინა უფალმა დღეს ისრაელში.
სიტყუად იწყო სამოველ ერისა მიმართ და თქუა: მოგუალე, შევიდეთ ჩუენ გალგალად და განვაახლოთ ჩუენ შარავანდობა ეგე მაგისი!
უთხრა სამუელმა ხალხს: წამოდით, წავიდეთ გილგალში და განვაახლოთ იქ მეფობა.
და მოვიდა ყოველი იგი ერი შეკრებული გალგალად. და მუნ სცხო სამოველ საულს მეფედ წინაშე უფლისა გალგალს და შესწირეს მუნ მსხუერპლი დასამშჳდებელად უფლისა. და იხარებდეს მუნ სამოველ და საულ და ყოველი იგი ერი ისრაჱლისა ფრიად.
წავიდა მთელი ხალხი გილგალს და გაამეფეს საული უფლის წინაშე იქ, გილგალში. შესწირეს იქ სამადლობელი მსხვერპლი უფლის წინაშე და ძლიერ გაიხარეს იქ საულმა და ყველა ისრაელიანმა.
