პირველი მეფეთა · თავი 25

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და მას ჟამსა მოკუდა სამოველ და შეკრბა ყოველი ისრაჱლი. და დაიტყებეს იგი და დაფლეს საფლავსა თჳსსა არმათემს და დავით შთავიდა უდაბნოსა მას მაონისასა.

მოკვდა სამუელი. შეიკრიბა მთელი ისრაელი, დაიტირეს და დამარხეს იგი თავის სახლში, რამათში. ხოლო დავითი ადგა და ფარანის უდაბნოსაკენ წავიდა.

2

და იყო მუნ კაცი ერთი მაონას და არვე მისი კარმელს; და კაცი იგი მდიდარი იყო ფრიად და ედგა მას სამ ათასი ცხოვარი და ათასი თხა და რისვიდა იგი ცხოვარსა მას მისსა კარმელს.

იყო კაცი ვინმე მაყანში და სამუშაკო ქარმელში ჰქონდა. ძალზე მდიდარი იყო ეს კაცი: ჰყავდა სამი ათასი სული ცხვარი და ათასი თხა. ცხვრის პარსვისას ქარმელში იმყოფებოდა.

3

სახელი კაცისა - მის ნაბალ და ცოლისა მისისა აბეგა. და ცოლი იგი მისი იყო სახიერ გონებითა და კეთილ ქმნულებითა, ხოლო ქმარი იგი მისი ფიცხელ და ბოროტ და ბილწ გზათა მისთა და უღირს გონებითა თჳსითა.

სახელად ამ კაცს ერქვა ნაბალი, მის ცოლს - აბიგაილი. კეთილგონიერი იყო და ლამაზი შესახედავი ეს ქალი; ხოლო კაცი უკმეხი და ავისმქმნელი. ხალების გვარიდან იყო იგი.

4

და ესმა დავითს, ვითარმედ რისავს ნაბალ კარმელს საცხოვარსა თჳსსა.

შეიტყო დავითმა უდაბნოში, რომ ცხვარს პარსავდა ნაბალი.

5

და წარავლინა დავით მონანი თჳსნი ათნი და ჰრქუა: მივედით თქუენ კარმელად ნაბაალისსა და არქუთ მას კითხვად მშჳდობისა ჩუენ მიერ.

გაგზავნა დავითმა ათი ჭაბუკი და დააბარა მათ: წადით ქარმელში, მიდით ნაბალთან და მოიკითხეთ ჩემი სახელით.

6

და არქუთ მას, ვითარმედ, ესრე თქუა დავით: მშჳდობა და სიცოცხლე შენ თანა იყავნ და სახლისა შენისა და ყოველი, რაჲცა იყოს შენი.

უთხარით ასე: იცოცხლე! მშვიდობა შენდა, მშვიდობა შენს სახლს, მშვიდობა მთელს შენს საბადებელს!

7

აწ გვესმა ჩუენ, ვითარმედ რისვა არს მწყემსთა მათ შენთა საცხოვარისა მის შენისა, რომელნი იყოსვე ჩუენ თანა მთასა მას კარმელსა.

ახლახან გავიგე, რომ ცხვარს პარსავ. შენი მწყემსები იყვნენ ახლახან ჩვენთან, არ დაგვიჩაგრავს ისინი, არაფერი დაჰკარგვიათ ქარმელში ყოფნისას.

8

და შენცა ჰკითხე მწყემსთა მაგათ და გითხრან შენ. და აწ პოვედ მონათა მათგან ჩემთა მადლი წინაშე შენსა, რამეთუ ჟამსა დღესა კეთილსა მიმთხუეულ ვართ, აწ მო-რა-მეც შვილსა ამას შენსა, რაჲცა გეპოოს ჴელთა შენთა.

ჰკითხე შენს მსახურებს და მოგახსენებენ. იქნება მადლი პოვონ ჩემმა მსახურებმა შენს თვალში, რაკი სასიხარულო დღეს მოვედით. მიეცი, რაც შეგიძლია შენს მორჩილთ და შენს შვილს, დავითს.

9

და მოვიდეს მონანი იგი დავითისნი ნაბალისა და უთხრეს მას ყოველი იგი სიტყუაჲ დავითისი.

წავიდნენ დავითის მსახურნი და მიუტანეს ნაბალს ეს სიტყვები, და დაელოდნენ.

10

და განჰკრთა ნაბალ და ჰრქუა მონათა მათ დავითისთა რისხჳთ: ვინ არს დავით, ანუ ვინ არს ძე იგი იესესი? აწ დღეს გან-რამე-მრავლებულ არიან, დაუტეობიან თჳთეულად თჳსნი უფალნი და განძლიერებულ არიან თჳსთა უფალთაგან!

მიუგო ნაბალმა დავითის მორჩილთ და უთხრა: ვინ არის დავითი, ვინ არის იესეს ძე? გამრავლდნენ დღეს მორჩილნი, თავიანთ ბატონებს რომ გაურბიან.

11

და აწ მოვიღო პური ჩემი და ღჳნო ჩემი და პატრუჭაკი იგი ჩემი, რომელ დაუკალ მრისველთა ჩემთა და მივსცე კაცთა მათ, რომელ არა ვიცნი, ვინანი არიან?

ავიღო ჩემი პური, წყალი და ღვინო, და მპარსველებისთვის გამზადებული საკლავი და მივცე კაცებს, რომლის ასავალ-დასავალი არ ვიცი?

12

და წარმოვიდეს მონანი იგი ცალიერნი და უთხრეს დავითს ყოველი იგი სიტყუაჲ ნაბალისი.

უკან დაბრუნდნენ თავისი გზით დავითის მსახურები, მივიდნენ დავითთან და მიუტანეს ეს სიტყვები.

13

და ჰრქუა დავით კაცთა მათ, რომელნი მის თანა იყუნეს: აღიღეთ კაცად-კაცადმან თქუენმან მახჳლი თჳსი თჳთეულად! და დავითცა შეირტყა მახჳლი თჳსი და წარვიდეს დავითის თანა, ვითარ ოთხასი კაცი, და ორასნი შინა დადგეს ვანისმცველად.

უთხრა დავითმა თავის კაცებს: ყველამ მახვილები შეიბით წელზე! ყველამ შეიბა მახვილი, შეიბა დავითმაც თავისი მახვილი და გაჰყვა დავითს ოთხასამდე კაცი; ორასი კაცი ადგილზე დარჩა.

14

და მუნთქუესვე მირბიოდა ყრმა ერთი აბგეასა, ცოლისა მის ნაბალისა, და უთხრა ყოველი იგი, რაჲცა ჰრქუა ნაბალ მონათა მათ დავითისთა, და ჰრქუა: მე ვსცან, ვითარმედ მოუვლინნა დავით უდაბნოთ მოციქულნი ქმარსა შენსა და მან არად შერაცხნა იგინი.

მიუტანა ამბავი ნაბალის ცოლს, აბიგაილს, ერთმა მსახურთაგანმა და უთხრა: მოციქულები გაუგზავნა დავითმა უდაბნოდან ჩვენს ბატონს და მოიკითხა; მაგრამ აბუჩად აიგდო ისინი.

15

და კაცნი იგი კეთილ იყუნეს ჩუენთჳს და ფრიად, არას გვავნებდეს ჩუენ, ვიდრე-იგი ვიყვენით ჩუენ არეობად.

ძალიან კარგად გვეპყრობოდა ეს ხალხი, არ დავუჩაგრივართ. არაფერი დაგვკარგვია ველზე ყოფნისას, როცა მათთან ერთად დავდიოდით.

16

და ვითარცა ზღუდე იყუნეს ჩუენთჳს დღე და ღამე ყოველთა დღეთა, ვიდრე-იგი მათ თანა ვიყვენით მთასა მას, შეგვეწეოდეს დღით და ღამით, ვიდრე-იგი ვმწყსიდით საცხოვარსა ამას.

კედლად გვედგნენ დღითა და ღამით სამწყესურში, როცა მათთან ვიყავით.

17

აწ განიზრახე გონებასა შენსა, რაჲ ყო, რამეთუ მოწევნად არს ბოროტი უფალსა ჩუენსა ზედა და სახლსა ზედა ნაბალისასა, რამეთუ იგი კაცი ჯერკვალი არს და არა ჯერ-არს სიტყჳს-გებად მისა!

ახლა ასწონ-დასწონე, როგორ უნდა მოიქცე, რადგან სასჯელი ელის შენს ქმარსა და მთელს მის სახლს. თავად კი უკეთური კაცია, მასთან ლაპარაკი არ იქნება.

18

განკრთა აბგეა და აღდგა მსწრაფლ და მოიღო მან ორასი ჴუეზა პური, ორი საწყული ღჳნო და ხუთი ცხოვარი მომზადებული და ხუთი ჴჳმირი ჴალი და ჴჳმირი ერთი სკიჭი, ორასი ლეღვისკვერი, და აჰკიდა იგი კარაულთა.

არ დააყოვნა აბიგაილმა, აიღო ორასი პური, ორი ტიკი ღვინო, ხუთი გამზადებული ცხვარი, ხუთი სეა ქუმელი, ასი მტევანი ჩამიჩი, ორასი ტყლაპი და აჰკიდა ვირებს.

19

და წარსცა იგი წინა მონათა მისთა და ჰრქუა: ვიდოდით თქვენ და მე გეწიო უკანა! და ქმარსა მას მისსა არა უთხრა.

უთხრა თავის მსახურებს: თქვენ წინ წადით, მეც ახლავე უკან გამოგყვებით. არაფერი უთქვამს ნაბალისთვის, თავისი ქმრისთვის.

20

და ვითარცა-იგი აღჯდა კარაულსა თჳსსა, შთავიდოდა იგი შთამართ მთისასა. და, აჰა, დავით ერითურთ აღმოვიდოდა და შეემთხჳვნეს გზასა ზედა.

როცა ვირზე მჯდარი ეშვებოდა ხეობაში, აჰა, დავითი და მისი კაცებიც გამოჩნდნენ, და შემოხვდა მათ აბიგაილი.

21

სიტყუად იწყო დავით მიერვე და თქუა: ცუდად ვიდრემე ვსცევდ ყოველსა მას საცხოვარსა ნაბალისასა უდაბნოსა მას ზედა და არა ვის უტევე დაჭირვება მისა და აწ მან მომაგო მე ბოროტი კეთილისა წილ?

ამბობდა დავითი: ტყუილად ვიცავდი ამ კაცის საბადებელს უდაბნოში, არაფერი დაუკარგავს ქონებიდან, მაგრამ ეს სიკეთე ბოროტად გადამიხადა.

22

ესე რაჲმე უყავნ ღმერთმან დავითს და ესე შესძინენ, უკუეთუ დაუტეო მე სახლისა მის ნაბალისი ვიდრე განთენებადმდე ყრმაცა ერთი, რომელიმცა მიექცა კედელსა!

ასე და ასე უყოს ღმერთმა დავითს კიდევ უარესიც, თუ მისი საბადებლიდან დილამდე ერთი ძაღლიც დავტოვო.

23

ვითარ იხილა აბგეა დავით, გარდაჴდა სწრაფით კარაულსა თჳსსა, დავარდა პირსა ზედა თჳსსა წინაშე დავითისა და თაყუანი-სცა მას.

როგორც კი დაინახა აბიგაილმა დავითი, სასწრაფოდ ჩამოხდა ვირიდან და პირქვე დაემხო დავითის წინაშე და მდაბლად თაყვანისცა.

24

უპყრა ფერჴთა და ჰრქუა: ჩემდა მომართ არს, უფალო, შეცოდება ესე! აწ იტყოდის მჴევალი ესე შენდა მიმართ და ისმინე მჴევალისა შენისა.

ფეხებში ჩაუვარდა და უთხრა: ჩემზეა, ჩემო ბატონო, დანაშაული; ლაპარაკის ნება მიეცი შენს მორჩილს და ყური უგდე შენი მორჩილის სიტყვებს.

25

და ნუ ჰყოფს ბოროტსა უფალი ჩემი კაცისა მისთჳს ბილწისა, რამეთუ შემსგავსებულად საქმისა მისისა არს სახელიცა მისი, რამეთუ ნაბალ ითქმის უწესობა და უგუნურება, ხოლო მე, მჴევალმან შენმან, არა ვიხილენ მონანი იგი შენნი, რომელ აღმოგევლინნეს მუნ.

ყურადღებას ნუ მიაქცევს ჩემი ბატონი იმ უკეთურ კაცს, რადგან როგორი სახელიცა აქვს, თავადაც ისეთია; ნაბალი ჰქვია მას და ბილწებით არის სავსე. მე, შენს მორჩილს, არ მინახავს ჩემი ბატონის გამოგზავნილი კაცები.

26

და აწ, უფალო ჩემო, ცხოველ არს უფალი და ცხოველ არს სული შენი! რამეთუ დაგაყენა შენ უფალმან, რათამცა არა მოვიდა შენ ზედა სისხლი უბრალო და დაიცვა ჴელი შენი შენ თანა. აწ ნაბალისებრ შეიქმნედ ყოველნი მტერნი უფლისა მაგის ჩუენისანი, რომელთა უნდა ბოროტი უფლისა მაგის ჩუენისა.

ახლა, უფალსა და შენს თავს გაფიცებ, ჩემო ბატონო! უფალმა დაგაკავოს სისხლის ღვრისა და შურისგებისგან; ნაბალივით იქნენ ამიერიდან შენი მტრები, ავი რომ განუზრახავთ ჩემი ბატონისათვის.

27

და აწ მოიღე კურთხევა ეგე, რომელ მიგიპყარ მჴევალმან შენმან უფალსა ჩემსა და მიეც მონათა მაგათ შენთა, რომელნი დგანან წინაშე უფლისა ჩემისა.

აჰა, ეს მოსაკითხი, რომელიც შენს მხევალს მოუტანია ჩემი ბატონისთვის. მიეცეს მხლებლებს, ჩემი ბატონის ფეხის კვალს რომ დაჰყვებიან.

28

და მიუტევე შეცოდება მჴევალსა შენსა და ყოს უფალმან უფლისა ჩემისა სახლი სარწმუნო და ღუაწლი იგი უფლისა ჩემისა. და უფალმან ღმერთმან მოიღუაწოს და ბოროტი შენ თანა არა იპოოს.

აპატიე დანაშაული შენს მორჩილს, ნამდვილად მტკიცე სახლს დაუმყარებს უფალი ჩემს ბატონს, რადგან საღმრთო ომს ეწევა ჩემი ბატონი, და ბოროტება არ მოგეკარება არასოდეს.

29

და აღ-თუ-დგეს ვინმე მბრძოლად უფლისა ჩემისა და ვინმე დგეს, ეძიებდეს სულსა შენსა და იყოს სული იგი უფლისა ჩემისა შეკრულ კრულებითა მით ცხორებისათა უფლისა ღმრთისათა და თავი მტერთა შენთა შემუსრო შურდულთა შინა შენთა.

თუმცა აღდგა კაცი და მოსაკლავად დაგდევს, მაგრამ სიცოცხლის საკვრელით არის შეკრული უფალ ღმერთთან ჩემი ბატონის სული, ხოლო შენი მტრების სულს შურდულივით მოისვრის.

30

და ყოს უფალმან უფლისა ჩემისათჳს კეთილი, რომელიცა-იგი აღგითქუა შენ და დაგამტკიცოს შენ უფალმან მთავრად და წინამძღურად ისრაჱლსა ზედა!

როცა აღუსრულებს უფალი ჩემს ბატონს ყველაფერ სიკეთეს, რასაც დაჰპირდა, და ისრაელს მეფედ დაგადგენს,

31

და ნუ შეგემთხუევინ შენ ესე ბილწება და საცთური, უფალსა ჩემსა, დათხევად სისხლისა მართლისა უბრალო! დაიცვეს უფალმან ჴელი უფლისა ჩემისა ბოროტისაგან და ახაროს უფალმან უფალსა ჩემსა და მოიხსენო შენ მჴევალი შენი და კეთილი უყო მას.

ნუ შეაწუხებს გულის ქენჯნა ჩემს ბატონს, რომ არ დაღვარა უბრალო სისხლი და შური არ იძია. როცა გააბედნიერებს უფალი ჩემს ბატონს, მაშინ გამიხსენე შენი მორჩილი.

32

და ჰრქუა დავით აბგეასა: კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა, რომელმან მოგავლინა შენ დღეს აქა შემთხუევად ჩემდა!

უთხრა დავითმა აბიგაილს: კურთხეულია უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც ჩემს შესახვედრად გამოგგზავნა დღეს.

33

და კურთხეულ ხარ შენ და სახეცა შენი და კურთხეულ იყავ შენ, რამეთუ დამაყენე მე დღესდღე, რათა არა მივიდე მე დათხევად სისხლისა უბრალოსა ჴელითა ჩემითა!

კურთხეულ იყოს შენი გონიერება და კურთხეულ იყავი შენ, რომ არ მიმიშვი სისხლის ღვრამდე და შურისგებამდე.

34

ხოლო ცხოველ არს ღმერთი ისრაჱლისა, რომელმან დააყენა ჴელი ჩემი ბოროტისა ყოფად თქუენდა მიმართ, თუმცა არა მოსრულ იყავ შემთხუევად ჩემდა, არამცა დამეტევა განთენებადმდე ნაბალისი, რომელმანცა შეაფსა კედელსა.

მაგრამ ცხოველ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც ბოროტება არ გამაკეთებინა შენთვის, რადგან რომ არ აჩქარებულიყავ და არ შემხვედროდი, ძაღლიც არ გადაურჩებოდა ცოცხალი დილამდე ნაბალს.

35

და მიიღო დავით ყოველი, რაჲცა მოერთვა აბგეასა, და ჰრქუა მას დავით: წარვედ შენ მშჳდობით სახიდ შენდა და გულისხმა-ყავ, რამეთუ ვისმინე შენი და თუალ-გახვენ შენ.

მიიღო დავითმა აბიგაილის ხელიდან ყველაფერი, რაც მოტანილი ჰქონდა მისთვის აბიგაილს, და უთხრა: მშვიდობით წადი შენს სახლში. ხომ ხედავ, შევიწყნარე შენი ვედრება და გაპატიე.

36

და წარვიდა აბგეა მუნვე ნაბალისა, რამეთუ სმა ეყო მას და იშვებდა იგი ტაძრობასა მას სამეფოსა და გული ნაბალისი მხიარულ იყო ფრიად, სთროდა. და მას დღესა არა უთხრა აბგეა სიტყუაჲ დიდი, არცა მცირე ვიდრე განთიადმდე.

მივიდა აბიგაილი ნაბალთან. და, აჰა, ლხინი ჰქონდა სახლში, სამეფო ლხინის მსგავსი. გული უხაროდა ნაბალს და ძალიან მთვრალი იყო. არაფერი უთქვამს მისთვსა დილამდე აბიგაილს, არც მცირე, არც დიდი.

37

და ვითარცა განთენა და ღჳნო იგი გამოჰქარდა ნაბალს, უთხრა ცოლმან მისმან ყოველი იგი სიტყვა. და მუნთქუესვე მოკუდა გული ნაბალისი და შეიქმნა ვითარცა ქვა.

მეორე დილით, როცა ღვინო გამოუნელდა ნაბალს, ყველაფერი უამბო მას ცოლმა. გული ჩაუკვდა მკერდში ნაბალს და ქვასავით გახდა კაცი.

38

და მისა შემდგომად ვითარცა ათი ოდენ დღე წარჴდა, მოაკუდინა უფალმან ნაბალ.

ათიოდე დღის შემდეგ დაჰკრა უფალმა ნაბალს და მოკვდა იგი.

39

და ესმა დავითს სიკუდილი ნაბალისი და თქუა: კურთხეულ იყავნ უფალი, რომელმან საჯა სასჯელი იგი ნებისა ჩემისა ჴელთაგან ნაბალისათა და მონა მისი ბოროტის-ყოფისგან დაიცვა და უკეთურება იგი ნაბალისი დაჰკრიბა თავსა მისსა! და მიავლინა დავით აბგეასა მოყვანებად იგი მისა ცოლად.

გაიგო დავითმა ნაბალის სიკვდილი და თქვა: კურთხეულია უფალი, რომ უზღო ნაბალს ჩემი შეურაცხყოფისათვის, რომ აარიდა თავისი მორჩილი ბოროტის ქმნას და ნაბალის ბოროტება მასვე დაატეხა თავზე უფალმა. მაშინ შეუთვალა დავითმა აბიგაილს, რომ ცოლად თხოულობდა მას.

40

და ვითარცა მოვიდეს მოციქულნი დავითისა აბგეასსა კარმელად და ჰრქუეს მას: დავით მოგვავლინნა ჩუენ შენდა მიყვანებად ცოლად მისა!

მივიდნენ დავითის კაცები აბიგაილთან ქარმელში და გამოუცხადეს: დავითმა გამოგვგზავნა შენთან, რომ ცოლად ვუთხოვოთ შენი თავი.

41

ვითარცა ესმა აბგეას, დამხედ თაყუანი-სცა და ჰრქუა მათ: მჴევლებად ღირს ვარ მე და დაბანად ფერჴთა მონათა მათ უფლისა ჩემისათა.

ადგა აბიგაილი, მიწამდე თაყვანისცა და თქვა: აჰა, მხევლად წამოვა შენი მორჩილი, რომ ფეხი დაბანოს ჩემი ბატონის მორჩილთ.

42

აღდგა აბგეა სწრაფით და აღჯდა კარაულსა თჳსსა და თანაწარიყვანნა ხუთნი მჴევალნი, აღეგო და წარვიდა მოციქულთა მათ თანა დავითისთა, და ცოლ-ეყო დავითს.

არ დააყოვნა აბიგაილმა, ადგა და შეჯდა სახედარზე, თან ხუთი მოახლე წაიყვანა, და მიჰყვა დავითის მოციქულებს. ასე გახდა იგი დავითის ცოლი.

43

და მერმე აქინამ იზრაიტელი მოიყვანა დავით. და იყუნეს ორნივე იგი ცოლად დავითისა.

იზრეყელიდან ახინოყაბი მოიყვანა დავითმა და იყვნენ ეს ორნი მისი ცოლები.

44

და საულ მისცა ასული თჳსი მელქოლ, ცოლი დავითისი, ფალტიას, ძესა ამოსიასა.

ხოლო მელქოლა, თავისი ქალიშვილი, დავითის ცოლი, საულმა ფალტის, ლაიშის ძეს, გალიმელ კაცს მიათხოვა.