პირველი ეზრა · თავი 4

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და ესმა, რომელნი აჭირვებდეს იუდასა და ბენიამენსა, ვითარმედ ძენი ისრაჱლისანი მოქცეულ არიან ტყუეობისაგან და აშენებენ სახლსა უფლისსა ღმრთისა ისრაჱლისასა.

გაიგეს იუდას და ბენიამინის მტრებმა, რომ ტაძარს უშენებდნენ ტყვეები უფალს, ისრაელის ღმერთს.

2

და მიეახლნეს ზორობაბელს და მფლობელთა და მამამთავართა და ჰრქუეს მათ: ვაშენებდეთ ჩუენცა თქუენ თანა, ვითარცა თქუენ, ვითხოვთ უფლისაგან ღმრთისა თქუენისა, რამეთუ ჩუენცა, ეგრეთვე შევსწირავთ შესაწირავსა, ვინათგან ასარდან, მეფემან ასურასტანისამან, მოგჳყვანნა ჩუენ აქა

მივიდნენ ზერუბაბელთან და მამისსახლთა თავკაცებთან და უთხრეს: ჩვენც თქვენთან ერთად ავაშენებთ, რადგან ჩვენც თქვენსავით ვეძებთ თქვენს ღმერთს, ჩვენც ვწირავთ მას მსხვერპლს აშურის მეფის, ასარხადონის, დროიდან, რომელმაც აქ წამოგვიყვანა.

3

და რქუა მათ ზორაბაბელ და ისუ იოსედეკიანმან და ნეშტთა მათ მფლობელთა მამამთავართა ისრაჱლისათა: არა წეს არს ჩუენდა და თქუენდა ერთგამად აღშენებად სახლი უფლისა ღმრთისა ჩუენისა. ჩუენ თჳთ აღვაშენოთ სახლი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, ვითარცა გჳბრძანა ჩუენ კჳროს, მეფემან სპარსთამან

მიუგეს მათ ზერუბაბელმა და იესომ, და ისრაელის დანარჩენ მამისსახლთა თავკაცებმა: არ გამოვა ჩვენი ღვთის სახლის შენება თქვენთან ერთად, რადგან მარტო ჩვენ უნდა ავუშენოთ სახლი უფალს, ისრაელის ღმერთს, როგორც ნაბრძანები აქვს კიროს მეფეს, სპარსთა მეფეს.

4

და ერი იგი მის ქუეყანისა დააშთინებდა ჴელთა კრებულისა ჰურიასტანისათა და დააბრკოლებდეს მათ შენებისაგან.

მაშინ დაუწყო ქვეყნის ერმა იუდას ხალხს ხელის შეშლა და დაბრკოლება ტაძრის შენებაში.

5

და დაიდგინეს მორეწენი და ზრახვიდეს, ვითარმცა დააბრკოლნეს იგინი ყოველთა დღეთა კჳროს მეფისა სპარსთასა ვიდრე დღემდე დარეჰ მეფისა სპარსთასა.

დაიწყეს მათ წინააღმდეგ მრჩევლების მოსყიდვა, რომ ჩაეფუშათ მათი განზრახვა. ასე იქცეოდნენ სპარსთა მეფის, კიროსის დროს, დარიოსის სპარსთა მეფის მეფობამდე.

6

შარავანდობასა ასარსურაჲსსა სპარსთა ზედა, დასაბამსა შარავანდობისა მისისა, და მიუწერეს წიგნი, რომელნი დამკჳდრებულ იყუნეს ჰურიასტანსა შინა და იერუსალჱმს,

ხოლო ახაშვეროშის მეფობისას, მისი მეფობის დასაწყისში, დაწერეს დაბეზღების წერილი იუდას და იერუსალიმის მკვიდრებზე.

7

და დაწერეს დღეთა არტაშესის მითრადატის ტაბელითურთ და სხუათაცა მონათა მისთა მოხარკეთა. და მიუწერეს წიგნი ასურულითა ენითა, და იყო გამოთარგმანებული ჰრემ ბალატის მიერ,

ართახშაშთას დროს კი ბიშლამმა, მითრედატმა, ტაბეელმა და სხვა თანამდგომებმა მისწერეს ართახშაშთას, სპარსთა მეფეს, წერილი, დაწერილი არამეული ასოებით და არამეულ ენაზე.

8

და ესე არიან სიტყუანი წერილისა მის, რომელი მიუვლინეს: მონანი არსა მეფისა ესე მონანი შენნი, რომელნი მკჳდრ ვართ კიდესა ამის მდინარისასა?

რეხუმ მრჩეველმა და შიმშაი მდივანმა ერთი ასეთი წერილი მისწერეს იერუსალიმის წინააღმდეგ ართახშაშთას მეფეს,

9

ჰრეუმ ბაალტამ და სამაი მწერალმან და სხუათა მონათა ჩუენთა: დენეეს, სფარსათაქაიეს, ტარფალიე, ალფასიე, აქუვე, ბაბილოვნელნი, სუსან, ქეედე.

რეხუმ მრჩეველმა, შიმშაი მწერალმა და მათმა თანამდგომებმა - დინაელებმა, აფარსათქელებმა, ტარფელელებმა, აფარსელებმა, არქეველებმა, ბაბილონელებმა, შუშანელებმა, დეჰაველებმა, ელამელებმა,

10

და სხუანი იგი დაშთომილნი ნათესავნი, რომელნი დაამკჳდრნა ასენაფარ დიდმან და პატიოსანმან ქალაქსა სომონორსა, ესე არს სამარია. და ნეშტნი იგი წიაღ მდინარესა მას.

დანარჩენმა ხალხმა, რომელიც აჰყარა დიდმა და სახელოვანმა ასნაფარმა და სამარიის ქალაქში დაასახლა, და ნარჩენმა მდინარისგაღმელებმა და სხვებმა -

11

ესე არიან სიტყუანი მის წიგნისანი, რომელი მიუძღუანეს მათ არტაშეს მეფესა: მონანი შენნი კაცნი, რომელნი დამკჳდრებულ არიან წიაღ მდინარესა, მშჳდობა მოაჴსენეს.

აი, შინაარსი წერილისა, რომელიც გაუგზავნეს მას: ართახშაშთა მეფეს შენი მორჩილნი, მდინარისგაღმელნი და სხვები.

12

აწ უწყებულ იყავნ შენდა, მეფისა, რამეთუ ჰურიანი ესე, რომელნი მოვიდეს აქა შენგან ჩუენდა, შევიდეს დაშთომილსა ამას ქალაქსა იერუსალჱმსა განდგომილსა და განმამწარებელსა, რომელსა აწცა აშენებენ, და ზღუდეთა მისთა აღმართება ჰნებავს და საფუძველსა მისსა აღამაღლებენ

იცოდეს მეფემ, რომ იუდაელნი, რომელნიც შენგან გამოვიდნენ, ჩვენთან არიან მოსულნი იერუსალიმში; მოჯანყე და საძაგელ ქალაქს აშენებენ, კედლები აჰყავთ და ბურჯებს ამაგრებენ.

13

აროსას მეფისა მშჳდობა! და აწ უწყებულ იყავნ შენდა, მეფე, უკუეთუ ქალაქი ესე აღიშენოს და ზღუდენი მისნი აღემართნენ, ხარკი შენ არავინ მოგცეს.

ახლა იცოდეს მეფემ, რომ თუ ეს ქალაქი აშენდა და კედლები გასრულდა, არც ხარკს, არც გადასახადს, არც ბეგარას არ გადაიხდის და სამეფო ხაზინას დააზარალებს.

14

და მჴდომ ექმნენ მეფეთა და ჩუენ არა გუნებავს ხილვად, და მის ყოვლისათჳს მივსწერეთ შენდა, მეფე.

და რაკი ჩვენ სასახლის მარილით ვსაზრდოობთ და მეფის ზარალის ყურება არ შეგვფერის, ამიტომაც ვიუწყებით და ვატყობინებთ მეფეს:

15

და ძიება-ჰყო მატიანთა საჴსენებელსა მამათა შენთასა, და ჰპოვო, გულისხმა-ჰყო, ვითარმედ ქალაქი ესე განდგომილთა არს და ყოველსა ჟამსა წინააღუდგების მეფეთა, შესავედრებელ არიან ყოველთა მეოტთათჳს ყოველთა ჟამ, უკუე ამისთჳსცა ქალაქი ესე აღიოჴრა.

რომ მოჩხრიკონ შენი მამა-პაპის მატიანე და ნახავ მატიანეში და გაიგებ, რომ ეს ქალაქი მოჯანყე და საძაგელი ქალაქია მეფეთათვის და ქვეყნისთვის, რომ ძველთაგანვე ამბოხებები ხდებოდა იქ, რისთვისაც განადგურებული იქნება ეს ქალაქი.

16

აწ გაუწყებ თქუენ, მეფესა: უკუეთუ ქალაქი ესე აღეშენოს და ზღუდენი აღემართნენ, არა იყოს შენდა მშჳდობა.

ვატყობინებთ მეფეს, რომ თუ ეს ქალაქი აშენდა და კედლები დასრულდა, არავითარი წილი აღარ გექნება წყალგაღმიდან.

17

მიუწერა მეფემან არეუმ ბალტემისა და სამაიასა მწერალსა და სხუათა მონათა და მოდგამთა მათთა, რომელნი დამკჳდრებულ იყუნეს სამარიას და ნეშტთა მათ წიაღ მდინარისათა: მშჳდობა თქუენდა,

განკარგულება გაუგზავნა მეფემ რეხუმ მრჩეველს და შიმშაი მწერალს და სხვა მოხელეებს, რომლებიც ცხოვრობენ სამარიაში და სხვა მდინარისგაღმა ქალაქებში, მოკითხვით და ასე და ასე.

18

და ხარაკისმომჴდელნი ესე, რომელ მოავლინენით ჩუენდა, მივიდეს ჩემ წინაშე და მითხრეს ყოველივე.

წერილი, რომელიც გამომიგზავნეთ, საჯაროდ იქნა წაკითხული ჩემს წინაშე.

19

და მივწერე და ვპოე, რამეთუ ქალაქი ეგე საუკუნითგან ჟამთასა განდგომილ არს, და მჴდომ მეფეთა ყოფილან.

მეც გავეცი ბრძანება, ეძიეს და აღმოაჩინეს, რომ ეს ქალაქი ძველთაგანვე უჯანყდებოდა მეფეებს, შფოთი და არეულობა იყო იქ.

20

და მეფენი ფიცხელნი და ძლიერნი დადგომილა იერუსალჱმს და განძლიერდეს, დაიპყრეს ყოველი ქუეყანა მზისდასავლით კერძო წიაღ ეფრატსა მდინარესა, და აწ დასდევით მას ზედა ხარაკი და ზუერი, რათა არა მერმეცა თავს მოთნებით განლაღდენ.

ძლიერი მეფეები განაგებდნენ იერუსალიმს, ეპყრათ მთელი მდინარის გაღმა მხარე, ხარკი, გადასახადი და ბეგარა ეძლეოდათ მათ.

21

აწ გაუწყებ თქუენ, მივედით და დააყენენით იგინი და დააბრკოლეთ საქმე იგი მათი, რომელ არა აღიშენონ ქალაქი მათი.

ახლა გაეცით ბრძანება, შეწყვიტოს მუშაობა ამ ხალხმა, რომ არ აშენდეს ეს ქალაქი, ვიდრე ჩემგან არ გამოვა ბრძანება.

22

ნუ შეუნდობთ მათ, ნუცა მიუტეობთ, არამედ გულსა დაიდევით და მოჰჴადეთ ყოველი ხარკი მათი და ზუერი, რათა არა განმრავლდენ და განძლიერდენ და იყონ მჴდომ მეფეთა.

ფრთხილად იყავით, არაფერი გამოგეპაროთ ამ საქმეში. რისთვის უნდა გამრავლდეს ბოროტება მეფეთა საზიანოდ?

23

მას ჟამსა ხარკისმომჴდელმან არსას მეფისამან, რომელ არს არტაშესი, მოიღო და აღმოიკითხა წიგნი წინაშე არეუმის და საის მწერალისა და მონათა მათთა. აღვიდეს მსწრაფლ იერუსალჱმად და ჰურიასტანად დიდითა ძლიერებითა და მჴედრებითა და დააბრკოლეს ურიანი იგი შენებისაგან

როგორც კი მეფე ართახშაშთას წერილი წაკითხულ იქნა რენუმის, შიმშაი მწერლის და მათ თანამდგომთა წინაშე, დაუყოვნებლივ წავიდნენ ისინი იერუსალიმში იუდაელებთან და მაგარი ხელით შეაწყვეტინეს მუშაობა.

24

მას ჟამსა დაბრკოლებულ, მოცალე იქმნა საქმე იგი ტაძრისა უფლისა ღმრთისა იერუსალჱმს და იყო მოცალებულ ვიდრე მეორე წლადმდე დარეჰ მეფისა სპარსთასა.

მაშინ შეწყდა ღვთის სახლის შენება იერუსალიმში შეწყვეტილი იყო სპარსთა მეფის, დარიოსის მეფობის მეორე წლამდე.