ქებათა-ქება სოლომონისა · თავი 6

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

მიმგებელმა თქუა: ძმისწული ჩემი შთავიდა მტილსა თჳსსა წედთა მათ საკუმეველისა, მწყსად შორის მტილთა დაკრებად შროშნისა.

სად წავიდა მეტრფე შენი, უმშვენიერესო ქალთა შორის? საით მიიქცა მეტრფე შენი?

2

მე ძმისწულისა ჩემისა და ძმისწული ჩემი ჩემდა, რომელი ჰმწყსის შორის შროშანთა.

თავის ბაღში ჩავიდა მეტრფე ჩემი, სურნელოვან კვლებში, ბაღებში სამწყესად, შროშანთა დასაკრეფად.

3

სიძე ეტყჳს სძლისა მიმართ: კეთილ ხარ, მახლობელო ჩემო, ვითარცა სათნოებაჲ, შუენიერ ხარ, ვითარცა იერუსალიმი, საკჳრველ, ვითარცა დაწესებულნი.

მე ჩემი მეტრფისა ვარ და ჩემია მეტრფე ჩემი, რომელიც მწყესავს შროშანთა შორის.

4

მიდრკენ თუალნი შენნი წინაშე ჩემსა, რამეთუ ამათ ფრთოვან- მყვეს მე. თმაჲ შენი, ვითარცა სამწყსოჲ თხათაჲ, რომელნი გამოჩნდეს გალადით;

მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, თირცასავით და სანატრელი - იერუსალიმივით! საშინელი - ბაირაღებით მორთული ბანაკივით!

5

კბილნი შენნი, ვითარცა არვე მორისულთა, რომელნი აღმოვიდეს საბანელით, ყოველნი ორთმსხმელ და ბერწი არა არს მათ შორის;

მიაქციე თვალები ჩემგან, რადგან მატყვევებენ! შენი თმები თხათა არვეა, გალაადიდან დაშვებული.

6

ვითარცა საბელი ძოწეული, ბაგენი შენნი, და სიტყუაჲ შენი შუენიერ, ვითარცა ნაქურცენი ბროწეულისაჲ, სიკეთენი შენნი გარეშე დუმილისა მაგის შენისა.

კბილები შენი ცხვრის ფარაა, საბანელით ამომავალი; ყველანი ტყუბტყუბად მსხმელნი არიან და ბერწი არ არის მათ შორის.

7

სამეოცნი არიან დედოფალნი და ოთხმეოც ხარჭნი, და ქალწულნი, რომელთა არა არს რიცხჳ.

ღაწვები შენი ბროწეულის ლებნებია შენს პირბადის ქვეშ.

8

ერთ არს ტრედი ჩემი, სძალი ჩემი, ერთ არს დედისა თჳსისა. რჩეულ არს მშობლისა თჳსისა. იხილეს იგი ასულთა და ჰნატრეს მას. დედოფალთა და ხარჭთა აქეს აქეს იგი.

სამოცი დედოფალია, ოთხმოცი ხარჭა და ურიცხვი ქალწული;

9

ასულთა და დედოფალთა იხილეს სძალი და ჰნატრეს მას: ვინ არს ესე, რომელი ბრწყინავს, ვითარცა ცისკარი, შუენიერ, ვითარცა მთოვარე, რჩეულ, ვითარცა მზე, საკჳრველ, ვითარცა განწესებულნი?

ეს კი ერთადერთია, მტრედი ჩემი, უბიწო ჩემი; ეს ერთადერთია დედამისისთვის, გამორჩეულია მისი მშობლისათვის. იხილეს ქალწულებმა და ბედნიერად შერაცხეს იგი.

10

სიძე ეტყჳს სძალსა: მტილსა ნიგუზოვანთასა შთავედ ნაშობი ღუარისაჲ ხილვად, უკუეთუ აღყუავნა ვენაჴი, აღყვავნეს ბროწეულნი.

ვინ არის იგი, ცისკარივით აღმომჭვრეტელი, მთვარისებრ მშვენიერი და მზისებრ ნათელი? და საშინელი როგორც ბაირაღებით მორთული ბანაკი?

11

სძალი ეტყჳს სიძესა: მუნ მოგცნე ძუძუნი ჩემნი შენ. ვერ ცნა სულმან ჩემმან, დამდვა მე ეტლად ამინადაბისა.

ჩავედი ნიგვზნარში, რომ მენახა მწვანე ჭალები; მენახა, თუ აყვავდა ვაზი, თუ გაიფურჩქნა ბროწეული.

12

ასულნი და დედოფალნი ეტყჳან სძალსა: მოაქციე, მოაქციე, სულამიტელო! მოაქციე, მოაქციე და გიხილოთ შენ!

არ მეგონა, თუ გამიწევდა გული ჩემი ხალხის დიდებულთა ეტლებისკენ.