ქებათა-ქება სოლომონისა · თავი 2

ძველი ქართულითანამედროვე ქართული

სიძე ეტყჳს სძალსა სულისა თჳსისათჳს:

1

სიძე ეტყჳს სძალსა სულისა თჳსისათჳს: მე - ყუავილი ველისაჲ და შროშანი ღელეთაჲ.

მე ვარ ნარგიზი შარონისა და ღელეთა შროშანი.

2

და ვითარცა შროშანი შორის ეკალთა, ესრეთ არს მახლობელი ჩემი შორის ასულთა;

როგორც შროშანი ეკალთა შორის, ასეა სატრფო ჩემი ასულთა შორის!

3

სძალი რტყჳს სიძესა: ვითარცა ვაშლი შორის ხეთა მაღნარისათა, ესრეთ არს ძმისწული ჩემი შორის ძეთა. საგრილსა ქუეშე მისსა გულმან მითქუა და დავჯედ; და ნაყოფი მისი ტკბილ არს სასასა ჩემსა.

როგორც ხე ვაშლისა ტყიურ ხეთა შორის, ასეა მეტრფე ჩემი ჭაბუკთა შორის! მის ჩრდილში ჯდომა მიყვარდა და ვზივარ კიდეც, ნაყოფი მისი ეტკბო ჩემს სასას.

4

ქალწულთა ეტყჳს სძალი: შემიყვანეთ მე სახლსა ღჳნისასა, განაწესეთ ჩემ ზედა სიყუარული,

შემიყვანა მან ღვინის სახლში და აღმართა ჩემზე სიყვარულად თავის ალამი.

5

დამამტკიცეთ მე ნელსაცხებელთა მიერ, გარემომასხთ მე ვაშლი, რამეთუ დაწყლულ ვარ მე სიყუარულითა.

გამამაგრეთ ღვინით, გამაგრილეთ ვაშლებით, რადგან დავსნეულდი სიყვარულისგან.

6

მარცხენე მისი თავსა ჩემსა და მარჯუენემან მისმან შემიწყნაროს მე.

ნეტავ თავქვეშ მედოს მისი მარცხენა და მარჯვენა მეხვეოდეს მისი!

7

სძალი ეტყჳს ქალწულთა: გაფუცებ თქუენ, ასულნო იერუსალიმისანო, ძალთა და სიმტკიცეთა აგარაკისათა, უკუეთუ აღსდგეთ და განაღჳძოთ სიყუარული, ვიდრემდიცა ინებოს.

გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, ველის ნიამორებს და ირმებს გაფიცებთ, არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული, ვიდრემდის თავად არ ინებოს.

8

ესმა ჴმაჲ სიძისა და იტყჳს: ჴმაჲ ძმისწულისა ჩემისა: აჰა, ესერა, ესე მოვალს ვლდომით მთათა ზედა და მორბის ბორცუთა.

აჰა, გაისმის ხმა ჩემი მეტრფისა, აჰა, მოდის იგი, მორბის მთებზე, მოხტის ბორცვებზე.

9

მსგავს არს ძმისწული ჩემი ქურციკსა, ანუ ნუკრსა ირმისასა მთათა ზედა ბეთელისათა. სძალმან მოსცა სასწაული სიძისა მიერ ქალწულთა და თქუა: აჰა, ესერა, ესე დგას უკუანა ზღუდესა ჩუენსა, და იხედავს სარკუმლით გამო და გარდმოხედავს არდაბაგთაჲთ.

ვამსგავსე მეტრფე ჩემი ნიამორს ანუ ირმის ნუკრს. აჰა, დგას იგი ჩვენს ზღუდის უკან, სარკმელში იჭვრიტება და ილანდება ცხაურებს შორის.

10

მომიგებს ძმისწული ჩემი და მეტყჳს: აღდეგ, მოვედ, მახლობელო ჩემო, შუენიერო ჩემო, ტრედო ჩემო.

მომიგებს მეტრფე ჩემი და მეტყვის: ადექი, სატრფოვ ჩემო, მშვენიერო ჩემო, და წამოდი!

11

რამეთუ, აჰა, ესერა, ზამთარი წარჴდა და წჳმა დასცხრა და წარვიდა გზასა თჳსსა.

რადგან აჰა, მიიწურა ზამთარი, ჟამი ნიაღვრისა გრდახდა, თავისთვის წავიდა. 15. ყვავილები დაჩნდნენ მიწის პირზე, ჟამი გალობისა მოიწია და ხმა გვრიტისა ისმის ჩვენს მხარეში. 16. ლეღვმა გამოიღო თავისი ყვავილი, ვაზის ყვავილი სურნელებით ფშვენს. ადექი, სატრფოვ ჩემო, მშვენიერო ჩემო, და წამოდი!

12

და ყუავილი გამოჩნდა ქუეყანასა ჩუენსა, ჟამი სხლვისაჲ მოიწია, ჴმაჲ გურიტისაჲ ისმა ქუეყანასა ჩვენსა.

13

ლეღუმან გამოუტევა გაგაჲ თჳსი, ვენაჴნი ყუავიან, მოსცეს სულნელებაჲ თჳსი. აღდეგ, მოვედ, მახლობელო ჩემო, შუენიერო ჩემო, ტრედო ჩემო,

14

მოვედ თავით შენით, ტრედო ჩემო, საგრილსა ქუეშე კლდისასა, მახლობელად ზღუდისა, მაჩუენე მე პირი შენი და მასმინე მე ჴმაჲ შენი, რამეთუ ტკბილ არს ჴმაჲ შენი სმენად და პირი შენი შუენიერ.

შენ, ჩემო მტრედო, შეხიზნულო ხეობის კლდეთა შორის! მიჩვენე პირი შენი, მასმინე ხმა შენი! რადგან ტკბილია ხმა შენი და პირი შენი - მშვენიერი.

15

ქალწულნი ეტყჳან სიძესა: მიპყრენით ჩუენ მელნი მცირნი, განმრყუნელნი ვენაჴთანი და ვენაჴნი ჩუენნი ყუავიან.

დაგვიჭირეთ პატარა მელიები, ვენახთა მომსპობი, რადგან ჰყვავის ვენახები ჩვენი.

16

სძალი ეტყჳს: ძმისწული ჩემი ჩემდა და მე - მისა, რომელი ჰმწყსი შროშანთა შორის.

ჩემი მეტრფე ჩემია და მე მისი ვარ, ის მწყემსავს შროშანთა შორის!

17

ვიდრემდის წარჴდეს დღე და მოადგენ აჩრდილნი, მოიქეც და ემსგავსე შენ, ძმისწულო ჩემო, ქურციკსა, ანუ ნუკრსა ირმისასა მთათა ზედა ღელოვანთა.

ვიდრეღა სუნთქავს დღე და ჩრდილნი იძვრიან, მოიქეც, ემსგავსე, მეტრფევ ჩემო, ნიამორს, ანუ ირმის ნუკრს, ნაპრალოვან მთებზე მოარულთ!