ამოს წინასწარმეტყველი · თავი 5
ისმინეთ სიტყუა უფლისა ღმრთისაჲ: ესე, რომელ მე მომაქუს თქუენ ზედა გოდებაჲ: სახლი ისრაჱლისაჲ დაეცა. არღა მერმე ნუ შესძინოს აღდგომად.
ისმინეთ ეს სიტყვა, რომელსაგ ვამბობ თქვენზე როგორც საგოდებელს, ისრაელის სახლო!
ქალწულმან ცთომა-ყო თჳთ მას ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა. არა არს აღმადგინებელი მის
დაეცა, ვეღარ დგება ისრაელის ქალწული; მიწაზეა განრთხმული, არავინაა მისი წამომყენებელი!
მით, - რამეთუ ამათ იტყუს უფალი, უფალი: ქალაქი, რომლისაგან გამოვიდოდეს ათასნი, დაშთეს ასნი, და რომლისაგან გამოვიდოდეს ასნი, დაშთეს ათნი სახლსა ისრაილისასა
რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ქალაქს, ათასის გამომყვანს, ასიღა შერჩა და ასის გამომყვანს ათიღა შერჩა ისრაელის სახლიდან.
მით, - რამეთუ ამათ იტყჳს უფალი სახლისა მიმართ ისრაჱლისა: გამომიძიეთ მე და სცხონდეთ.
რადგან ასე ეუბნება უფალი ღმერთი ისრაელის სახლს: მეძებეთ და ცოცხალი დარჩებით!
და ნუ გამოეძიებთ ბეთილსა და გალგალად მიმართ ნუ შეხუალთ. და ჯურღმულსა ზედა ფიცისასა ნუ აღხუალთ, რამეთუ გალგალაჲ დატყუევებული ტყუე იქმნეს. და ბეთელ იყოს, ვითარცა არაყოფილი.
ნუ ეძებთ ბეთელს და გილგალში ნუ მიდიხართ, ბერშებაში ნუ დაიარებით; რადგან დატყვევდება გილგალი და ბეთელი გაცამტვერდება.
გამოიძიეთ უფალი და ცხონდით, რათა არა აღენთოს, ვითარცა ცეცხლი, სახლი იოსებისი და შეჭამოს იგი. და არა იყოს დამშრეტელ სახლსა ისრაჱლისას,
ეძებეთ უფალი და ცოცხალი დარჩებით, რომ ცეცხლივით არ წაეკიდოს იოსების სახლს შთასანთქმელად, რადგან არავინ იქნება ჩამქრობი ბეთელში.
რომელი იქმს სიმაღლედ მსჯავრსა და სიმართლე ქუეყანასა ზედა დადვა
სამართალს აბზინდად რომ აქცევთ და სიმართლეს მიწად რომ თელავთ!
რომელი იქმს ყოველთა და გარდაჰმზადებს და ქცეულ-ჰყოფს ცისკრად, აჩრდილსა სიკუდილისასა და დღისა ღამეებად გარდამზადი, რომელი მოუწოდს წყალსა ზღჳსასა და მიჰფენს მას პირსა ზედა ქუეყანისასა, უფალი, ყოვლისა მპყრობელ - სახელი მისი.
რომელმაც შექმნა ხომლი და ორიონი, რომელიც წყვდიადს დილად გადააქცევს და დღეს ღამესავით აბნელებს, რომელიც უხმობს ზღვის წყლებს და მიწის პირზე მოაქცევს, უფალია მისი სახელი.
განმყოფელი შემუსრვისაჲ ძალსა ზედა და სისუსტისა სიმაგრესა ზედა მომწევნელი
დაქცევით დაატყდება თავს ძლიერს და ეწევა დაქცევა ციხე-სიმაგრეს.
მოიძულეს ბჭეთა ზედა მამხილებელი და სიტყუა ღირსი მოიძაგეს.
შეიძულეს სამსჯავროში მამხილებელი და წრფელად მოუბარი შეიძაგეს.
ამისთჳს მის წილ, რომელ დაჰქენჯნიდეს გლახაკთა და ძღუენთა რჩეუთა შეიწყნარებდით მათგან, სახლნი ხუეწილნი აშენენით და არ დაემკჳდრნეთ მათ შინა; ვენაჴოვანნი გულისსათქმელნი დაჰნერგენით და არა ჰსუათ ღჳნოჲ მათი,
ამიტომ, რაკი თრგუნავთ ბეჩავ ხალხს და უკანასკნელ ლუკმას აცლით, თლილი ქვებით ააგებთ სახლებს, მაგრამ იქ ვერ იცხოვრებთ; საუცხოო ვენახებს გააშენებთ, მაგრამ ვერ შესვამთ მათ ღვინოს.
რამეთუ ვცნენ მრავალნი უთნოობანი თქუენნი და ძლიერ არიან ცოდვანი თქუენნი, დამთრგუნველნი მართლისანი, მიმხუმელნი საცვალებელთანი და დავრდომილთანი შორის ბჭისა მიმდრეკელნი
რადგან ვუწყი უამრავი შენი დანაშაული და მძიმე ცოდვები: მართალს ავიწროებთ, ქრთამს იღებთ და სამსჯავროდან დევნით ღარიბ-ღატაკთ.
ამისთჳს, რომელი გულისჴმა-ჰყოფდეს, მას ჟამსა შინა დადუმნეს, რამეთუ ჟამი ბოროტი არს
ამიტომაც დუმს ბრძენი კაცი ასეთ დროში, რადგან ეს ცუდი დროებაა.
გამოიძიეთ კეთილი და ნუ ბოროტი, რათა სცხონდეთ და იყოს ესრეთ უფალი ღმერთი, ყოვლისა მპყრობელი, თქვენ თანა, ვითარსახედ სთქუთ.
ეძიეთ სიკეთე და არა ბოროტება, რათა ცოცხალი დარჩეთ; ცაბაოთ უფალიც თქვენთან იქნება, როგორც თქვენ ამბობთ.
უკუეთუ მოვიძულენით ბოროტნი და შევიყუარენით კეთილნი და დაემტკიცოს ბჭეთა ზედა მსჯავრი, რათა შეიწყალნეს უფალმან ღმერთმან ყოვლისა მპყრობელმან დაშთომილნი იოსებისნი.
შეიძულეთ ბოროტი და კეთილი შეიყვარეთ; დაამკვიდრეთ სამსჯავროში სამართალი, ვინძლო შეიწყალოს უფალმა, ცაბაოთ ღმერთმა, იოსების ნატამალი!
ამისთჳს, - ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ყოვლისა მპყრობელი, შორის ყოველთა უბანთა ტყება, და შორის ყოველთა გზათა ითქუას: ვაჲ, ვაჲ. წოდებულ იქმნეს მუშაკი გლოვად და ტყებად და მეცნიერთადმი გოდებისათა,
რადგან ასე ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი: ყველა ქუჩაზე გლოვა იქნება და იტყვიან ყველა შუკაში: ვაი, ვაი! მოუხმობენ მიწათმოქმედს საგოდებლად და საგლოვად - მოტირალებს.
და ყოველთა ზედა გზათა ტყება, რამეთუ განვვლო საშუალ შენსა, თქუა უფალმან.
ყველა ვენახში გლოვა იქნება; როცა მე გავივლი შენს წიაღში, ამბობს უფალი.
ვაჲ რომელთა გული უთქუამს დღესა უფლისასა. რასათვის თქუენდა დღე იგი უფლისაჲ? და იგი არს ბნელ და არა ნათელ.
ვაი, უფლის დღის მონატრულთ! რისთვის გინდათ უფლის დღე? ბნელია ის და არა ნათელი.
ვითარსახედ უკუეთუ ივლტოდის კაცი პირისაგან ლომისა და დაემთხჳოს მას დათჳ და ივლტოდეს სახიდ მიმართ და დადგნეს ჴელნი მისნი კედელსა და უკბინის მას გუელმან.
როგორც ლომისგან გაქცეულ კაცს დახვდება დათვი, ან სახლში მისული მიეყუდება კედელს და გველი უკბენს.
არა ბნელ არს დღე უფლისაჲ და არა ნათელ და ალმურ არმქონებელ ნათელსა თჳსსა
განა ბნელი არ არის უფლის დღე და არა ნათელი? წყვდიადია და შუქის ნატამალი არ არის მასში.
მოვიძულენ და განვიშორებ დღესასწაულთა თქუენთა და არა ვიყნოსო კრებათა შინა თქუენთა
მძულს, მეზიზღება თქვენი დღესასწაულები და ვეღარ ვისუნთქავ თქვენს ზეიმებში!
მით, რამეთუ, უკუეთუ მომართუნეთ მე ყოვლადდასაწუელნი და მსხუერპლნი თქუენნი, არ შევილწყნარე და სამაცხოვარობოსა ზედმჩენისა თქუენისასა არა მივჰხედნე.
აღარ ვიღებ თქვენს აღსავლენებს და ძღვენებს, ზედაც არ ვუყურებ ნასუქალ ხარებს, სამადლობელ მსხვერპლად რომ მწირავთ.
გარდაადგინე ჩემგან ოხრაჲ საგალობელთა შენთაჲ და ფსალმუნი ორღანოთა შენთაჲ არა ვისმინო
განმარიდეთ თქვენი სიმღერების ხმაურს, თქვენი ქნარის ხმის მოსმენა აღარ მსურს.
და აღგორდეს, ვითარცა წყალი, საშჯელი და სიმართლე, ვითარცა მდინარე წიაღუვალი
წყალივით იდინოს სამართალმა და იყოს სიმართლე დაუწყვეტელ ნაკადულივით.
ნუ საკლველებსა და მსხუერპლებსა მომართუემდით მე, სახლო ისრაჱლისაო, ორმეოცთა წელთა უდაბნოსა ზედა?
განა მოგქონდათ ჩემთან მსხვერპლი და ძღვენი ორმოცი წლის მანძილზე უდაბნოში, ისრაელის სახლო?
და აღიღეთ კარავი მოლოქისი და ვარსკულავი ღმრთისა თქუენისა რემფაჲასი, სახენი მათნი, რომელნი ჰქმნენით თავთა თჳსთათჳს.
დაატარებდით თქვენი მოლოქის და ქიუნის კარავს, თქვენს კერპებს, თქვენი ღმერთის რაფანის ვარსკვლავს, თქვენსავე ნაკეთებს.
და გარდაგასახლნე თქვენ მიერ, კერძო დამასკისა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელ - სახელი მისი.
ამიტომაც დამასკოს იქით გადაგასახლებთ, ამბობს უფალი. ცაბაოთ ღმერთია მისი სახელი.
