ამოს წინასწარმეტყველი · თავი 2

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

ამათ იტყჳს უფალი: სამთა ზედა უთნოობათა მოაბისთა და ოთხთა ზედა არა გარემივექცე მას მის წილ, რომელ განსცემდეს ვეცხლად მართალსა მეიასნი მტუერად.

ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ მოაბს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ: კირად გამოწვა ედომის მეფის ძვლები.

2

და გამოვავლინო ცეცხლი მოაბსა ზედა და შეჭამნეს საფუძველნი ქალაქთა მისთანი და მოკუდეს უძალობასა შინა მოაბი ღაღადებასა თანა და ჴმასა თანა საყჳრისასა.

ცეცხლს წავუკიდებ მოაბს და შთანთქავს კერიოთის დარბაზებს; მოკვდება მოაბი აურზაურში, საომარ ყიჟინაში და საყვირის ხმაზე.

3

და მოვსპო მსაჯული მისგან და ყოველნი მთავარნი მისნი მოვაკუდინნე, - იტყჳს უფალი

ამოვძირკვავ მსაჯულს მისი წიაღიდან და დავხოცავ ყველა მთავარს მასთან ერთად, ამბობს უფალი.

4

ამათ იტყჳს უფალი: სამთა ზედა უთნოობათა ძეთა იუდაჲსთასა და ოთხთა ზედა არ გარემივექცე მათ განშორებისათჳს მათგან შჯულსა უფლისასა და ბრძანებანი მისნი არა დაიმარხნეს. და შეაცთუნნეს იგინი ამაოთა მათთა, რომელთა შეუდგეს მამანი მათნი უკანა მათსა.

ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ იუდას, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან უკუაგდეს უფლის რჯული და არ იცავენ მის წესებს; რადგან გზა-კვალი აურიეს მათ ცრუღმერთებმა, რომელთაც მათი მამა-პაპა მისდევდა.

5

და გამოვავლინო ცეცხლი იუდას ზედა და შეჭამნეს საფუძველნი იერუსალიმისანი

ცეცხლს წავუკიდებ იუდას და შთანთქაას იერუსალიმის დარბაზებს.

6

ამათ იტყჳს უფალი: სამთა ზედა უთნოობათა ისრაილისათა და ოთხთა ზედა არა გარემივექცე მას მის წილ, რომელ განსცემდეს ვეცხლად მართალსა და დავრდომილსა ფერჴთშესასხმელთათჳს

ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ ისრაელს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან ვერცხლზე ჰყიდიან მართალს და ღარიბ-ღატაკს - წყვილი ხამლისთვის.

7

მთრგუნველთა მტუერსა ზედა ქუეყანისასა, და დაჰჴუერთნიდეს თავებსა გლახაკთასა და გზასა მდაბალთასა განსდრეკდეს. და ძე და მამაჲ მისი შევიდოდეს მისვე მჴევლისა მიმართ, რათა შეაბილწონ სახელი ღმრთისაჲ მათისა

მიწის მტვერს ნატრულობენ უმწეოთა თავზე და გზიდან აცდენენ ბეჩავ ხალხს; შვილი და მამა ერთ ქალთან მიდიან ჩემი წმიდა სახელის შესალახავად.

8

და შესამოსელთა მათთა მომბმელნი საბლებისანი კრეტსაბმელებად ჰყოფდეს მახლობელად საკურთხევლისა და ღჳნოსა ცილისწამების გამო სუმიდეს სახლსა შინა ღმრთისა მათისასა

დაგირავებულ სამოსელზე განრთხმულან ყოველ სამსხვერპლოსთან და გამოძალულ ღვინოს სვამენ ღვთის სახლში.

9

ხოლო მე აღვიღე ამორრეველი პირისაგან მათისა, რომლისა იყო, ვითარცა სიმაღლე ნაძჳსაჲ, სიმაღლე მისი. და ძლიერ იყო ვითარცა მუხა. და განვაჴმე ნაყოფი მისი ზენაჲთ და ძირნი მისნი ქუენაჲთ

გავანადგურებ ამორეველს მის წინაშე, კედარივით რომ ამაღლდა და მუხასავით გამაგრდა; გავანადგურებ მაღლა მის ნაყოფს და დაბლა მის ფესვებს.

10

და მე აღმოგიყუანენ თქუენ ქუეყანისაგან ეგჳპტისა. და მიმოგიყუანენ თქუენ უდაბნოს ზედა ორმეოც წელ დამკჳდრდებად ქუეყანასა ამორრეველთასა.

იმისთვის გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან და ორმოცი წელი გატარეთ უდაბნოში, რომ დაგემკვიდრებინათ ამორეველთა ქვეყანა.

11

და მოვიხუენ ძეთაგან თქუენთა, ვითარცა წინაწარმეტყუელნი, და ჭაბუკთაგან თქუენთა სიწმიდედ. ნუ არა არიანა ესენი ძეთა ისრაჱლისათად? - იტყჳს უფალი

შენს ძეთა შორის აღვძარი წინასწარმეტყველნი და შენს ყრმათა შორის - მოწმიდარნი; ასე არ იყო, ისრაელიანებო? ამბობს უფალი.

12

და ასუემდით განწმედილთა ღჳნოსა და წინაწარმეტყუელთა ამცნებდით მეტყუელნი: არა წინაწარმეტყუელებდეთ

თქვენ კი ღვინოს ასმევდით მოწმიდარებს და უბრძანებდით წინასწარმეტყველთ, ნუ წინასწარმეტყველებთო!

13

ამისთჳს, აჰა, მე ავაგორვებ ქუეშე კერძო თქუენსა, ვითარსახედ გორავს ურემი სავსე ლელწმითა

აჰა, გადაგჯეგავთ, როგორც ძნებით სავსე ურემი ჯეგავს.

14

და წარწყმდეს სივლტოლაჲ მსრბოლისაგან და ძლიერმან ვერ დაიპყრას ძალისა თჳსისაჲ და მბრძოლმან ვერ აცხოვნოს სული თჳსი.

მკვირცხლი დაკარგავს სირბილის უნარს და ძლიერი ძალას ვერ მოიცემს; მამაცი კაცი თავს ვერ დაიხსნის.

15

და მშჳლდოსანმან ვერ უძლოს წინააღგომად და ქუეითი ვერ განერეს ფერჴითა თჳსითა და ვერცა განარინოს ლაშქარნი.

მშვილდის მპყრობელი ვერ გაუძლებს, ვერც ფეხმარდი ვერ გადარჩება და ვერც მხედარი ვერ იხსნის თავს.

16

და იპოოს გული მისი ძლიერთა შორის შიშუელი, სდევნიდეს მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი.

გულმაგარიც კი მამაცთა შორის შიშველი გაიქცევა იმ დღეს, ამბობს უფალი.