აბაკუმ წინასწარმეტყველი · თავი 3

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

ლოცვაჲ ამბაკომ წინაწარმეტყუელისა გალობით:

აბაკუმ წინასწარმეტყველის ლოცვა საგალობლად.

2

უფალო, მესმა სასმენელი შენი და შემეშინა, უფალო, განვიცადენ საქმენი შენნი და განვჰკერთ საშუალ ორთა ცხოველთასა. იცნობე მოახლებისა შორის წელთაჲსა, გამოსცხადენ მუნ ყოფასა შორის ჟამისასა, აღმოიჩინე აღშფოთებასა შინა სულისა ჩემისასა, რისხვისა მიერ წყალობაჲ მოიჴსენო.

უფალო, გავიგონე შენგან გასაგონი და შემეშინდა. უფალო, იხსენ შენი ქმნილება სიცოცხლის შუა ძალზე; გააცხადე სიცოცხლის შუაძალზე, რომ რისხვის დროსაც კი მახსოვს შეწყალება.

3

ღმერთი თემანით მოვიდეს და წმიდაჲ მთისაგან ჩრდილოჲსა მაღნარისაჲსა (განსუენება), დაფარნა ცანი სათნოებამან მისმან და ქებითა მისითა სავსე ქუეყანაჲ

თემანიდან მოდის ღმერთი და წმიდა - ფარანის მთიდან; დაფარა ზეცა მისმა ბრწყინვალებამ და მისმა დიდებამ აავსო დედამიწა.

4

და მთოვარე მისი ვითარცა ნათელი იყოს, რქანი ჴელთა შინა მისთა.

დღესავით ბრწყინავს მისი ნათელი, შუქს ასხივებს მისი ხელი და აქ იმალება მისი ძლიერება.

5

და დადვა შეყუარება მტკიცე ძალისა მისისა. წინაშე პირსა მისსა ვიდოდეს სიტყუა. და განვიდენ ველისა შორის ფერჴნი მისნი.

შავი ჭირი მიუძღვება წინ და ფეხდაფეხ მიჰყვება ჟამი.

6

და დადგა და შეიძრა ქუეყანა, ზედ მიიხილა და დადნეს წარმართნი და დაიმუსრნეს მთანი იძულებითა, დადნეს ბორცუნი საუკუნენი მისნი.

შედგა და გათელა მიწა; გაიხედა და შეაძრწუნა ხალხები; გაცამტვერდა საუკუნო მთები, ჩამოიქცა საუკუნო ბორცვები. საუკუნოა მისი გზასავალი.

7

შრომათა წილ ვიხილენ დაკარვებანი ეთიოპელთანი. შეძრწუნდენ დაკარვებანი ქუეყანისა მადიამისანი.

განსაცდელში ვხედავ ქუშანის კარვებს, ირხევიან მიდიანის ქვეყნის ფარდები.

8

ნუ მდინარეთა ზედა განჰრისხნე, უფალო, ანუ მდინარეთა ზედა გულისწყრომაჲ შენი, ანუ ზღუასა ზედა მიმართება შენი, რამეთუ ზედა აჰჴედ ცხენთა ზედა შენთა და ცხენიანობაჲ შენი მაცხოვარება.

ნუთუ მდინარეებს დაატყდა შენი რისხვა, უფალო, ნუთუ მდინარეებს შენი მძვინვარება და ზღვას შენი გულისწყრომა, შენს ცხენებზე, შენს ძლევის ეტლებზე რომ ამხედრდი?

9

გარდამცუმელი გარდაუცუამ მშჳლდსა შენსა სკიპტრათა ზედა, - იტყჳს უფალი, - მდინარეთა განიპოს ქუეყანაჲ.

შენ იშიშვლე მშვილდი, როგორც ხალხებისთვის გქონდა დაფიცებული, მდინარეებად დაღარე დედამიწა.

10

გიხილონ შენ და ელმოდის ერთა. განმაბნეველმან წყალთამან სლვად მისსა მოსცა უფსკრულმან ჴმაჲ მისი, სიმაღლე საოცრებისა მისისაჲ.

დაგინახეს და შედრკნენ მთები; გადაიარა წყლის ნიაღვარმა, ხმა გაიღო წყლის უფსკრულმა, აღმართა ხელები.

11

ამაღლდა მზე და მთოვარე დადგა წესსა ზედა მისსა. ნათლად სატყორცნი შენნი ვიდოდიან. ბრწყინვალებად ელვისა საჭურველი შენი.

მზე და მთვარე დაყოვნდნენ თავიანთ სადგომებში; შენი ისრების შუქზე დადიან ისინი, შენი ელვარე შუბის შარავანდზე.

12

ქადებისა მიერ შეამცირო ქუეყანაჲ და რისხვისა მიერ დააკუეთნე წარმართნი.

რისხვით აბიჯებ დედამიწაზე და გულისწყრომიი თელავ ხალხებს.

13

და გამოხუედ მაცხოვარებად ერისა შენისა. ცხოვნებად ცხებულთა შენთა მოხუედ. მიავლინე თავთამი უსჯულოთასა სიკუდილი, აღადგინენ საკრველნი ვიდრე ქედამდე სრულიად. (გ ა ნ ს ვ ე ნ ე ბ ა).

შენი ერის გამოსასხნელად გამოხვედი, შენი ცხებულის გამოსახსნელად; ჭერი ჩაუნგრიე ბოროტეულის სახლს, ძირიდან თხემამდე გააშიშვლე.

14

წარჰკუეთენ განკჳრვებისაგან თავნი ძლიერთანი, შეიმალნენ მას შინა, განახუნენ აღჳრნი მათნი, ვითარცა რომელი ჭამნ გლახაკი იდუმალ.

თავი გაუგმირე მათივე კვერთხებით მის ბელადებს, როცა მოგრიალდნენ ჩემს გასაცამტვერებლად და ყიჟინებდნენ, ბედშავის იდუმალ ჩასაყლაპად.

15

და ზედავლინენ ზღჳსა ჰუნენი შენნი, აღმძრველნი წყალთა მრავალთანი.

შენი ცხენებით ზღვა გაქვს გათელილი, ადიდებული წყლების ზვირთები.

16

დავიცევ, და შეძრწუნდა გული ჩემი ჴმისაგან ლოცვისა ბაგეთა ჩემთასა. და შეედვა ძრწოლაჲ ძუალთა ჩემთა და ქუეშე კერძო ჩემსა შეშფოთნა ჴორცნი ჩემნი. განვისუენო მე დღესა შინა ჭირისა ჩემისასა აღსლვასა ჩემსა ერისადმი მსხემობისა ჩემისა

გავიგონე და შემეძრა შიგნეული, მის ხმაზე ამითრთოლდა ბაგეები, ტეხა დამიწყო ძვლებმა და ადგილზე დავბარბაცდი; მაგრამ მშვიდად დაველოდები გასაჭირის დღეს, როცა ჩემს ხალხს გასაძარცვავად დაესხმიან.

17

მით, რამეთუ ლეღუმან არ ინაყოფიეროს. და არა იყუნენ ნაშრომნი ვენაჴთა შორის. ცრუობდეს საქმე ზეთისხილისა და ველთა არა ყონ საჭმელი. მოაკლდეს საჭმლისაგან ცხოვარნი და არა იყუნენ ჴარნი, ზროხანი ბაგათა ზედა.

თუნდაც აღარ აყვავდეს ლეღვი, აღარ გამოისხას ვაზმა მტევანი, გამტყუნდეს ზეთისხილის ნაყოფი, ყანებმა საზრდო არ მოიტანოს, მოწყდეს ფარეხიდან ცხვარი და აღარ დარჩეს ბოსლებში საქონელი.

18

ხოლო მე უფლისა მიმართ ვიხარებდე და მხიარულ ვიყო ღმერთისა მიმართ მაცხოვარისა ჩემისა.

მე მაინც უფალში გავიხარებდი, ჩემი ხსნის ღმერთში ვნახავდი შვებას.

19

უფალი ღმერთი ჩემი ძალ ჩემდა. და დააწესნეს ფერჴნი ჩემნი დასასრულადმი და მაღალთა ზედა აღმიყუანა მე ძლევად ჩემდა გალობისა შორის მისისა.

უფალი ღმერთია ჩემი ძალა; ირმის ფეხებს შემაბამს და ჩემს გორაკებს მომატარებს (ლოტბარისთვის, ჩემს სიმებიან საკრავებზე).