აბაკუმ წინასწარმეტყველი · თავი 1

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

მიღებაჲ, რომელი იხილა ამბაკუმ წინაწარმეტყუელმან.

განაჩენი, რომელიც იხილა აბაკუმ წინასწარმეტყველმა.

2

ვიდრე რომლისამდე, უფალო, ვღაღადებდე და არა ისმენ, ვჴმობ შენდამი დაჭირვებული და არა მიჴსნი?

როდემდის უნდა ვითხოვდე შველას, უფალო, და არ ისმენდე? შემოგჩიოდე ძალადობის გამო და არ მშველიდე?

3

რაჲსათჳს მიჩუენენ მე ტკივილნი და შრომანი ზედადახედვად საარებისა და უთნოობისა და წინაშე ჩემსა იქმნა მსჯავრი და მსაჯული მიიღებს.

რისთვის მაყურებინებ სიცრუეს და მახილვინებ სიავეს? ძარცვა-გლეჯა და ძალადობაა ჩემს წინაშე, მტრობა და შუღლია ჩამოვარდნილი.

4

და ამისთჳს განქარვებულ არს შჯული. და არ მიიწევის სრულებად სამართალი, რამეთუ უთნო ჰმძლავრობს მართალსა. ამისთჳს გამოვალს მსჯავრი გულარძნილი.

ამიტომაც გაცუდდა რჯული და აღარ ჭრის სამართალი; რადგან უსამართლო ჯაბნის მართალს; ამიტომაც გამოდის უკუღმართი მსჯავრი.

5

იხილეთ შეურაცხისმყოფელნო და მოიხილეთ; დაიკჳრვენით საკჳრველნი და უჩინო იქმნენით მით, რამეთუ საქმესა ვიქმ მე დღეთა შინა თქუენთა, რომელი არა ირწმუნოთ, უკეთუ ვინ მიგითხრას თქუენ.

შეხედეთ ხალხებს, დააკვირდით და განცვიფრდით, რადგან ისეთ რასმე მოვიმოქმედებ თქვენს დროში, ამბად გაგონილსაც არ დაიჯერებთ.

6

მით, რამეთუ, აჰა, აღვადგენ მე ქალდეველთა, ნათესავსა მწარესა და კისკასსა, მავალსა სიბრტყეთა ზედა ქუეყანისათა, დამკჳდრებად დასაკარვებელთა არამისთა

რადგან, აჰა, აღვძრავ ქალდეველებს, ხალხს სასტიკსა და ფიცხელს, და მოივლიან მთელს დედამიწას, რომ დაეპატრონონ საცხოვრებლებს, რომლებიც მათ არ ეკუთვნით.

7

საშინელ და საჩინო არს. მისგან არს მსჯავრი მისი და მისაღებელი მისი მისგან მოვიდეს.

საშიშია და შემზარავი, მისგან გამოდის მსჯავრი და სასჯელი.

8

და ვლდებოდიან უფროს ვეფხისა ცხენნი მისნი და უმაღლეს უფროს მგელთა არაბიასათა. და ცხენოოდიან მჴედარნი მისნი; და მიიმართებდენ შორით და ფრინვიდენ, ვითარცა არწივი გულსმოდგინე ჭამად.

ჯიქზე უსწრაფესია მისი ცხენები, ბინდის მგლებივით მზერამახვილნი; დაჯირითობენ მისი მხედრებ, მოგრიალდებიან მხედრები შორიდან, მოფრინდებიან მსხვერპლს დაღირებული არწივებივით.

9

აღსასრული უღონოთა ზედა მოიწიოს, წინააღმდგომთა წინაშე პირთა მათ და შეკრიბოს ნატყუენავი, ვითარცა ქჳშაჲ.

ერთიანად მოდის საალაფოდ, აღმოსავლეთისკენ პირმიქცეული, და ქვიშასავით მიხვეტავს ტყვეებს.

10

და თჳთ მეფეთა შორის განიშუას და მძლავრნი სამღერელ მისსა. და იგი ყოველსა ზედა სიმაგრესა მისსა იმღეროდის. და დადვას მიწად და დაიპყრას იგი.

ამასხრებს მეფეებს და მთავრებს საცინად იგდებს; დასცინის ყოველ ციხე-სიმაგრეს, მიწაყრილებს ახვავებს მათ ასაღებად.

11

მაშინ გარდაცვალოს სული. და განვლოს და ულხინოს ესე ძალი ღმერთსა ჩემსა.

მაშინ მოიცემს გულს, საზღვარს გადავა და შესცოდვას. მისი ძალა კი მის ღმერთშია!

12

არა შენ დაწყებითგან უფალი ღმერთი წმიდაჲ ჩემი ხარ? და არა მოვკუდეთ! უფალო, მსჯავრად დააწესე იგი და დამბადე მე მხილებად სწავლისა მისისა.

შენ ხომ უკუნისიდან ხარ, უფალო, ჩემო ღმერთო, ჩემო წმიდავ! არ დავიხოცებით! უფალო, სამსჯავროდა გყავს დადგენილი იგი; საფარველო, სამხილებლად გყავს განწესებული!

13

წმიდა არს თუალი არა ხედვად ბოროტისა, და ზედ დახედვად ტკივილთა ზედა შეუძლოს არსადა. რად ზედ დაჰხედვა შეურაცხისმყოფელთა ზედა დაიდუმებ შთანთქმასა უთნოსაგან მართლისასა?

სუფთაა სახედველნი ბოროტების საყურებლად და არ ძალგიძს სიავის ჭვრეტა. რატომ უცქერ მუხანათებს და დუმხარ, როცა ბოროტეული ყლაპავს მართალს?

14

და ჰყოფ კაცთა, ვითარცა თევზთა ზღჳსათა, და ვითარცა ქუეწარმძრომელთა არ მქონებელთა წინამძღუარისათა?

ზღვის თევზებივით გაგიხდია ადამიანები, უპატრონო ქვეწარმავლებივით.

15

მოსასრულებელად სამჭედურითა აღმოიტაცა და მოიზიდა იგი სათხევლითა და შეკრიბა იგი სათრომელთა მიერ მისთა. ამისთჳს იხარებდეს და იშუებდეს გული მისი.

ყველანი ანკესით ჰყავს ამოყვანილი, თავისი სათხევლით ამოთრეული და თავის ბადეში გამომწყვდეული. ამიტომ ხარობს და ზეიმობს.

16

ამისთჳს უგოს სათრომელსა თჳსსა და უკმიოს საკმელითა თჳსითა სათხეველსა მისსა, ოდეს მათ შორის განაპოხა ნაწილი მისი და ჭამადნი მისნი რჩეულნი.

ამიტომ სწირავს მსხვერპლს თავის სათხეველს და უკმევს თავის ბადეს, რადგან მათგან აქვს მსუყე კერძი და ნოყიერი საჭმელი.

17

ამისთჳს განჰმარტნეს სათხეველნი თჳსნი და მარადის მოკლვად ნათესავთა არა ერიდოს.

ნუთუ ამისთვის უნდა ისროდეს თავის სათხეველს და უწყალოდ ხოცავდეს ხალხებს გამუდმებით?