მესამე მეფეთა · თავი 6

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და იყო, წელსა მას ოთხას და მეორმოცესა შემდგომად გამოსლვისა მის ძეთა ისრაჱლისათა ქუეყანით ვგჳპტით, წელსა მეოთხესა თთვესა მეორესა, სუფევასა სოლომონ მეფისასა ისრაჱლსა ზედა, იწყო საქმედ ტაძრისა მის უფლისა.

ისრაელიანთა ეგვიპტიდან გამოსვლის ოთხასმეოთხმოცე წელს, ისრაელზე სოლომონის მეფობის მეოთხე წელს, ზივის თვეში, ანუ მეორე თვეში, შეუდგა იგი უფლის სახლის შენებას.

2

და ტაძარი იგი, რომელ აღუშენა სოლომონ მეფემან უფალსა, სამეოც წყრთა - სიგრძე მისი და ოც წყრთა - სივრცე მისი და ოც წყრთა - სიმაღლე მის ტაძრისა.

სახლი, რომელიც სოლომონმა აუშენა უფალს, სიგრძით სამოცი წყრთა იყო, სიგანით - ოცი წყრთა, სიმაღლით - ოცდაათი წყრთა.

3

და კამარა ერთ პირისპირ მის ტაძრისასა - ოც წყრთა, სიმაღლე მის სწორად სიმაღლისა მის ტაძრისა, და ათ წყრთა - სივრცე მისი პირისპირ ტაძრისა მის და აღქმნა და აღასრულა ტაძარი იგი.

სტოა ტაძრის წინ სიგრძით ოცი წყრთა იყო, ტაძრის სიგანის შესაბამისად, ხოლო სიგანე - ათი წყრთა, სახლის წინ.

4

და უქმნნა ტაძარსა მას სარკმელნი კანკლედნი და ფრიალნი.

გაუკეთა სახლს სარკმელები, რომლებიც იღებოდა და იკეტებოდა.

5

და მოადგა არდაბაგი გარემო ზღუდესა მას მის ტაძრისასა და დაბირსა და მოაქმნა კედლისკედელ გარემო კედელთა მათ.

მიუშენა სახლის კედელს სართულები სახლის კედლების ირგვლივ, ტაძრისა და დაბირის ირგვლივ; მიუშენა შრამელები ირგვლივ.

6

კედელი იგი შინაგანი - ხუთ წყრთა სივრცე მისი, და კედელი იგი მეორე - ექუს წყრთა - სივრცე მისი და მესამისა მის - შჳდ წყრთა - სივრცე მისი და განამარტა მოტიხურით გარემო ზღუდეთა მათ ტაძრისათა, რათა არა ევნებოდის კედელთა მის ტაძრისათა.

ქვედა სართული ხუთი წყრთა იყო სიგანით, შუა - ექვსი წყრთა სიგანით, ხოლო მესამე - შვიდი წყრთა სიგანით, რადგან სახლს ირგვლივ შვერილი კოჭები ჰქონდა გარედან დატანებული, რომ სახლის კედლებს ხარაჩო არ მიჰკარებოდა.

7

და აღიშენა ტაძარი იგი ქვითა უთლელითა და ჴმაჲ ჭურჭლისა და რკინისა ყოვლადვე არა ისმა შენებასა მის ტაძრისასა.

როცა სახლი შენდებოდა, ზოდებად მოჭრილი ქვით შენდებოდა; არც ჩაქუჩის, არც კვერის და არცერთი რკინის იარაღის ხმა არ გაღებულა სახლში მისი შენებისას.

8

და ბჭე გუერდით შინაგან მარჯუენით მჴარსა მას მის ტაძრისასა და აღსავალი მისი გარემოთ საშუალადმდე საშუალითგან ვიდრე მესამედ სართულადმდე.

შუა სართულზე ასასვლელი სახლს მარჯვენა ფრთაზე ჰქონდა. დახვეული კიბით ადიოდნენ შუა სართულ ზე, და შუა სართულიდან - მესამეზე.

9

და აღქმნა ტაძარი იგი და აღასრულა და განარჩუნა ტაძარი იგი ფიცრითა შედგმულითა და ძელითა ფიჭვისათა.

როცა დაასრულა სახლის შენება, კედარის ფიცრებითა და კოჭებით გადახურა სახლი.

10

და აღაშენა კედელთა მათ თანა მის ტაძრისათა სვეტებს ქვეშე კამარათა მათ ხუთ წყრთა სიმაღლით და აღრჩუნნა სუეტნი იგი ძელითა ფიჭვისათა.

სართულები მიუშენა მთელს სახლს, თითო ხუთი წყრთა სიმაღლისა და კედარის ძელებით მიამაგრა სახლს.

11

და იყო სიტყუაჲ უფლისა სოლომონის მიმართ და თქუა:

გამოეცხადა სოლომონს უფლის სიტყვა: აჰა, აშენებ ამ სახლს.

12

სახლსა მაგას, რომელსა მიშენებ მე, უკუეთუ ბრძანებათა ჩემთა ხჳდოდი და სამართალნი ჩემნი ჰყვნე და დაიცვნე ყოველნი მცნებანი ჩემნი სლვად მათ შინა, და დავამტკიცნე სიტყუანი ჩემნი შენ თანა, რომელსა ვეტყოდე დავითს, მამასა შენსა.

მაგრამ თუ ივლი ჩემს წესზე და ჩემს სამართალს გააჩენ, თუ დაიცავ და გაჰყვები ჩემს ნაბრძანევს, მაშინ შეგისრულებ სიტყვას, რომელიც დავითს, მამაშენს ვუთხარი -

13

და დავემკჳდრო შორის ძეთა ისრაჱლისათა და არა უგულებელს-ვყო ერი ჩემი ისრაჱლი.

დავმკვიდრდები ისრაელიანთა შორის და არასოდეს მივატოვებ-მეთქი. ჩემს ერს, ისრაელს-მეთქი.

14

და ქმნა სოლომონ ტაძარი იგი და აღასრულა.

როცა დაასრულა სახლის შენება სოლომონმა,

15

და აღრჩუნნა კედელნი იგი მის ტაძრისანი ძელითა ფიჭჳსათა იატაკითგან ვიდრე თავამდე და ვიდრე მოსლებამდე და მორჩუნა ძელითა შინათგან და განრჩუნა შინაგანი გუერდი ერთი ტაძრისა მის ძელითა ნაძჳსათა.

კედარის ფიცრები ააკრა სახლის შიდა კედლებს იატაკიდან ჭერამდე; ჭერი შიგნიდან ხით მოაპირკეთა და სახლის იატაკზე კვიპაროსის ფიცრები დააგო.

16

და შემოაქნა ტაძარსა მას გუერდი ერთი, ოც წყრთა სიმაღლე მისი იატაკითგან ვიდრე მოსლამდე, და შემოაქნა კედელი იგი დაბირსა წმიდასა მას წმიდათასა.

სახლის კიდეებიდან ოც წყრთაზე ააკრა კედარის ფიცრები იატაკიდან ჭერამდე და განაკუთვნა იგი დაბირისთვის, წმიდათა წმიდისთვის.

17

ორმეოც წყრთა იყო ტაძარი იგი შინაგანი.

ორმოცი წყრთა იყო წინიდან სახლი, ანუ ტაძარი.

18

და განრჩუნა ტაძარი იგი შინაგანი ძელითა ფიჭჳსათა, კამარები მისნი და სვეტნი მისნი გამოქანდაკებულნი ყოველი ძელითა ფიჭუთა და არა ჩნდა ქვა

კედარის ფიცრებზე სახლის შიგნით კიტრები და გაშლილი ყვავილები იყო ამოჩუქურთმებული; ყველა ფერი კედარისგან იყო, ქვა არ ჩანდა.

19

პირისპირ დაბირისა შორის ტაძარსა მას შინაგან და განმზადა მუნ ადგილი დასადგმელი კიდობნისა მის აღთქმისა უფლისა.

შუა სახლში მოაწყო დაბირი, რომ იქ უფლის აღთქმის კიდობანი დაედგა.

20

და პირსპირ დაბირსა - ოც წყრთა სიგრძო მისი და ოც წყრთა - სივრცე მისი და ოც წყრთა - სიმაღლე მისი, და განრჩუნა იგი ოქროთა მყარითა და ქმნა საკურთხეველი ძელისაგან ფიჭჳსა.

დაბირის სიგრძე ოცი წყრთა იყო, სიგანეც ოცი წყრთა, სიმაღლეც ოცი წყრთა. წმიდა ოქროთი დაფერა იგი, ოქროთვე დაფერა კედარის სამსხვერპლო.

21

და განრჩუნა სოლომონ ტაძარი იგი შინაგან ოქროთა რჩეულითა და დამსჭვალა ოქროსა სამშჭულებითა პირისპირ დაბირისა და შემოსა იგი ოქროთა.

დაფერა შიგნიდან სახლი წმიდა ოქროთი სოლომონმა, გადაჭიმა ოქროს ჯაჭვები დაბირის წინ, რომელიც ოქროთი დაფერა.

22

და ყოველსა მას ტაძარსა შესცხო თქრო და შინაგან დაბირსა მას ქმნნა პეპელნი ოქროსანი.

მთელი სახლი ოქროთი დაფერა, მთლიანად მთელი სახლი, და მთელი სამსხვერპლო დაბირის წინ მდგარი, ოქროთი დაფერა.

23

და ქმნნა შინაგან დაბირსა მას ორნი ქერობინნი ძელისა ურთხელისაგან, ათ წყრთით სწორად სიდიდე მისი.

გააკეთა დაბირში ორი ქერუბიმი ზეთისხილის ხისგან, რომლის სიმაღლე ათი წყრთა იყო.

24

ხუთ წყრთა ერთი ფრთე მისი, ხუთ წყრთა მეორე ფრთე მისი და ათ წყრთა ფრთით ფრთედ ფრთეთა მისთა,

ერთი ფრთა ხუთი წყრთა ჰქონდა ქერუბიმს, მეორე ფრთაც ხუთი წყრთა. ათი წყრთა იყო ერთი ფრთის ბოლოდან მეორე ფრთის ბოლომდე.

25

ეგრეცა მეორისა მის ქერობინისა ერთითა სწორითა ერთ სწორება ქერობინთა მათ.

ათი წყრთა იყო მეორე ქერუბიმიც; ორივე ქერუბიმს ერთი ზომა და ერთი სახე ჰქონდა.

26

და სიმაღლე ერთისა მის ქერობინისა ათ წყრთა, ეგრეცა მეორისა მის ქერობინისა.

ერთი ქერუბიმის სიმაღლე ათი წყრთა იყო, ასევე მეორე ქერუბიმისაც.

27

და დადგნა ორნივე იგი ქერობინნი საშუალ ტაძარსა მას შინაგანსა და განუფინნა ფრთენი მათნი და მისწუდებოდა ფრთე ერთისა მის ქერობინისა ერთკერძო კედელსა მის ტაძრისასა და მისწუდებოდა ფრთე ქერობინისა მის მეორისა კედელსა მას მეორესა და ფრთენი მათნი საშუალ ტაძარსა მას შესწორდებოდეს ერთიერთსა ფრთე ფრთესა.

დადგა ქერუბიმები შიდა სახლის შუაგულში; გაშლილი ჰქონდათ ფრთები ქერუბიმებს; ერთი ქერუბიმის ფრთა ერთ კედელს სწვდებოდა, მეორე ქერუბიმის ფრთა - მეორე კედელს; ხოლო სახლის შუაგულისკენ მიმართული მათი ფრთები ერთმანეთს ეხებოდნენ.

28

და შემოსნა ქერობინნი იგი ოქროთა.

ოქროთი დაფერა ქერუბიმები.

29

და ყოველნი კედელნი ტაძრისანი მის გარემოს ქანდაკებით მოწერნა ქერობინისსახედ და დანაკისკუდისსახედ და გამოხატულნი სახილველნი შინაგან და გარეშე ქერობინთა მათ.

სახლის მთელს კედლებზე ირგვლივ - შიგნიდან და გარედან, ქერუბიმების, ფინიკის ხეებისა და გაშლილი ყვავილების გამოსახულებანი მოაჩუქურთმა.

30

და იატაკი ტაძრისა მის შინაგანისა და გარეშისა მორჩუნა ოქროთა.

სახლის იატაკიც ოქროთი დაფერა, შიგნიდანაც და გარედანაც.

31

და კარები დაბირისა მისი ქმნა ძელისაგან ღვივის და ზღურბლნი მისნი ხუთნაკეცითა.

დაბირში შესასვლელად გააკეთა ზეთისხილის ხის კარედი, რომლის ჩარჩო და წყრთილები კედლის სიმაღის მეხუთედი იყო.

32

და ორნი კარნი ძელთაგან ნაძჳსათა და ქანდაკნი და ჭედილნი ქერობინისსახედ და დანაკისკუდისსახედ და პეპელნი აღფრინვებულნი და შემოსნა იგინი ოქროთა და მოძერწა გარემოს ქერობინთა მათ და დანაკისკუდთა ოქრო.

ზეთისხილის ხის ორ კარედზე ქერუბიმები, ფინიკის ხეები და გაშლილი ყვავილები ამოაჩუქურთმა და ოქროთი დაფერა. მოაოქროვა ქერუბიმიც და ფინიკის ხეებიც.

33

ეგრევე სახედ აქმნა ბჭეთა მათ ტაძრისათა ზღრუბლნი ოთხნაკეცად ძელთაგან ღვივისათა,

ტაძრის შესასვლელსაც ასევე გაუკეთა ზეთისხილის ხის ოთკუთხა წირთხლები,

34

და ორნივე იგი ბჭენი ძელთაგან ნაძუთასა ორკერძო განღებით და ქსულნი მათნი იმერ-ამიერ.

და კვიპაროსის ხის ორი კარედი. ერთი კარედის ორივე ფრთა ტრიალებდა, მეორე კარის ორივე გვერდიც ტრიალებდა.

35

და ბჭე იგი მეორე გარემოქცევით და ქანდაკნი ბჭეთანი მათ ქერობინისსახედ და დანიკისკუდისსახედ და პეპელნი აღფრინვებულნი და შემოსა ოქროთა მოძერწვით გარემოს ქმნულება იგი.

ამოაჩუქურთმა ქერუბიმები, ფინიკის ხეები და გაშლილი ყვავილები და ოქროთი დაფერა ჩუქურთმის ღარები.

36

და აღაშენა ეზო იგი შინაგანი სამნაკეცად და მოფეტნა ძელითა ფიჭჳსათა.

მოაწყო შიდა ეზო სამი წყება თლილი ქვისაგან და ერთი წყება კედარის ძელებისგან.

37

წელსა მას მეოთხესა და დადვა საძირკველი ტაძრისა მის უფლისა თთვესა მას იუსსა წელსა მას მეათერთმეტესა სუფევისა თვისისასა თვესა მას იბულს (რამეთუ იგი არს თვე მერვე). აღესრულა ტაძარი იგი მსგავსად ყოვლისა სიტყჳსა მისისა და მსგავსად ყოვლისა განგებისა მისისა და აღასრულა ტაძარი იგი შვიდსა წელსა.

მეოთხე წელს, ზივის თვეში, ჩაეყარა საძირკველი უფლის სახლს.

38

მეთერთმეტე წელს, ბულის თვეში, რომელიც არის მერვე თვე, გაასრულა სახლი ყოველი წესისა და რიგის მიხედვით. შვიდ წელიწადს აშენებდა სახლს.