მესამე მეფეთა · თავი 17
და ჰრქუა ელია წინაწარმეტყუელმან, რომელი-იგი იყო თეზიბით გალადისაჲთ, აქაბს: ცხოველ არს უფალი ღმერთი ძალთა, ღმერთი ისრაჱლისა, რომლისა წინაშე ვდგა მე, უკუეთუ იყოს ცვარი გინა წვიმა ამათ წელთა თჳნიერ სიტყუათა პირისა ჩემისათა.
უთხრა ელია თიშბელმა, გალაადის მაცხოვრებმა, აქაბს: ვფიცავ უფალს, ისრაელის ღმერთს, რომლის წინაშე ვდგავარ, რომ არ იქნება ამ წლებში ცვარი და წვიმა, თუ არა ჩემს სიტყვაზე.
და იყო სიტყუაჲ უფლისა ელიასსა და ჰრქუა:
და გამოეცხადა უფლის სიტყვა:
წარვედ ამიერ მზისა აღმოსავალად კერძო და დაიმალე ნაღვარევსა მას ქორათისასა, რომელ არს პირისპირ იორდანესა.
წადი აქედან და აღმოსავლეთისკენ იარე, ჩაიმალე ქერითის ხევში, იორდანეს გასწვრივ.
და იყოს შენდა სუმა წყლისა ნაღვარევისა მისგან და ყორანთა უბრძანო და გზრდიდენ შენ მუნ.
ამ ხევიდან სვი წყალი; ყორნებს ვუბრძანებ, რომ გკვებონ მანდ.
და წარვიდა ელია ბრძანებითა უფლისათა, მივიდა და დაჯდა ნაღვარევსა მას ქორათისასა, პირისპირ იორდანესა.
წავიდა ისიც და უფლის სიტყვისამებრ მოიქცა; წავიდა და ჩაჯდა ქერითის ხევში, იორდანეს გასწვრივ.
და ყორანნი მოართუმიდეს მას პურსა და ჴორცსა. განთიად - პურსა და ჴორცსა - მწუხრად, და ნაღვარევისა მისგან სუმიდა წყალსა.
მოჰქონდათ მისთვის ყორნებს დილაობით პური და ხორცი, და საღამოობითაც პური და ხორცი. წყალს კი ხევიდან სვამდა.
და იყო შემდგომად დღეთა მათ და განჴმა ნაღვარევი იგი.
გამოხდა ხანი და დაშრა ხევი, რადგან წვიმა არ მოდიოდა ქვეყნად.
და იყო სიტყუაჲ უფლისა ელიას მიმართ და ჰრქუა:
მაშინ გამოეცხადა უფლის სიტყვა:
აღდეგ და წარვედ სარეფთად სიდონიისსა და დასჯდე მუნ და, აჰა, მიმცნებიეს მე დედაკაცისა ერთისა ქურივისა გამოზრდად შენი.
ადექი და წადი ციდონის ცარფათში და იქ იცხოვრე. ნაბრძანები მაქვს იქ ერთი ქვრივი ქალისთვის, რომ საჭმელი გაჭამოს.
და აღდგა და წარვიდა სარეფთად ბჭეთა მათ მის ქალაქისათა და, აჰა, მუნ დედაკაცი ერთი ჰკრეფდა შეშასა და ჴმა-უყო ელია და ჰრქუა მას: მომართუ მცირედ ჭურჭლითა წყალი და ვსუა.
ისიც ადგა და წავიდა ცარფათში. ქალაქის კარიბჭეს რომ მიადგა, ხედავს, ქვრივი ქალი აგროვებს შეშას. დაუძახა და უთხრა: ცოტა წყალი მომიტანე ჭურჭლით, რომ შევსვა.
და წარვიდა მოღებად და ჴმა-უყო მას უკანა ელია და ჰრქვა: მომართუ მე კოტორი ერთ პურიცა ჴელითა შენითა.
წავიდა ქალი მოსატანად; მან კი კვლავ დაუძახა და უთხრა: პურის ნაჭერიც წამომიღე შენი ხელით.
ჰრქუა მას დედაკაცმან: ცხოველ არს უფალი ღმერთი შენი, დაღათუ მიც ჴუეზა ერთ და მჭელ ერთ ფქვილი საფქვილესა შინა და მცირედ ზეთი რქასა შინა და აჰა, შევკრებ შეშასა ამას, შევიდე და შევქმნე იგი ჩემდა და ყრმათა ჩემთა, შევჭამოთ და ხვალე მოვსწყდეთ.
მიუგო ქალმა: უფალს, შენს ღმერთს გეფიცები, ერთი ხმიადიც თუ გამაჩნდეს, ერთი მუჭა ფქვილი მაქვს ქოთანში და ცოტაოდენი ზეთი დოქში. აგერ შეშას შევაგროვებ, წავალ და გამოვაცხობ ჩემთვის და ჩემი შვილისთვის. შევჭამთ ამას და მერე დავიხოცებით.
და ჰრქუა მას ელია: ისწრაფე და შევედ და შეჰქმენ სიტყჳსაებრ შენისა და ჰქმნე მისგან პირველად ჩემდა ჴუეზა ერთი მცირე და მომართუ მე, და მერმე ჰქმნე შენდა და ყრმათა შენთათჳს.
უთხრა ელიამ: ნუ გეშინია. წადი და, როგორც თქვი, ისე მოიქეცი. ოღონდ ჯერ მე გამომიცხვე პატარა ხმიადი და მომიტანე. შენთვის და შენი შვილისთვის მერე გამოაცხობ.
რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: საფქვილესა შენსა არა მოაკლდეს ფქვილი და საზეთესა შენსა არა მოაკლდეს ზეთი ვიდრე ყოფად წჳმისა უფლისა მიერ პირსა ზედა ქუეყანისასა.
რადგან ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ქოთანში ფქვილი არ გამოილევა და დოქში ზეთი არ დაიკლებს, ვიდრე უფალი წვიმას არ მოიყვანს ამქვეყნად.
და წარვიდა დედაკაცი იგი სიტყჳსა მისებრ ელიაჲსისა, მოართვა და ჭამა მან და შვილთა მისთა.
წავიდა ქალი და ისე გააკეთა, როგორც ელიამ უთხრა: ჭამდა თვითონ, მისი სახლიც და ელიაც რამდენიმე ხანს.
და მიერ დღითგან არა მოაკლდა საფქვილესა ფქვილი და საზეთესა მას არა მოაკლდა ზეთი მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, ვითარცა იტყოდა უფალი ჴელითა ელიასითა.
ქოთანში ფქვილი არ ილეოდა და დოქში ზეთი არ იკლებდა უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნათქვამი ჰქონდა ელიას პირით.
და იყო, შემდგომად სიტყუათა ამათ დასნეულდა ძე დედოფლისა მის სახლისა. და იყო სენი იგი ძნელ ფრიად, ვიდრე არა დაშთა სამშჳნველიცა მის თანა.
ამ ამბების შემდეგ ავად გახდა ამ ქალის, დიასახლისის ვაჟი; ძალზე მძიმე იყო მისი სენი, ისე რომ სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა.
და ჰრქუა ელიას: რა ძეს შენი და ჩემი, კაცო ღმრთისაო, შემოხუედ ჩემდა აღჴსნებად უწესობათა ამათ ჩემთა და მოკუდინებად ძისა ამის ჩემისა.
უთხრა ქალმა ელიას: რა გინდა ჩემგან, ღვთისკაცო? ჩემი ცოდვების მოსაკითხად მოხვედი ჩემთან და ბავშვს მიკლავ?
და ჰრქუა ელია დედაკაცსა მას: მომეც აქა შვილი ეგე შენი! და მოიქვა იგი მჴართაგან მისთა და აღიყვანა ქორსა მას, რომელსა იყოფოდა იგი, და დადვა ცხედარსა მას თჳსსა.
უთხრა ელიამ: მომეცი შენი შვილი, უბიდან გამოართვა დედას ბავშვი და ზემო თვალში აიყვანა, სადაც თვითონ ცხოვრობდა, და თავის საწოლზე დააწვინა.
და ღაღად-ყო ელია და თქუა: ჵ უფალო, მოწამეო ამის ქურივისაო, რომლისა თანა მე დამკჳდრებულ ვარ, შენ ჰგუემე ძე მაგისი სიკუდილითა?
შეჰღაღადა უფალს და უთხრა: უფალო, ღმერთო ჩემო! ნუთუ ამ ქვრივ ქალსაც, რომელთანაც მდგმურადა ვარ, უზამ ბოროტს და შვილს მოუკლავ?
და დაჰბერა სამგზის ყრმასა მას და ხადოდა უფალსა და თქუა: უფალო, ღმერთო ჩემო, მოიქეცინ სამშჳნველი ყრმისა ამის ამისავე! და იყო ეგრე.
სამგზის გადაემხო ბავშვს და შეჰღაღადა უფალს: უფალო, ღმერთო ჩემო! ჩააბრუნე ამ ბავშვის სული მის სხეულში.
და ისმინა უფალმან ღაღადებაჲ ელიასი და მოიქცა სამშჳნველი ყრმისა მის გვამადვე მისა და განცოცხლდა.
ისმინა უფალმა ელიას ღაღადი და დააბრუნა ბავშვის სული სხეულში. და გადარჩა იგი.
და გარდმოიყვანა ელია ყრმა იგი ქორისა მისგან სახიდ და მისცა დედასა თჳსსა და ჰრქუა ელია: იხილე, რამეთუ ცოცხალ არს ძე ეგე შენი.
აიყვანა ელიამ ბავშვი და ჩაიყვანა ზემო ოთახიდან სახლში და მისცა დედას. თქვა ელიამ: დახედე, ცოცხალია შენი შვილი.
და ჰრქუა ელიას დედაკაცმან: აწ უწყი, რამეთუ კაცი ღმრთისა ხარი შენ და სიტყუაჲ ღმრთისა ჭეშმარიტ არს პირსა შენსა.
უთხრა ქალმა ელიას: ახლა კი მივხვდი, რომ ღვთისკაცი ხარ და რომ ჭეშმარიტებაა შენს ბაგეებში უფლის სიტყვა.
