მეორე მეფეთა · თავი 4

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

ვითარცა ესმა ესე იებოსთეს, ვითარმედ მოკუდა აბენერ ქებრონს, დაჴსნდეს ძარღუნი მისნი და ყოველივე ერი იგი ისრაჱლისა შეძრწუნდა.

როცა შეიტყო საულის ძემ, რომ მოკვდა აბნერი ხებრონში, წარეკვეთა იმედი და შეშფოთდა მთელი ისრაელიც.

2

და ორნი კაცნი მთავარნი, ერისთავნი იებოსთესნი, ძისა მის საულისანი: ბანეა და რექაბ, ძენი რემონისნი, ბეროთ ელიოსანი და ძეთა მათგანივე ბენიამენისნი; რამეთუ ბეროთცა შერაცხილ იყო ძეთა მათ თანა ბენიამენისთა.

ორი კაცი ჰყავდა საულის ძეს, რაზმის მეთაურები, ერთს ერქვა ბაყანა, მეორეს - რექაბი; რიმონ ბეეროთელის ძენი იყვნენ, ბენიამინის ტომიდან, რადგან ბეეროთი ბენიამინს ეკუთვნოდა.

3

რამეთუ განძებულ იყუნეს ბეროთელნი იგი გეთსა, და მუნ მწირობდენ ვიდრე დღეინდელად დღემდე.

თავად ბეეროთელნი გეთაიმში გაიქცნენ და დღემდე იქ მდგმურობენ.

4

და იონათანისი, ძისა მის საულისი, დაშთომილ იყო ძე ერთი შეხაშმებული ფერჴითა და იყო იგი ხუთისა წლისა, რამეთუ ჟამსა მას, რომელსა მოვიდა მეამბვე იგი საულისა და იონათანისა, ძისა მისისა, ეზრაელით, აღიქუა იგი მაწოვნებელმან, წარიტაცა. და იყო, სივლტოლასა მას მისსა და სწრაფასა დაეცა იგი ფერჴხთა ზედან მის ყრმისათა და აღაკელობა იგი. და სახელი ერქვა მემფიბოსთე.

იონათანს, საულის ძეს, ერთი ვაჟი დარჩა, ფეხმტკივანი. ხუთი წლის იყო, როცა საულსა და იონათანის ამბავი მოვიდა იზრეყელიდან. ხელში აიყვანა იგი ძიძამ და გაიქცა; გაქცევისას დაუვარდა ბავშვი და დაკოჭლდა. მისი სახელი - მეფიბოშეთი.

5

და მოვიდეს ძენი იგი რემოისნი, ბეროთეანისანი: რექაბ და ბანეა, ძმა მისი, და შევიდეს სახიდ იებოსთესა, და მას ეძინა სასვენებელსა შინა თჳსსა.

წავიდნენ რიმონ ბეეროთელის ვაჟები - რექაბი და ბაყანა და დღის ხვატში მიადგნენ იშბოშეთის სახლს. ის კი საწოლზე იწვა და ეძინა შუადღის ძილით.

6

და მეკარეცა მირულებულ იყო, რომელი სცვიდა მას, და რექაბ და ბანეა დაიმალნეს.

აჰა, შევიდნენ შიგ სახლში, ვითომდა ხორბლის საყიდლად, და მეხუთე ნეკნთან ჩასცეს მახვილი. მერე მიიმალნენ რექაბი და მისი ძმა ბაყანა.

7

შევიდეს იდუმალ და მოკლეს იებოსთე, მძინარე სასვენებელსა ზედა, საწოლსა შინა, და მოკუეთეს თავი მისი და წარიღეს დასავლის კერძო ღამე ყოელ.

შევიდნენ სახლში, როცა თავის საწოლზე ეძინა, საძილე ოთახში; მახვილი ჩასცეს, მოკლეს და თავი მოაჭრეს. წამოიღეს მისი თავი და მთელი ღამე იარეს უდაბნოს გზით.

8

და მოართუეს დავითს ქებრონად და ჰრქუეს მეფესა: აჰა, ესერა, თავი იებოსთესი, ძისა საულისი, მტერისა შენისა, რომელი გეძიებდა შენ მოკლვად! მოგცა შენ უფალმა, უფალსა ჩუენსა, შურის-გებაჲ მტერთა მისთა საულისი და ყოვლისა სახლისა მისისა.

მიუტანეს იშბოშეთის თავი დავითს ხებრონში და უთხრეს მეფეს: აჰა, იშბოშეთის თავი, საულის, შენი მტრის ძისა, რომელსაც შენი სიკვდილი უნდოდა. შური უძია უფალმა ჩემს მეფე-ბატონს საულისგან და მისი ნაშიერისგან.

9

მიუგო დავით რექაბსა და ბანეას, ძმასა მისსა, ძეთა რემონისთა ბეროთელისა და ჰრქუა: ცხოველ არს უფალი ჩემი, რომელმან იჴსნა სული ჩემი ყოველთაგან ჭირთა!

მიუგო დავითმა რექაბს და მის ძმას ბაყანას, ბეეროთელი რიმონის ვაჟებს, და უთხრა: ვფიცავ უფალს, რომელმაც მიხსნა ყოველი გასაჭირისაგან!

10

ვითარცა, რომელმან მითხრა მე სიკუდილი საულისი და მას ეგონა, ვითარმედ კეთილსა რასმე ვახარებო და მუნთქუესვე მო-ხოლო-ვკალ იგი სეკელას, რომლისა ვინ უწყის, თუ ჯერ-იყო ჩემდა მიცემად ხარებისა მისისათჳს.

თუკი მაცნე, რომელმაც შემატყობინა საულის სიკვდილი და კეთილის მახარობელი ეგონა თავი, შევიპყარი და მოვკალი ციკლაგში, იმის ნაცვლად რომ სამახარობლო მიმეცა,

11

და აწ კაცთა მაგათ უკეთურთა შეხუედით და მოჰკალთ კაცი მართალი სასვენებელსა შინა. ეგრეთვე ვიძიო შური ჴელთაგან თქუენთა და მოგსპო თქუენ ქუეყანით!

რას იმსახურებენ ის ბოროტეული კაცები, რომელთაც უდანაშაულო კაცი თავისსავე სახლში, თავის საწოლში მოკლეს? ახლა განა თქვენ ხელს არ უნდა მოგკითხოთ მისი სისხლი და აღმოგფხვრათ ამ ქვეყნიდან.

12

და უბრძანა დავით მონათა თჳსთა და მოსწყჳდნეს იგინი, და ჩამოჰკიდნეს იგინი გოდოლსა ქებრონს, მოჰკუეთეს ჴელნი და ფერჴნი მათნი, და დამოჰკიდეს იგინი გოდოლსა ქებრონისასა, და თავი იგი მიიღეს და დაფლეს საფლავსა მას აბენერისა, ძისა ნერისა, ქებრონს შინა.

უბრძანა დავითმა მსახურებს და დახოცეს ისინი, ხელ-ფეხი დააჭრეს და ტბორზე გადმოკიდეს ხებრონში. ხოლო იშბოეთის თავი აიღეს და აბნერის საფლავში დამარხეს, ხებრონში.