მეორე მეფეთა · თავი 3

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და განძლიერდა ღუაწლი ბრძოლისა შორის სახლსა მას საულისასა და შორის სახლსა დავითისასა. და სახლი იგი დავითისი ჟამითი-ჟამად აღემატებოდა, განძლიერდებოდა, სახლი იგი საულისი მოაკლდებოდა და შემცირდებოდა.

გაიმართა ხანგრძლივი ბრძოლა საულის სახლსა და დავითის სახლს შორის. დავითი უფროდაუფრო ძლიერდებოდა, ხოლო საულის სახლი უფროდაუფრო სუსტდებოდა.

2

და ესხნეს დავითს ქებრონს ძენი და იყო პირმშო მისი ამონ აქინამისგან იზრაიტელისა.

შეეძინა დავითს ვაჟიშვილები ხებრონში; პირმშო ამნონი იზრეყელელ ახინოყამისგან.

3

და მეორე იგი მისი დავია აბგესგან კარმელელისა, მესამე იგი მისი აბესალომ, ძე მაქასი, ასულისა თოლმესი, მეფისა მის გესურისა.

მისი მომდევნო - ქილაბი აბიგაილისგან, ქარმელელი ნაბალის ქვრივისგან; მესამე - აბესალომი, მაყაქას შვილი, გეშურის მეფის, თალმაის, ასულისა.

4

მეოთხე იგი მისი ადონია, ძე აგგითასი, და მეხუთე იგი მისი საფატია, ძე ამიტალისგან

მეოთხე, ადონია - ხაგითის შვილი; მეხუთე, შეფატია - აბიტალის შვილი.

5

და მეექუსე იგი იეთერამ იგალასგან, ცოლისა მის დავითისი. ესენი ესხნეს დავითსა ქებრონს.

მეექვსე, ყეგლას შვილი, დავითის ცოლისა; ყველა ესენი ხებრონში შეეძინა დავითს.

6

და იყო ბრძოლა შორის სახლსა საულისა და სახლსა დავითისასა. და აბენერ იყო ჴელმწიფე სახლსა საულისასა.

საულის სახლსა და დავითის სახლს შორის ბრძოლაში აბნერს საულის სახლის მხარი ეჭირა.

7

და საულისი იყო ხარჭი ერთი ქალი და შეირთო იგი ცოლად აბინერ, ძემან ნერისმან, და სახელი ქალისა მის რესფა, ასული ულასი. მაშინ ჰრქუა იებოსთე, ძემან საულისამან, აბენერს:

ჰყავდა ხარჭა საულს, სახელად რიცფა, აიას ასული. უთხრა იშბოშეთმა აბნერს: რატომ შეხვედი მამაჩემის ხარჭასთან?

8

რასათჳს შეირთე შენ ხარჭი იგი მამისა ჩემისა ცოლად? და განრისხნა აბენერ ფრიად და ჰრქვა იებოსთეს, ვითარმედ: ძაღლისთავ ვარი მეა? აცადე აწ, რამეთუ წყალობა ვყავ სახლსა მას ზედა საულ, მამისა შენისასა, ძმათა და ნათესავთა მისთათჳს და არა მივედ სახიდ დავითისა! და აწ აღდგომილ ხარ შურისმეძიებელად ქალისა ერთისათჳს ჯერკუალისა?

ძლიერ განრისხდა აბნერი იშბოშეთის სიტყვებზე და უთხრა: იუდას ძაღლთა თავი ხომ არ ვარ? დღეს სიკეთეს ვუკეთებ მამაშენის, საულის სახლს, მის ძმებსა და მოყვასებს და არ ჩამიგდიხარ დავითის ხელში. ახლა ამ ქალთან ცოდვას მაბრალებ?

9

ესე მიყავნ მე უფალმან და ესე შემძინენ, არა თუ ეგრე ვყო დავითისთჳს, ვითარცა ეფუცა მას უფალი!

ასე და ასე უყოს ღმერთმა აბნერს და კიდევ უარესი მიუსართოს, თუ ისე არ მოვიქეცი, როგორც დავითს შეჰპირდა უფალი,

10

რამეთუ დღეს მიეღო მეფობა სახლსა მას საულისასა და აღემართა საყდარი დავითისი ისრაჱლსა ზედან და სახლსა მას ზედან იუდასსა დანითგან ბერსაბედამდე!

მეფობას წავართმევ საულის სახლს და დავადგენ დავითის ტახტს ისრაელზე და იუდაზე დანიდან ვიდრე ბერშებამდე.

11

განკრთა იებოსთე სიტყჳსა ამისთჳს და ვერარა მიუგო სიტყუაჲ აბენერს შიშისა მისგან.

სიტყვა ვეღარ შეუბრუნა აბნერს, რადგან ეშინოდა მისი.

12

და წარავლინა აბენერ მოციქული დავითისა თესალმუსის ქუეყანასა და ჰრქვა მას: აღმითქუ მე აღთქმა, და ჴელნი მიგცნე შენ და მოვაქციო ყოველი ისრაჱლი შენდა!

გაუგზავნა აბნერმა თავისგან მოციქულები დავითს, და დააბარა ეკითხათ: ვისია ქვეყანა? ეთქვათ: შეკარი კავშირი ჩემთან და, აჰა, ჩემი ხელი შენთან იქნება, რომ მოგიმხროს მთელი ისრაელი.

13

და ჰრქუა დავით: კეთილ არს! ეგრე ვყო, გარნა სიტყუასა ერთსა გეტყჳ შენ: არა იხილო პირი ჩემი, ვიდრემდის არა მოიყვანო ცოლი ჩემი მელქოლ, ასული საულისი, რაჟამს მოხჳდოდი შემთხუევად ჩემდა.

თქვა დავითმა: კეთილი, შევკრავ შენთან კავშირს, ოღონდ ერთსა გთხოვ: ჩემს სახეს ვერ იხილავ, თუ მელქოლა, საულის ასული, არ მოგიყვანია ჩემთან, როცა ჩემს სანახავად მოხვალ.

14

და წარავლინა დავით მოციქული იებოსთეს, ძისა მის საულისა, და ჰრქუა: მომეც მე ცოლი ჩემი მელქოლ, რომელი მოვიგე მე ასეულითა მით წინადაუცუეთელებით უცხოთესლთასა!

გაუგზავნა მოციქულები დავითმა იშბოშეთს, საულის ძეს, და შეუთვალა: მომეცი ჩემი ცოლი მელქოლა, რომელიც ასი წინდაუცვეთელი ფილისტიმელით დავწინდე.

15

და წარავლინა იებოსთე და მოუღო ქმარსა თჳსსა ფალტიას, ძესა სელლასა.

გაგზავნა კაცი იშბოშეთმა მის წამოსაყვანად ქმრისგან, ფალტიელ ლაიშის ძისგან.

16

და მოსდევდა ქმარი იგი ცოლსა თჳსსა და ტიროდა იგი, ვიდრე მოჰყვანდა მელქოლ ბარაკადამდე: მაშინ ჰრქუა აბენეზერ ფალტიას, ვიდრე თანაუვიდოდა მაგას: წარვედ სახიდ შენდა! და მუნთქუესვე უკუნიქცა ფალტია და წარვიდა.

წამოჰყვა ქმარი ქალს და გამუდმებით მოსტიროდა ბახურიმამდე. აქ უთხრა აბნერმა: წადი, გაბრუნდი. და ისიც გაბრუნდა.

17

და ჰრქუა აბენერ მოხუცებულთა მათ ისრაჱლისათა: გუშინ და ძუღან ეძიებდით დავითსა, გინდა მეფობაჲ მისი თქუენ ზედა.

დაელაპარაკა აბნერი ისრაელის უხუცესობას და უთხრა: გუშინაც, გუშინწინაც გინდოდათ დავითი მეფედ.

18

აწ აღასრულეთ ნება თქუენი და მიდით მის წინაშე! რამეთუ იტყოდა უფალი დავითისთჳს, თქუა: ჴელითა დავითის, მონისა ჩემისათა, ვიჴსნა ერი ჩემი ისრაჱლი უცხოთესლთაგან და ყოველთაგან მტერთა მათთასა!

ახლა აღასრულეთ ეს, რადგან უბრძანებია უფალს დავითზე: ჩემი მორჩილის დავითის ხელით, უნდა ვიხსნა ჩემი ერი, ისრაელი, ფილისტიმელთა ხელიდან და ყველა მტრის ხელიდან.

19

და ეტყოდა აბენერ ყურთა ბენიამენისთა. და წარვიდა აბენერ თხრობად დავითისა ქებრონს სიტყჳსა მისთჳს, რომელ თქუეს ძეთა ისრაჱლისათა და ყოველმან სახლმან ბენიამენისამან.

ასევე ელაპარაკა აბნერი ბენიამინსაც. მერე დავითთან წავიდა ხებრონში, რომ ეთქვა მისთვის რაც სურდა ისრაელს და ბენიამინის მთელს სახლს.

20

და მივიდა აბენერ დავითის თანა ქებრონად და მის თანა იყო ოც ოდენ კაცი. და ყო დავით აბენერისთჳს და კაცთა მათ, რომელ მის თანა იყუნეს, სიხარული და შვება დიდი.

მივიდა აბნერი დავითთან ხებრონს, თან ოცი კაცი ახლდა. ლხინი გაუმართა დავითმა აბნერს და მის კაცებს.

21

და ჰრქუა აბენერ დავითს: აწ განმიტევე მე და წარვიდე და შემოგიკრიბო უფალსა ჩემსა ყოველივე ისრაჱლი და დავდვა აღთქმა ჩემი შენდა მიმართ! და მეფობდე ყოველსა ზედა, რომელთა ჰნებავს სულსა შენსა! უჯმნა დავით აბენერს და წარვიდა მშჳდობით მუნთქუესვე.

უთხრა აბნერმა დავითს: წავალ და შევუკრებ ჩემს ბატონ მეფეს მთელს ისრაელს, აღთქმას დაგიდებენ და იმეფებ შენს ნებაზე. გაისტუმრა დავითმა აბნერი და ისიც წავიდა მშვიდობით.

22

და, აჰა, იოაბ და მონანი დავითისნი მოვიდეს ბანაკისა მისგან დიდითა ნატყუენავითა, ხოლო იოაბ არა იყო დავითისა თანა ქებრონად, რაჟამს მიავლინა და წარვიდა მშჳდობით,

ამ დროს დაბრუნდნენ დავითის მორჩილნი და იოაბი თარეშიდან და დიდძალი ნადავლი მოიტანეს თან. აბნერი არ იყო დავითთან ხებრონში, რადგან გაგზავნილი ჰყავდა დავითს, და ისიც წავიდა მშვიდობით.

23

იოაბ და ყოველი ერი მისი, ვითარცა მოვიდნენ და მიუთხრეს იოაბს და ჰრქუეს, ვითარმედ: მოვიდა აბენერ, ძე ნერისი, დავითისა და განუტევა იგი მშჳდობით და წარვიდა მუნთქუესვე.

მოვიდნენ იოაბი და მასთან მყოფი მთელი ლაშქარი და აცნობეს იოაბს: მოვიდა აბნერ ნერის ძე მეფესთან, გაისტუმრა იგი მეფემ და ისიც წავიდა მშვიდობით.

24

შევიდა იოაბ წინაშე მეფისა და ჰრქუა მას: რა ჰქმენ ესე, რამეთუ მოვიდა შენდა აბენერ, ძე ნერისი, და შენ განუტევე იგი, წარვიდა მშჳდობით?

მივიდა იოაბი მეფესთან და უთხრა: ეს რა ჰქენი? აბნერი მოსულა შენთან, შენ კი გაგისტუმრებია და ისიც წასულა თავის ნებაზე.

25

ანუ შენ არა იცოდეა უკეთურება იგი აბენერისი, რამეთუ შეტყუვილად შენდა მოვიდა იგი და განცდად შესავალ-გასავალთა შენდა ცნობად, რასა შენ იქმ?

ხომ იცნობ აბნერ ნერის ძეს? შენს მოსატყუებლად მოვიდა, რომ გაიგოს შენი ასავალ-დასავალი, და ყველაფერი ნახოს, რასაც აკეთებ.

26

და გამოვიდა იოაბ მეფისაგან, დასწინა მოციქულნი აბენერს და მიაქციეს იგი გარე ჯურღმულითგან სეირისა და დავით არა იცოდა.

გამოვიდა იოაბი დავითისგან, კაცები დაადევნა აბნერს და სირას ჭიდან დააბრუნა იგი, ისე რომ არაფერი გაუგია დავითს.

27

უკუმოქცევასა აბენერისასა მიეგებოდა იოაბ და მიაქცია გუერდით კერძო ბჭეთა მათ და ჰზრახვიდა მას ზაკჳთ, და უგმირა გუერდსა მისსა მახჳლი და მოკლა იგი, და მოკუდა აბენერ ნაცვლად ასაელისა სისხლისათჳს ძმისა იოაბისასა.

როცა დაბრუნდა აბნერი ხებრონს, გაიხმო იგი იოაბმა კარიბჭის შიგნით, თითქოს განმარტოებით საუბარი სურდა მასთან, და მუცელში ჩასცა მახვილი. მოკვდა იგი იოაბის ძმის, ყასაელის სისხლის წილ.

28

ამისა შემდგომად, ვითარცა ესმა დავითს, თქუა: უბრალო ვარი მე და მეფობა ესე ჩემი უფლისა მიერ სისხლისა მისგან უკუნისამდე, სისხლისაგან აბენერისა, ძისა ნერისა.

როცა გაიგო მერე ეს ამბავი დავითმა, თქვა: ბრალი არ გვადევს მე და ჩემს სამეფოს უფლის წინაშე სამარადისოდ აბნერ ნერის ძის სისხლში.

29

ხოლო სისხლი იგი აბენერისი თავსა ზედან იოაბისასა იყავნ და ყოველთა ზედან სახლსა მამისა მისისასა! და ნუ მოაკლოს სახლსა იოაბისასა უბითა ხაშმი, კეთროვანი, და პურის-მთხოველი, და მახჳლითა მომკუდარი და სიყმილითა.

დაატყდეს იოაბის თავს და მამამისის სახლს! ნუმც გამოლეულა იოაბის სახლში სისხლმდინარი, კეთროვანი, ხელყავარჯნიანი, მახვილით განგმირული, პურს დანატრებული!

30

იოაბ და აბესა, ძმა მისი, უმზირდეს მარადის აბენერს მოკლვად ნაცვლად სისხლისა მის ასაელისა, ძმისა მათისა, რომელი-იგი მოკლა ბრძოლასა შინა გაბაონს.

ხოლო იოაბმა და მისმა ძმამ, აბიშაიმ, იმის გამო მოუსწრაფეს სიცოცხლე აბნერს, რომ მან მოკლა მათი ძმა ყასაელი ბრძოლაში, გაბაონთან.

31

და ჰრქუა დავით იოაბს და ყოველსა ერსა, რომელნი მის თანა იყუნეს: ჴელი მიჰყავთ საყელესა, მოიპეთ სამოსელი თქუენი და შთაიცჳთ ძაძა და სტიროდეთ აბენერს! და თავადი მეფე წინაუძღოდა საქუმელთა მათ აბენერისთა.

უთხრა დავითმა იოაბს და მასთან მყოფ მთელს ხალხს: შემოიგლიჯეთ სამოსელი, შემოირტყით ჯვალო და დაიტირეთ აბნერი. მეფე დავითი თავად მიჰყვებოდა საკაცეს.

32

და მოიღეს და დაფლეს იგი ქებრონს. აღიღო ჴმაჲ მეფემან, სამარესა მას ზედა ტიროდა და ატირებდა ერსა მას აბენერსა ზედა.

როცა მარხავდნენ აბნერს ხებრონში, ხმამაღლა ტიროდა მეფე აბნერის საფლავზე, ტიროდა მთელი ხალხი.

33

შეასხმიდა, ჴმითა გოდებდა და იტყოდა: მსგავსად სიკუდილისა მის უგუნურისა მოკუდა აბენერ!

იგლოვა მეფემ აბნერი და თქვა განა სამარცხვინო სიკვდილით უნდა მომკვდარიყო აბნერი?

34

ჴელნი შენნი არა შეიკრნეს და არცა ფერჴნი შენნი ბორკილითა. პირველად, ვითარცა ნაბალ, წინაშე ნაშობთა მათ უსჯულოებისათა დაეცა და შეკრბა ყოველი ერი ტირილად მისსა.

ხელი შეკრული არა გქონია, ფეხებზე ბორკილები არა გდებია. დაეცი, როგორც ბოროტმოქმედთა ხელით ეცემიან. კიდევ უფრო ატირდა ხალხი.

35

და მოვიდა ყოველი ერი წინაშე დავითისა და ეტყოდეს მას, რათა ჭამოს პური, ხოლო მან არა ინება. და ფუცა დავით და თქუა: ესე მიყავნ ღმერთმან და ესე შემძინენ, უკუეთუ ვჭამო პური, გინა სხუა რამე ვიდრე მწუხრამდე.

ჯერ კიდევ დღე იყო, რომ მოდიოდა ხალხი და პურს სთავაზობდნენ დავითს. იფიცებიადა დავითი და ამბობდა: ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესი მომისართოს, თუ მზის ჩასვლამდე ვიგემო პური ან სხვა რამე.

36

ვითარცა ესმა ერსა მას, სათნო-უჩნდა მათ ყოველივე, რაჲცა ყო დავით.

მაშინ ყველაფერს მიხვდა მთელი ხალხი და მოეწონათ ეს ისევე, როგორც ყველაფერი მოსწონდათ, რასაც მეფე აკეთებდა.

37

და გულისხმა-ყვეს მას დღესა შინა ყოველმან ერმან ისრაჱლისამან, რამეთუ ბრძანებითა მეფისათა არა იყო სიკუდილი აბენერისი, ძისა ნერისი.

გაიგო მთელმა ხალხმა და მთელმა ისრაელმა ამ დღეს, რომ უბრალო იყო მეფე აბნერ ნერის ძის მკვლელრაში.

38

სიტყუად იწყო მეფემან ერისა მისა და ჰრქუა: არა იცითა, რამეთუ დღეს მთავარი დიდი დაეცა ისრაჱლსა შორის?

უთხრა მეფემ თავის მორჩილთ: იცით თუ არა, როგორი სარდალი და დიდებული დაეცა დღეს ისრაელში?

39

ანუ არა უწყით, რამეთუ ნათესავი და მეგობარი და ჴელმწიფე დიდი მოკუდა? ხოლო კაცნი ესე, ძენი შარუელისნი, გულფიცხელ არიან სასტიკებითა ჩემსა უფროს. მიაგენ მათ უფალმან საქმეთა მათთაებრ უკეთურთა!

მე დღეს სუსტი ვარ, თუმცა ცხებული მეფე ვარ. ეს ხალხი კი, ცერუიას შვილები, ჩემზე ძლიერნი არიან. მიუზღოს უფალმა ბოროტმოქმედს მისი ბოროტების წილ!