რუთი · თავი 4
აღვიდა ბოოზ ბჭეთა ზედა და დაჯდა მუნ. და, აჰა ესერა, ნათესავი იგი წარმოვიდოდა, რომლისათჳს თქუა ბოოზ. და ჰრქუა ბოოზ: მოაქციე და დაჯედ აქა საჲდუმლოო! და მოაქცია და დაჯდა მუნ.
ავიდა ბოყაზი კარიბჭესთან და იქ დაჯდა. აჰა, უნდა ჩაიაროს იმ ნათესავმა კაცმა, ვისზეც ლაპარაკობდა ბოყაზი. დაუძახა: მოდი, სახელით მოუხმო, აქ დაჯექიო. ისიც მივიდა და დაჯდა.
და მოიყვანა ბოოზ ათი კაცი მოხუცებულთაგან ქალაქისათა და ჰრქუა მათ: დასხედით! დასხდეს.
მოიყვანა ბოყაზმა ათი კაცი ქალაქის უხუცესთაგან და უთხრა: დასხედით აქ. ისინიც დასხდნენ.
და ჰრქუა ბოოზ ნათესავსა მას: ნაწილი იგი ქუეყანისაჲ მის, რომელ არს ძმისა ჩემისა ელიმელიქისი, მიეცინ ნოომინს, რომელ-იგი მოვიდა ქუეყანის მოაბისაჲთ
უთხრა ბოყაზმა იმ ნათესავს: ჩვენი მოძმის, ელიმელექის, ყანის ნაკვეთი გაყიდა მოაბის ველებიდან დაბრუნებულმა ნაყომიმ.
და მე ვთქუ, ვითარმედ: ვაუწყო ყურთა შენთა. და ჰრქუა მას: მოიგე ამათ წინაშე, რომელნი სხენან, და მოხუცებულთა წინაშე ერისა ჩემისათა. უკუეთუ ეშჳლები, ეშჳლე. უკუეთუ არა ეშჳლები, მითხარ მე, რათა ვცნა, რამეთუ არავინ არს შენსა გარეშე ნათესავ, და შემდგომად შენსა ვარ. ხოლო მან ჰრქუა: მე ვერ ვეშჳლო.
ახლა ამას გიცხადებ: იყიდე ყანა აქ მსხდომთა და ხალხის უხუცესთა თანდასწრებით. თუ გსურს ენათესავო, ენათესავე. თუ არა და, მითხარი და მეცოდინება, რადგან შენზე წინ არავისა აქვს ნათესაობის უფლება. მე მხოლოდ შენს შემდეგ ვარ. თქვა: ვუნათესავებ.
და თქუა ბოოზ: დღესა მას, რომელსა მოიგო ქუეყანაჲ იგი ჴელისაგან ნოომინისა და რუთისგან მოაბელისა, ძის ცოლისა მისისა, რომლისა მოკუდა ქმარი, სამკჳდრებელი იგი მისი მოიგო თავისა შენისა. და იგიცა მოიყვანე თავისა შენისა, რომლისაგან აღუდგინო მკჳდრი მკუდარსა მას სამკჳდრებელსა მას მისსა ზედა.
თქვა ბოყაზმა: როცა ნაყომისგან ყანას იყიდი, მოაბელი რუთისგან, გარდაცვლილის ცოლისგანაც უნდა იყიდო, რომ სახელი აღუდგინო თავის სამკვიდროში გარდაცვლილს.
ჰრქუა ნათესავმან მან: ვერ ჴელ-მეწიფების თავისა ჩემისა შჳლებად მისა, ნუუკუე განვრყუნე სამკჳდრებელი ჩემი და ეშჳლე შენ საშჳლებელსა მას ჩემსა ზედა, რამეთუ მე ვერ ძალ-მიც შვილებად.
თქვა ნათესავმა: ვერ ვუნათესავებ. ვაითუ, ჩემი სამკვიდრო დავაზარალო. შენ შეასრულე ჩემი უფლება ნათესაობისა, რადგან მე არ შემიძლია, რომ ვუნათესავო.
და ესე სამართალი იყო პირველ ისრაჱლსა შორის საშვილებელსა ზედა და ცვალებასა ზედა, რათა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაჲ, განიძარცჳს კაცმან ჴამლი თჳსი და მისცის მოყუასსა თჳსსა, რომელი ეშჳლებინ საშჳლებელსა თჳსსა ზედა. და ესე იყო საწამებელი ისრაჱლსა შორის.
ასე იქცეოდნენ ძველად ისრაელში სყიდვის, გაცვლის ან რაიმე საქმის დადასტურების დროს: გაიძრობდა ერთი ფეხსამოსს და მეორეს მისცემდა. ეს იყო მოწმობის ნიშანი ისრაელში.
და ჰრქუა ნათესავმან მან ბოოზს: მიიღე თავისა შენისა საშჳლებელი იგი ჩემი! და განიძარცუა ჴამლი თჳსი და მისცა მას.
უთხრა იმ ნათესავმა ბოყაზს: შენ იყიდე! და გაიძრო ფეხსამოსი.
ჰრქუა ბოოზ მოხუცებულთა მათ და ყოველსა ერსა: მოწამე ხართ თქუენ დღეს, რამეთუ მომიგებიეს ყოველივე ელიმელიქისი და ყოველი, რავდენი არს ქელეონისი და მალოონისი, ჴელისაგან ნოომისი
უთხრა ბოყაზმა უხუცესებს და მთელს ხალხს: დღეს თქვენ მოწმენი ხართ, რომ მე ვყიდულობ ნაყომისგან ელიმელექის მთელს საბადებელს, და ქილიონისა და მახლონის მთელს საბადებელს,
და რუთი მოაბელისა, ცოლი მაალონისი, მოვიგე თავის ჩემისა ცოლად აღდგინებად სახელი მკჳდრისა მის სამკჳდრებელსა მისსა ზედა. და არა აღიჴოცოს სახელი მკჳდრისაჲ მის ძმათაგან მისთა და ტომთაგან ადგილისა მისისათა, მოწამეცა ხართ თქუენ დღეს.
და ცოლად მიმყავს მოაბელი რუთიც, მახლონის ცოლი, რომ სახელი აღვუდგინო გარდაცვლილს თავის სამკვიდროში, რომ არ გაქრეს გარდაცვლილის სახელი მის მოძმეთა შორის და იმ უბნის კარიბჭესთან, სადაც ის ცხოვრობდა. ამის მოწმენი ხართ დღეს თქვენ.
და მიუგო ყოველმან ერმან, რომელნი სხდეს ბჭეთა ზედა, და თქუეს: მოწამე ვართ! და მოხუცებულთა მათ ჰრქუეს: მოეცინ უფალმან ცოლსა მას შენსა, რომელი შევალს სახლსა მას შენსა, ვითარცა რაქელს და ვითარცა ლიას, რომელ აღაშჱნეს ორთავე ამათ სახლი ისრაჱლისა და ყვეს ძალი ეფრათას და წოდებად სახელი ბეთლემს.
უთხრეს კარიბჭესთან მყოფმა ხალხმა და უხუცესობამ: მოწმენი ვართ! ღმერთმა დალოცოს შენს სახლში შემომავალი დედაკაცი რახელივით და ლეასავით, რომლებმაც ააშენეს ისრაელის სახლი. ქმენი სიქველე ეფრათაში და გაითქვი სახელი ბეთლემში.
და იყავნ სახელი შენი ვითარცა სახელი ფარეზისი, რომელმან უშვა თამარ იუდას ნათესავისაგან შენისა. და მოგეცინ შენ უფალმან მჴევლისა მაგისგან შენისა შვილი! დ
გახდეს შენი სახლი სახლივით ფერეცისა (რომელიც თამარმა უშვა იუდას) იმ ნაშიერიდან, უფალი რომ მოგცემს ამ ყმაწვილი ქალისაგან.
და მოიყვანა ბოოზ რუთ და იყო მისა ცოლად. და შევიდა მისა და მოსცა მას უფალმან მიდგომილებაჲ.
წაიყვანა ბოყაზმა რუთი და გახდა იგი მისი ცოლი. შევიდა მასთან და მისცა მას უფალმა ორსულობა და შვა ვაჟი.
და ეტყოდეს დედანი იგი ნოომინს და ჰრქუეს: კურთხეულ არს უფალი, რომელმან დაგიმტკიცა შენ დღეს შჳლებულებაჲ წოდებად სახელი შენი ისრაჱლსა შორის.
უთხრეს დედაკაცებმა ნაყომის: კურთხეულია უფალი, რომელმაც ნათესავი არ მოგიშალა დღეს! იხსენებოდეს ისრაელში მისი სახელი!
და იყოს იგი შენდა მოსაქცეველ სულისა და გამომზრდელ სიბერესა შენსა, რამეთუ სძალმან შენმან, რომელმან შეგიყუარა შენ, შვა ძე, რომელ არს უმჯობეს შენდა უფროჲს შჳდთა ძეთა.
შენი სიბერის ნუგეშად და სასოდ გეყოლოს, რადგან შვა იგი შენმა საყვარელმა რძალმა, რომელიც შვიდ ვაჟიშვილს გირჩევნია.
და მოიქუა ნოომინ ყრმაჲ იგი და დაისუა იგი წიაღთა თჳსთა და ექმნა მას მპოხელ.
მიირქვა ნაყომიმ ბავშვი, უბეში ჩაისვა და გახდა მისი გამდელი.
და უწოდეს მას მოძმეთა სასელი და თქუეს: ესუა ძე ნოომინს! და უწოდეს სახელი მისი იობედ. ესე არს მამაჲ იესესი, მამისა დავითისი.
სახელი მეზობლის ქალებმა დაარქვეს, თქვეს: ვაჟი შეეძინა ნაყომის! და დაარქვეს სახელად ყობედი. ეს იყო მამა იესესი, დავითის მამისა.
და ესე არიან შობანი ფარეზისნი: ფარეზ შვა ესრომ,
აი, ფერეცის შთამომავლობა: ფერეცმა შვა ხეცრონი,
ესრომ შვა არამ, არამ შვა ამინადაბ,
ხეცრონმა შვა რამი, რამმა შვა ყამინაბადი,
და ამინადაბ შვა ნაასონ, და ნაასონ შვა სალმუნ,
ყამინაბადმა შვა ნახშონი, ნახშონმა თქვა სალმონი,
და სალმუნ შვა ბოოზ, და ბოოზ შვა იობედ,
სალმონმა შვა ბოყაზი, ბოყაზმა შვა ყობედი,
და იობედ შვა იესე და იესე შვა დავითი.
ყობედმა შვა იესე, იესემ შვა დავითი.
