იონა წინასწარმეტყველი · თავი 4
და შეწუხნა იონაჲ მწუხარებითა დიდითა და შეირია.
ძალზე განაწყენდა და გამწარდა იონა.
და ილოცა უფლისა მიმართ და თქუა: ჵ, უფალო, არა ესე იგი სიტყუანი ჩემნი არიან, ვიყავ რაჲ მე ქუეყანასა შინა ჩემსა, ამისთჳს წინაუსწრვე სივლტოლად თარშიდ მით, რამეთუ უწყოდე, ვითარმედ შენ ღმერთი შემწყნარებელი ხარ და მოწყალე, სულგრძელი და მრავალწყალობაჲ, და შემნანებელი სიბოროტეთა ზედა.
ილოცა უფლის მიმართ და უთხრა: ჰე, უფალო, განა ამას არ ვამბობდი, როცა ჯერ კიდევ ჩემს მიწაზე ვიყავი? თავიდანაც იმიტომ გავრბოდი თარშიშში, რომ ვიცოდი, მონანიე და ლმობიერი ღმერთი ხარ, რისხვაგვიანი და მრავალმოწყალე; ნანობ ხოლმე ბოროტისყოფას. 2. ახლა ბარემ ამომხადე სული, რადგან ამ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია.
და აწ, მეუფეო, უფალო, მიმიღე სული ჩემი ჩემგან, რამეთუ კეთილ არს ჩემდა სიკუდილი, ვიდრე სიცოცხლე.
და ჰრქუა უფალმან: ფრიად სწუხა შენ? და თქუა იონა: ფრიად და ვიდრე სიკუდიდმდე.
უთხრა უფალმა: მაგრად გამწარდი?
და განვიდა იონა ქალაქისაგან და შექმნა თჳსად კარავი მუნ წინაშე ქალაქისა. და დაჯდა ქუეშე მისსა შორის ჩრდილისა, ვიდრე არა იხილოს, რაჲ ეყოს ქალაქსა.
გავიდა ქალაქიდან იონა და ქალაქის აღმოსავლეთით გაჩერდა; იქ ერთი ჩარდახი გაიკეთა, დაჯდა მის ქვეშ, ჩრდილში, და დაელოდა, რა მოუვიდოდა ქალაქს.
და უბრძანა უფალმან ღმერთმან აყიროსა და აღმოჴდა ზეშთა თავსა იონასსა ყოფად ჩრდილი ზედა კერძო თავისა მისისა დაგრილებისათჳს მისისა ბოროტისა მისგან სიცხისა და განიხარა იონა აყიროსა ზედა სიხარული დიდი.
მოავლინა უფალმა ღმერთმა აყირო და იგი იონას თავსზემოთ აიზარდა, რომ დაეჩრდილებინა მისთვის და წყენა გაექარვებინა. დიდად გაახარა ამ აყირომ იონა.
და უბრძანა ღმერთმან მატლსა განთიადისასა ხუალისაგან და დასცა აყიროსა და განჴმა.
მოავლინა ღმერთმა მეორე დღეს, განთიადისას, მატლი, გამოაჭმევინა აყირო და გახმა იგი.
და იქმნა მეყსეულად აღმოსლვასა მზისასა. და უბრძანა უფალმან ღმერთმან სულსა ცხელსა შემწუელსა და სცა მზემან თავსა ზედა იონასსა და სულმოკლებდა და დაეთხოებოდა სულსა მისსა. და თქუა: კეთილ არს ჩემდა სიკუდილი ჩემი, ვიდრე სიცოცხლე.
მზე რომ ამოვიდა, მოავლინა ღმერთმა აღმოსავლეთის ცხელი ქარი; მზემ ისე დააცხუნა თავზე იონას, რომ მან, ღონემიხდილმა, სიკვდილი ინატრა, თქვა: ამ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია.
და თქუა უფალმან იონაჲს მიმართ: უკეთუ ფრიად სწუხ შენ აყიროსა ზედა და თქუა: ფრიად ვწუხ მე, ვიდრე სიკუდიდმდე.
უთხრა ღმერთმა იონას: მაგრად გამწარდი იმ აყიროს გამო? მიუგო: მაგრად გავმწარდი, ლამის მოვკვდე.
და თქუა უფალმან: შენ ჰრიდე აყიროსა ძლით, რომლისა ძლით არა ძჳრად ივნე, არცა განჰზარდე იგი, რომელი ღამესა შინა იქმნა და ღამესა შინა წარწყმდა,
უთხრა უფალმა: შენ ერთი აყირო დაგენანა, თუმცა შენ არ დაგირგავს და არც გაგიზრდია. ერთი ღამის შვილი იყო და ერთ ღამეში გახმა.
ხოლო მე არა ვჰრიდო ნინევისა ძლით ქალაქისა დიდისა, რომელსა შინა დამკჳდრებულ არიან მის შორის უმრავლესნი ვიდრე ათორმეტნი ბევრნი კაცთანი, რომელთა ვერ ცნეს მარჯუენე მათი, ანუ მარცხენე და საცხოვარი მრავალი?
აბა, მე როგორ არ დამენანოს დიდი ქალაქი ნინევე, სადაც ასოციათასზე მეტი კაცია, ერთმანეთისგან რომ ვერ გაურჩევია მარჯვენა და მარცხენა, და სადაც უთვალავი პირუტყვია.
