დანიელ წინასწარმეტყველი · თავი 12
და მას ჟამსა შინა აღდგეს მიქაილ, მთავარი დიდი, რომელი დგას ზედა ძეთა ერისა შენისათა, და იყოს ჟამი ჭირისა, ჭირი, რომელი არა იყო, ვინათგან იქმნა ნათესავი ქუეყანასა ზედა და ვიდრე ჟამამდე, და მას ჟამსა განერეს ერი შენი, ყოველი პოვნილი დაწერილ წიგნსა შინა.
იმ დროს აღდგება მიქაელი, დიდი მთავარი, შენი ხალხის შვილთა მფარველი. ისეთი მძიმე დრო მოვა, ხალხის გაჩენის დღიდან ამ დრომდე რომ არ ყოფილა. იმ დროს შენი ხალხიდან ყველა გადარჩება, ვინც კი წიგნში ჩაწერილი აღმოჩნდება.
და მრავალნი დაძინებულნი ქუეყანისა შინა მიწასა აღდგენ, რომელნი ცხონებად საუკუნოდ, და რომელნი ყუედრებად და სირცხჳლად საუკუნოდ.
მრავალი მიწაში მიძინებული გამოიღვიძებს, ზოგი საუკუნო სიცოცხლისათვის, ზოგი საუკუნო გმობისთვის და შერცხვენისთვის.
და გულისხმის-მყოფელნი განბრწყინდენ, ვითარცა ბრწყინვალება სამყაროჲსა და მართალთაგანნი მრავალთანი, ვითარცა ვარსკულავნი, საუკუნეთადმი და მერმეცა.
მოძღვარნი ცის ნათელივით გაანათებენ, მრავალთა მომარჯულებელნი კი - ვარსკვლავებივით უკუნითი უკუნისამდე.
და შენ, დანიელო, დაჰმარხენ სიტყუანი და დაჰბეჭდე წიგნსა ვიდრე ჟამამდე აღსასრულისა, ვიდრემდის განისწავლნენ მრავალნი და განმრავლდეს მეცნიერება.
შენ კი, დანიელ, საიდუმლოდ შეინახე ეს სიტყვები და დაბეჭდე ეს წიგნი უკანასკნელ ჟამამდე. მრავალნი შეისწავლიან და მოიმატებს ცოდნა.
და ვიხილე მე, დანიელმან, და აჰა, სხუანი ორი დადგეს: ერთი - ამიერ ბაგესა მდინარისასა და ერთი - იმიერ.
მაშინ მე, დანიელმა, ვიხილე: აჰა, ჩემს წინ ორი უცხო დგას, ერთი მდინარის გამოღმა ნაპირზე, ერთი გაღმა ნაპირზე.
და ვარქუ მას კაცსა მოსილსა ბადენით, რომელი იყო ზემოჲთ წყლისა მდინარისასა: ვიდრე იყოს დასასრული, რომელნი სთქუენ საკჳრველებანი?
უთხრა მან სელით შემოსილ კაცს, მდინარის წყლებზე რომ იდგა: როდის იქნებაო ამ საკვირველი ამბების ბოლო?
და მესმა კაცისა მის მოსილისა ბადენითა, რომელი იყო ზედა წყალსა მდინარისასა, და აღიმაღლა მარჯუენე თჳსი და მარცხენე ზეცად მიმართ და ფუცა ცხოველისა მიმართ საუკუნოდ, ვითარმედ ჟამისა მიმართ და ჟამთა და კერძოსა ჟამისასა, დასასრულისა შორის განბნეულებისა ჴელისა წერისა განწმედილისასა აცნობნენ ყოველნი ესენი.
სელით შემოსილმა კაცმა, მდინარის წყლებზე რომ იდგა, ზეცისკენ აღაპყრო მარჯვენა და მარცხენა მკლავი და მე გავიგონე, როგორ დაიფიცა მან მარადცოცხალი, რომ წელიწადში, წელიწადებში და ნახევარში, როდესაც შეწყდება წმიდა ერის ძალის გაფანტვა, ყოველივე ეს მაშინ ასრულდებაო.
და მესმა, და ვერ გულისხუმა-ვყავ და ვარქუ: უფალო, რამე იყოს უკანასკნელნი ამათნი?
გავიგე, მაგრამ ვერ მივხვდი. ვუთხარი: უფალო ჩემო, ეს რიღათი დამთავრდება-მეთქი?
და თქუა: წარვედ, დანიელ, რამეთუ დაჴშულნი და დაბეჭდულნი არიან სიტყუანი ვიდრე დასასრულამდე ჟამამდე.
მითხრა: წადი, დანიელ, რადგან ეს სიტყვები საიდუმლოდ შენახული და დაბეჭდილიაო ბოლო ჟამამდე.
გამოირჩინენ, და გამოსპეტაკნენ, და გამოჴურდენ, და განწმდენ მრავალნი; და უსჯულო იქმნენ უსჯულონი, და ვერ გულისხუმა-ყონ ყოველთა უთნოთა, და გონიერთა გულისხუმა-ყონ.
მრავალი განიწმიდება, განსპეტაკდება და გამოიბრძმედება, ხოლო ბოროტეულნი ბოროტად მოიქცევიან; ვერცერთი ბოროტეული ვერ მიხვდება, ხოლო გონიერნი მიხვდებიან.
და ჟამისაგანცა ცვალებისასა მიმდემადისა და მოცემისა საძაგელსა მოოჴრებისასა დღენი ათას ორასოთხმეოცდაათნი.
მუდმივი შესაწირავის შეწყვეტისა და გატიალების სიბილწის დადგომის შემდეგ ორიათას ოთხმოცდაათი დღე გავა.
ნეტარ არს მოთმინე და მიწევნილი დღეთა მას ათას სამასოცდაათხუთმეტთა.
ნეტარია, ვინც ელის და მიაღწევს სამიათას სამას ოცდაათ დღეს!
და შენ მოვედ და განისუენე, რამეთუ მერმე არიანღა დღენი აღსავსებადმდე და დასასრულისა, და განისუენო და აღსდგე ნაწილსა შენსა აღსრულებასა თანა დღეთასა.
შენ კი გასწიე შენი ბოლოსკენ; განისვენებ და აღდგები შენი წილის მისაღებად დღეთა დასასრულს.
