ბარუქ წინასწარმეტყველი · თავი 4

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

ესე წიგნი ბრძანებათა ღმრთისათა და სჯული მყოფი საუკუნომდე; ყოველნი მპყრობელნი მისნი ცხორებადმი, ხოლო დამტევებელნი მისნი მოკუდენ.

ეს არის ღვთის ბრძანებათა წიგნი და რჯული, რომელიც საუკუნოდ იქნება. ყოველი მისი დამჭერი, იცხოვრებს, მისი მიმტოვებელი კი მოკვდება.

2

მოიქეც, იაკობ, და მოეკიდე მას, მოგზაურობდ ბრწყინვალებისა მიმართ წინაშე ნათლისა მისისა.

მოიქეც, იაკობ, და აიღე იგი და გაემართე მისი სინათლის ბრწყინვალებისკენ.

3

ნუ მისცემ სხვასა დიდებასა შენსა და უმჯობესთა შენთა ნათესავსა უცხოსა.

ნუ მისცემ სხვას დიდებას შენსას და ნურც შენს სარგებელს - უცხო ხალხს.

4

სანატრელ ვართ, ისრაჱლ, თნებულნი ღმრთისანი, ჩუენდა უწყებულ არიან

ნეტარნი ვართ, ისრაელ, რადგან ჩვენ ვიცით, რაც ესათნოება ღმერთს.

5

მინდობილობით, ერი ღმრთისაჲ, საჴსენებელი ისრაჱლისა.

გამხნევდი, ერო ჩემო, ხსოვნავ ისრაელისა!

6

მოესყიდენით წარმართთა არა წარსაწყმედელად, განრისხებისა თქუენისათჳს ღმრთისა მიეცენით წარმართთა,

ხალხებს მიეყიდეთ არა დასაღუპად, არამედ ღვთის განრისხების გამო ჩაუვარდით ხელში მტრებს.

7

რამეთუ განაძჳნეთ შემოქმედი თქუენი, უმსხუერპლებდით რა ეშმაკთა და არა ღმერთსა.

რადგან გააჯავრეთ თქვენი შემოქმედი, რადგან ეშმაკებს სწირავდით მსხვერპლს და არა ღმერთს.

8

ხოლო დაივიწყეთ გამომზრდელისა თქუენისა ღმრთისა საუკუნოსაჲ, შეაჭუვნეთ ხოლო აღმზრდელიცა თქუენი იერუსალჱმი,

დაივიწყეთ თქვენი გამომკვებავი უკვდავი ღმერთი და დაამწუხრეთ თქვენი აღმზრდელი იერუსალიმიც.

9

რამეთუ იხილა ზედმოწევნული თქუენდა რისხვაჲ ღმრთისა მიერ და თქუა: ისმინეთ ჩემი, მსხემნო სიონისანო, რამეთუ მოაწია ჩემ ზედა ღმერთმან გლოვაჲ საუკუნე.

რადგან იხილა თქვენზე მოწეული რისხვა და თქვა: ისმინეთ, სიონის მკვიდრნო, მომივლინა მე ღმერთმა დიდი მწუხარება,

10

ხოლო ვიხილე ტყუეობაჲ ძეთა ჩემთა და ასულთა, რომელი მოჰხადა მათ ზედა საუკუნემან

რადგან ვიხილე ჩემს ძეთა და ასულთა ტყვეობა, რომელიც მათზე მოაწია საუკუნომ;

11

რამეთუ აღეზარდენ იგინი შუებით, ხოლო განვავლინენ ტირილისა თანა და გლოვისა.

რადგან სიხარულით აღვზარდე ისინი და გირილითა და მწუხარებით გავუშვი.

12

ნუ ვინ მომცხრებინ მე, ქურივსა და დატევებულსა მრავალთა მიერ, მოოჴრდი ცოდვათათჳს შვილთა ჩემთასა მით, რამეთუ მისდარკეს შჯულისაგან ღმრთისა.

ნურვინ იხარებს ჩემზე, დაქვრივებულზე და მიტოვებულზე მრავალთა მიერ. მოვოხრდი მე ჩემი შვილების ცოდვათა გამო, რადგან ღვთის რჯულს გადაუხვიეს.

13

ხოლო სამართალნი მისნი არ გულისხმა-ყუნეს, არცა ვიდოდეს გზათა მცნებათა ღმრთისათა, არცა ალაგთა სწავლულებისა სიმართლისა მისისათა ზედა აღვიდეს.

ხოლო მისი სამართალნთ უგულებელჰყვეს, არც ღვთის მცნებების გზით წარემართენ, არც სწავლის ბილიკებს დაადგნენ მისი სიმართლით.

14

მოვიდედ მსხემნი სიონისანი და მოიჴსენედ ტყუეობაჲ ძეთა ჩემთა და ასულთაჲ, რომელ მოაწია მათ ზედა საუკუნემან.

მოდით, მკვიდრნო სიონისა, და გაიხსენეთ ჩემ ძეთა და ასულთა ტყვეობა, რომელიც მათზე მოაწია საუკუნომ.

15

რამეთუ მოაწია მათ ზედა ნათესავი შორით, ნათესავი ურიდი და სხუაენაჲ,

რადგან შორიდან მოუვლინა მათ ხალხი, ხალხი ურიცხვი და უცხოენოვანი, რომელსაც არც მოხუცებულის რიდი აქვს და არც ყრმის სიბრალული;

16

რომელთა არა ჰრცხუენა მოხუცებულისაგან, არცა ყრმაჲ შეიწყალეს და წარიყვანნეს საყუარელნი ქურივისანი, და ასულთაგან მარტოდ მოაოჴრეს.

წაჰგვარეს ქვრივს საყვარელი შვილები და ასულთაგანაც გაამარტოვეს.

17

ხოლო მე რაჲ ძალ-მიც შეწევნად თქუენდა?

მაგრამ რით შემიძლია შეგეწიოთ?

18

რამეთუ მომწევნელმან თქუენ ზედა ძჳრთამან განგარინნეს თქუენ ჴელისაგან მტერთა თქუენთასა.

რადგან ისევ თქვენზე უბედურებათა მომწეველი დაგიხსნით მტრების ხელიდან.

19

ვიდოდეთ, შვილნო, ვიდოდეთ, რამეთუ მე დავშთი ოჴერი,

იარეთ, შვილებო, იარეთ, რადგან მარტო დავრჩი.

20

ხოლო განვიძარცუე სამკაული მშჳდობისა და შევიმოსე ძაძაჲ ვედრებისა ჩემისაჲ, ვღაღადებდე საუკუნოჲსა მიმართ დღეთა შინა ჩემთა.

განვიძარცვე მშვიდობის სამოსელი და შევიმოსე ძაძა ჩემი ვედრებისა, ვიღაღადებ საუკუნოს მიმართ დღენი ჩემნი.

21

მინდობილ იყვენით შვილნო, ჴმა-ყავთ ღმრთისა მიმართ და განგარინნეს თქუენ მძლავრებისაგან ჴელისა მტერთაჲსა,

გამხნევდით, შვილებო, მოუხმეთ ღმერთს და დაგიხსნით მძლავრობისგან, მტერთა ხელიდან;

22

რამეთუ მე, ეგერა, ვესავ საუკუნოჲსა მიმართ მაცხოვარებასა თქუენსა და მოვიდა ჩემდა სიხარული წმიდისაგან მოწყალებასა ზედა, რომელი მოვიდეს თქუენდა მსთუად საუკუნოჲსაგან მაცხოვრისა ჩუენისა,

რადგან საუკუნოსგან ველოდებოდი თქვენს ხსნას და გადმოვიდა ჩემზე წმიდისაგან შეწყალების სიხარული, რომელიც მალე თქვენთანაც მოვა თქვენი საუკუნო მხსნელისგან;

23

რამეთუ განგავლინენ თქუენ გოდებით და ტირილით, ხოლო უკმომაგნეს თქუენ მე ღმერთმან მხიარულებით და შუებით უკუნისამდე,

რადგან მე გოდებითა და ტირილით გაგიშვით, ღმერთი კი თქვენს თავს საუკუნოდ დამიბრუნებს სიხარულითა და შვებით;

24

რამეთუ ვითარცა აწ იხილეს მსხემთა სიონისათა ტყუეობაჲ თქუენი, ეგრეთ იხილონ მსთუად ღმრთისამიერი მაცხოვარებაჲ თქუენი. რომელი მოვიდეს თქუენდა დიდებითა დიდითა და ბრწყინვალებითა საუკუნოჲსაჲთა.

რადგან როგორც ახლა იხილეს სიონის მკვიდრთა თქვენი ტყვეობა, ასევე მალე იხილონ ღვთისგან თქვენი ხსნა, რომელიც მოვა თქვენთან დიადი დიდებით და საუკუნოს ბრწყინვალებით.

25

შვილნო, სულგრძელ ექმნენით ღმრთისა მიერ მოსრულსა თქუენ ზედა რისხვასა. გდევნა შენ მტერმან შენმან, და იხილო წარწყმედაჲ მისი მსთუად და ქედსა მისსა ზედა აღჰჴდე.

შვილებო, დაითმინეთ თქვენზე მოწეული ღვთის რისხვა; გდევნა შენმა მტერმა, მაგრამ ჩქარა იხილავ მის დამხობას და ფეხით გათელავ მის ქედს.

26

ფუფუნეულნი ჩემნი ვიდოდეს გზათა ფიცხელთა. აღებულ იქმნეს, ვითარცა სამწყსოჲ აღტაცებული მტერისა მიერ.

ჩემი ნებიერნი ფიცხელ გზას დაადგნენ; შეიპყრეს მტრებმა, როგორც მოტაცებული ფარა.

27

მინდობილ იყვენით, შვილნო, და ჴმობდით ღმრთისა მიმართ, რამეთუ იყოს თქუენდა მომწევნელისა მიერ ჴსენებაჲ,

გამხნევდით, შვილებო, და შეჰღაღადეთ ღმერთს, რადგან გაგიხსენებთ ის, ვინც ეს მოაწია თქვენზე.

28

რამეთუ ვითარცა იქმნა განმგონეობა თქუენი შეცთომისათჳს ღმრთისაგან, აათწილეთ მოქცეულთა ძიება მისი,

რადგან ფიქრში გქონდეთ უფლისგან განდგომა, მოქცეულებმა ათმაგი შურით ეძიეთ იგი.

29

რამეთუ ზედამომხუმელმან თქუენდა ძჳრთამან მოაწიოს თქუენდა შუებაჲ საუკუნოჲ მაცხოვარებისა თანა თქუენისა.

რადგან ვინც უბედურება მოაწია თქვენზე, საუკუნო სიხარულსაც მოგივლენთ თქვენთ ხსნით.

30

მინდობილობდ, იერუსალიმ, ნუგეშინის-გცეს შენ სახელმდებელმან შენმან,

გწამდეს, იერუსალიმო, ნუგეშს გცემს სახელმდებელი შენი.

31

უბადრუკ ბოროტის-მყოფელნი შენნი და მომცხრომნი დაცემასა შენსა.

საწყალობელნი არიან შენი ბოროტისმყოფელნი და შენი დაცემის მოხარულნი.

32

უბადრუკ ქალაქნი, რომელთა ჰმონებდეს შვილნი შენნი, საწყალობელ შემწყნარებელი ძეთა შენთაჲ,

საწყალობელნი არიან ქალაქები, რომელთაც დაემონენ შენი შვილები, საწყალობელია მიწა, რომელმაც შეიწყნარა შენი ძენი.

33

რამეთუ ვითარცა განიხარა დაცემასა ზედა შენსა და განიშუა დაკუეთებასა ზედა შენსა, ეგრეთ შეჭუვნეს ოჴრებასა ზედა თჳსსა.

რადგან რამდგნადაც გაიხარა შენი დაცემით და მოილხინა შენი დამხობით, იმდენად დამწუხრდება თავისი მოოხრებით.

34

და მოუსპო მას სიხარული ერმრავლობისაჲ და ზოხოაჲ მისი იყოს გლოვად,

წავართმევ მას ხალხმრავლობის სიხარულს და ლხენა მისი გლოვად შეიცვლება.

35

რამეთუ ცეცხლი მოვიდეს მის ზედა საუკუნოჲსა მიერ დღეთა გრძელთა, და დამკჳდრებულ იქმნეს ეშმაკთა მიეე მრავალ ჟამ.

რადგან გადმოვა მასზე ცეცხლი საუკუნოსგან, ხანგრძლივად და დიდხანს იმკვიდრებენ იქ ეშმაკნი.

36

და მიიხილე აღმოსავალთა მიმართ, იერუსალჱმ, და იხილე შუებაჲ ღმრთისა მიერ მომავალი შენდა.

გახედე აღმოსავლეთს, იერუსალიმო, და იხილე სიხარული, შენთვის ღვთისგან მომავალი.

37

აჰა, მოვლენ შვილნი შენნი, რომელნი განვავლინენ _ მოვლენ კრებულად აღმოსავალთათაგან და დასავალთამდე სიტყჳთა წმიდისათა მოხარულნი ღმრთისა დიდებით.

აჰა, მოდიან შენი ვაჟები, რომლებიც გაუშვი; მოდიან წმიდის სიტყვით შეკრებილნი აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ღვთის დიდებით გახარებულნი.