ანგია წინასწარმეტყველი · თავი 1

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

მეორესა შინა წელსა დარიოსის ზე მეფისა, მეექუსესა თუესა, ერთსა თჳსასა, იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჴელითა ანგეა წინაწარმეტყუელისათა მეტყუელი: თქუ ზორობაბელის მიმართ, სალათიილისასა, ტომისაგან იუდაჲსსა და იისუჲს მიმართ იოსედეკისისა, მღდელისა დიდისა მეტყველმან:

დარიოს მეფის მეორე წელს, მეექვსე თვის პირველ დღეს იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის პირით იუდას განმგებლის ზერუბაბელ შალათიელის ძის, და მღვდელმთავრის იესო - იეჰოცადაკის ძის მიმართ.

2

ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: ერი ესე იტყჳან: არა მოსრულ არს ჟამი აღშენებად სახლი უფლისაჲ.

ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: ეს ხალხი ამბობს, ჯერ არ დამდგარაო ჟამი, უფლის სახლის აშენების ჟამი.

3

და იქმნა სიტყუა უფლისაჲ ჴელითა ანგეა წინაწარმეტყუელისაჲ ესრე მეტყველი:

იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის პირით:

4

უკეთუ ჟამ ვიდრემე არს თქუენდა აღშენებად სახლთა, ხოლო სახლი ესე ჩემი მოოჴრებულ არს.

იმის ჟამი კი არის, რომ გადახურულ სახლებში ისხდეთ, ეს სახლი კი მიგდებული იყოს?

5

და აწ ამას იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, დააწესენით გულნი თქუენნი გზათა მათ თქუენთა.

ახლა ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დაუკვირდით თქვენს საქციელს.

6

სთესეთ მრავალი და შეიკრიბენით მცირედ. ჭამეთ და არა განძღომად, ჰსუთ და არა სიმთრვალედ, გარემოისხთ და არა განსტეფით მათ მიერ და შემკრებელმან სასყიდელთამან შეიკრიბა ნაკრაულად, განჴურეტილად.

ბევრს თესავთ, მაგრამ ცოტასა მკით; ჭამთ, მაგრამ ვერ ძღებით; სვამთ, მაგრამ ვერ იკლავთ წყურვილს; იცვამთ, მაგრამ ვერ თბებით; გახვრეტილი ქისისთვის იდებს მშრომელი შრომის საზღაურს.

7

ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: დაისხენით გულთა თქუენთა გზათა მიმართ თქუენთა.

ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: დაუკვირდით თქვენს საქციელს.

8

აღვედით მთასა ზედა და მოჰკუეთენით ხენი, და აღაშენეთ სახლი, და სათნო ვიყო მის შორის, და შორის ვიდიდო მე, - თქუა უფალმან:

ადით მთაზე, აიტანეთ ხე-ტყე და ტაძარი ააშენეთ. მოვიწონებ ამას და დიდებით გამოვჩნდები, ამბობს უფალი.

9

მიიხილეთ მრავალთა ზედა და იქმნეს მცირედნი და შეხმულ იქმნეს სახიდმი. და მივჰბერე მათ, ამისთჳსა მათ იტყჳს უფალი, ყოვლისა პყრობელი: მათ წილ, რომელ სახლი ჩემი არს ოჴერ, ხოლო თქუენ სდევთ თითოეული სახლისადმი თჳსისა.

ბევრის მოლოდინი გაქვთ, მაგრამ მცირედი გისრულდებათ; რაც სახლში მიგაქვთ, იმასაც ვანიავებ, რატომ? ამბობს ცაბაოთ უფალი. იმიტომ, რომ მიგდებულია ჩემი სახლი, თქვენ კი ყველანი თქვენს სახლებზე ზრუნავთ.

10

ამისთჳს დაყუდნეს ცაჲ ცუარისაგან და ქუეყანამან დააცადნეს ნაყოფიერებანი მისნი.

ამიტომ არის, რომ დაგიკავათ ცამ ცვარი და მიწამ დაგიკავათ მოსავალი.

11

და მოვხადო მახჳლი ქუეყანასა ზედა და მთათა ზედა, და იფქლსა ზედა, და ღჳნოსა ზედა, და ზეთსა ზედა და რაოდენსა გამოიღებს ქუეყანაჲ, და კაცთა ზედა, და საცხოვართა ზედა, და ყოველთა ზედა ტკივილთა ჴელთა მათთასა.

გამოვიხმე გვალვა მიწაზე, მთებზე, პურზე, ღვინოზე, ზეთისხილზე და ყველაფერზე, რასაც მიწა აღმოაცენებს; ადამიანზე, პირუტყვზე და ყოველივე ნაჭირნახულევზე.

12

და ისმინა ზორობაბელ სალათელისმან, ტომისაგან იუდაჲსსა, და იისუ, იოსედეკისმან, მღდელმან დიდმან და ყოველთა დანაშთომთა ერისათა ჴმისა უფლისა ღმრთისა მათისაჲ და სიტყუათა ანგეა წინაწარმეტყუელისათა, ვითარ-იგი გამოავლინა უფალმან ღმერთმან მისმან მათდა მიმართ და შეეშნა ერსა პირისაგან უფლისა.

ისმინეს ზერუბაბელ შალათიელის ძემ, იესო იეჰოცადაკის ძემ, მღვდელმთავარმა, და მთელმა დანარჩენმა ხალხმა უფლის, მათი ღმერთის ხმა და ანგია წინასწარმეტყველის სიტყვები, რამდენადაც იგი უფლის, მათი ღმერთის მოვლინებული იყო, და შეეშინდა ხალხს უფლისა.

13

და ჰრქუა ანგეს ანგელოზმან უფლისამან: არქუ ერსა: მე თქუენ თანა ვარ, იტყჳს უფალი,

უთხრა ანგიამ, უფლის მაცნემ, ხალხს უფლის მაცნეობის ძალით: მე თქვენთანა ვარ, ამბობს უფალი.

14

და აღადგინა უფალმან სული ზორობაბელ სალათიილისისა, ტომისაგან იუდაჲსა და სული იიუსუჲსი, იოსედეკიისისა, მღდელისა დიდისა. და სული ყოვლისა დანაშთომთა ერისათაჲ. და შევიდეს და იქმოდეს საქმეთა სახლსა შინა უფლისასა, ყოვლისა მპყრობელისა, ღმრთისა მათისასა.

გააღვიძა უფალმა იუდას განმგებლის, ზერუბაბელ შალათიელის ძის სული, მღვდელმთავრის, იესო იეჰოცადაკის ძის სული და მთელი დანარჩენი ხალხის სული. მივიდნენ და დაიწყეს მუშაობა ცაბაოთ უფლის, მათი ღმერთის სახლში,

15

მეექვსე თვის ოცდამეოთხე დღეს, დარიოს მეფის მეორე წელს.