მეორე რჯული · თავი 2

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

მერმე მოიქეცით მუნვე უდაბნოდ კერძო გზასა მას ერჳთრისა ზღუასა, ვითარცა მეტყოდა მე უფალი. და დავადგერით მთასა მას სეირსა მრავალ დღე.

გავბრუნდით და გავწიეთ უდაბნოსკენ მეწამული ზღვის გზით, როგორც მითხრა უფალმა. დიდხანს ვუარეთ სეყირის მთას.

2

სიტყუად იწყო ჩემდა უფალმან და მრქუა:

ასე მითხრა უფალმა:

3

კმა იყავნ თქუენდა გარემოდგომაჲ მთისა მაგის სეირისა, აწ მოიქეცით თქუენ სამხრით კერძო:

გეყოფათ ამ მთის შემოვლა. ჩრდილოეთისკენ გაბრუნდით.

4

და ერსა მაგას ამცენ და არქუ: ეგერა, განხვალ საზღვარსა ძმათა თქუენთასა ძეთა მათ ესავისთა, რომელ-იგი დამკჳდრებულ არიან სეირს, რამეთუ შეშინებულ და შეძრწუნებულ არიან ფრიად.

ასე დაარიგე ხალხი: ახლა თქვენი ნათესავების, ესავიანთა, სეყირის მკვიდრთა საზღვარზე მოგიწევთ გავლა. მათ შეეშინდებათ თქვენი, თქვენ კი ძალზე ფრთხილად იყავით.

5

ხოლო თქუენ ნუ ბრძოლა-სცემთ მათ, რამეთუ არა მიმიცემიეს ქუეყანისა მის მათისაგანი თქუენდა, არცაღა წარსადგმელ ერთ ფერჴისა, რამეთუ ნაწილად მკჳდრობისა მიმიცემიეს მთაჲ იგი სეირი ესავსა.

ნუ წაეკიდებით მათ, რადგან ფეხის ერთ დაბიჯებასაც არ მოგცემთ მათი ქვეყნიდან, რადგან ესავს მივეცი სამკვიდროდ სეყირის მთა.

6

არამედ საჭმელი იყიდეთ მათგან და ჭამეთ და წყალი სასწორით იყიდეთ მათგან და სუთ.

საჭმელი შეიძინეთ მათგან ვერცხლით და ჭამეთ, წყალიც იყიდეთ მათგან ვერცხლით და სვით.

7

რამეთუ უფალმან ღმერთმან შენმან გაკურთხა შენ ყოველთა შინა საქმეთა ჴელთა შენთასა, განიგულე გონებასა შენსა, ვითარ განვლე შენ უდაბნოჲ იგი დიდი და საშინელი. ესე მეორმეოცე წელი არს, უფალი ღმერთი შენი შენ თანა არს, არაჲთ ნაკლულევან გყოს შენ.

რადგან უფალმა, შენმა ღმერთმა, გაკურთხა ყველა საქმეში, უწყოდა შენი გზა-სავალი ამ დიდ უდაბნოში. ეს ორმოცი წელიწადი შენთან არის უფალი და არაფერი მოგკლებია.

8

და თანაწარვჰჴედით ჩუენ ძმათა ჩუენთა, ძეთა მათ ესავისთა, რომელნი-იგი დამკჳდრებულ იყვნეს სეირს, გზასა მას არაბიელთასა, ელათით და გასიონ გაბერით და მოვაქციეთ, განვლეთ ჩუენ უდაბნოჲ იგი მოაბელთაჲ.

ჩავუარეთ ჩვენს ნათესავებს, ესავიანებს, სეყირის მკვიდრთ, ყორაბას გზით, ელათიდან და ელიონ-გაბერიდან. მერე გავბრუნდით და მოაბის უდაბნოს გზას დავადექით.

9

მერმე სიტყუად იწყო ჩემდა უფალმან და თქუა: ნუ ემტერებით მოაბელთა მაგათ და ნუცა აღადგინებთ მაგათა მიმართ ღუაწლსა ბრძოლისასა, რამეთუ არა მიგეც თქუენ ქუეყანაჲ ეგე მაგათი ჴელთა თქუენთა, რამეთუ ძეთა ლოთისთა მიმიცემიეს იგი ნაწილად მკჳდრობისა მათისა,

მითხრა უფალმა: ნუ გადაემტერები მოაბს და ნუ გამართავ ომს, რადგან არ მომიცია თქვენთვის სამკვიდრო მათი ქვეყნიდან, რადგან ყარი ლოტის შთამომავლებს მივეცი სამკვიდროდ.

10

რამეთუ პირველად ომინელნი იგი დამკჳდრებულ იყვნეს მას ზედა, ნათესავი დიდი მრავალი და ძლიერი.

ადრე იქ ემიელები ცხოვრობდნენ - დიდი, მრავალრიცხოვანი და ტანმაღალი ხალხი ყანაკელებთა მსგავსად.

11

და ვითარცა აკიმრაფასიელნი იგი შეირაცხნეს, ეგრეცა ესენი, რომელნი აკიმს არიან, ეგრეცა მოაბელნი იგი სახელდებულ არიან ნოემად.

რეფაიმებად ითვლებოდნენ ისინიც. ისევე როგორც ყანაკელები, მაგრამ მოაბელები ემიელებს უწოდებდნენ მათ.

12

და სეირსა პირველად ქორეველი იგი დამკჳდრებულ იყო და ძეთა მათ ესავისთა აღჴოცეს, წარწყმიდეს იგი პირისაგან მათისა და დაემკჳდრნეს იგინი მათ წილ, ვითარცა ისრაჱლმან ყო ქუეყანაჲ იგი მკჳდრობისა მათისაჲ, რომელ-იგი მისცა მათ უფალმან.

წინათ სეყირში ხორიელები ცხოვრობდნენ, მაგრამ ესავიანებმა აჰყარეს ისინი და გადააშენეს და დამკვიდრდნენ მათ ნაცვლად, როგორც მოექცა ისრაელი თავის სამკვიდრებელ ქვეყანას, რომელიც მისცა მას უფალმა.

13

აწ აღდეგით და წარვედით ჴევსა მას ზარედისასა.

ახლა ადექით და გადადით ზარედის ხევს. ჩვენც გადავედით ზარედის ხევს.

14

და დღენი, ვინაჲთგან წარვედით ჩუენ კადეთ ბარნედ ვიდრე მისლვადმდე ჴევსა მას ზარედისასა, ოცდაათურამეტ წელ ვიდრე დასრულებადმდე ყოვლისა ნათესავისა კაცთა მათ მბრძოლთაჲსა ბანაკისა მისგან ისრაჱლთაჲსა, ვითარცა ეფუცა მათ უფალი.

ოცდათვრამეტი წელი მოეუნდით კადეშ-ბარნეადან ზარედის ხევამდე მისვლას და ამასობაში გაწყდა ბანაკში მებრძოლთა მთელი თაობა, როგორც დაფიცებული ჰქონდა მათთვის უფალს.

15

და იყო მათ ზედა ჴელი უფლისაჲ მოსპოლვად მათა ბანაკისა მისგან ვიდრე მოსპოლვადმდე მათა.

უფლის ხელიც იყო მათზე, რომ სრულებით გამწყდარიყვნენ ბანაკში, ვიდრე არ გაწყდნენ.

16

და მოისრა ყოველი იგი კაცი მბრძოლი სიკუდილითა შორის ერსა მას.

როცა მთლიანად გაწყდნენ მებრძოლები ერში,

17

სიტყუად იწყო ჩემდა უფალმან და მრქუა:

ასე მელაპარაკა მე უფალი:

18

შენ განვლო დღეს საზღვარი იგი მოაბელთაჲ არუჱრი.

ახლა შენ გადიხარ მოაბის საზღვრებიდან, ქალაქ ყართან,

19

და მახლობელად წარჰჴდეთ თქუენ ძეთა მათ ამონისთა: ნუ ემტერებით მათ და ნუ აღუდგინებთ მათა მიმართ ღუაწლსა ბრძოლისასა, რამეთუ არა მიგეც თქვენ ქუეყანაჲ იგი ძეთა მათ ამოსისთაჲ, რამეთუ ნაწილად ძეთა მათ ლოთისთა მიმიცემიეს.

და უახლოედები ყამონელთა ადგილებს. ნუ უმტრობთ მათ და ნუ წაეკიდებით, რადგან არ გაძლევ ყამონელთა ქვეყნის ადგილებს სამკვიდროდ, რადგან ლოტიანთათვის მაქვს მიცემული სამკვიდროდ.

20

ქუეყანაჲ იგი ჰრაფაიმი, რამეთუ ჰრაფაიმელნი იგი დამკჳდრებულ იყვნეს მუნ პირველად ამანიტელთა მათ, სახელი ჰრქჳან ზომზომინ,

ისიც რეფაიმთა ქვეყნად ითვლება, წინათ რეფაიმები ცხოვრობდნენ იქ. ამონელნი კი ზამ-ზუმიელებს უწოდებენ მათ.

21

ნათესავი დიდი და მრავალი და უძლიერესი, ვითარცა-იგი აკიმელნი. და წარწყმიდნა იგინი უფალმან პირისაგან მათისა და დაიმკჳდრეს იგი და დაეშენნეს მუნ მათ წილ მოდღეინდელად დღედმდე.

დიდი, მრავალრიცხოვანი და ტანმაღალი ხალხი იყო ყანაკელებივით. გაწყვიტა ისინი უფალმა მათ წინაშე. აჰყარეს ისინი და მათ ადგილას დასახლდნენ.

22

ვითარცა-იგი უყო ძეთა მათ ესავისთა, რომელ-იგი დამკჳდრებულ არიან სეირს, ვითარცა-იგი აღჴოცა ქორეველი იგი პირისაგან მათისა და დაიმკჳდრეს იგი და დაეშენნეს მუნ მოდღეინდელად დღედმდე.

ასევე უყო ესავიანებს, სეყირის მკვიდრთ, რომელთ წინაშეც გაწყვიტა ხორიელები. აჰყარეს ისინი და დღემდე მათ ადგილას ცხოვრობენ.

23

და ეგრეცა ეველი იგი, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყო ასეროთს გაზადმდე და კაბადუნი იგი, რომელ გამოვიდეს კაბადუკიაჲთ, მოსრნეს იგინი და დაეშენნეს იგინი მათ წილ.

გაწყვიტეს ყავიელები, რომლებიც ცხოვრობდნენ დაბებში დაზამდე, ქაფთორელები, რომლებიც ქაფთორიდან გამოვიდნენ, და დასახლდნენ მათ ადგილას.

24

აწ თქუენცა აღდეგით, წარემართენით, განვლეთ ჴევი იგი არნონისაჲ, რამეთუ, ეგერა, მიმიცემიეს იგი ჴელთა თქუენთა, სეონ, მეფჱ იგი ამორეველთაჲ, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყო ესებონს, და ქუეყანაჲ იგი მათი იწყედ დამკჳდრებად და იწყეთ მისა მიმართ ღუაწლი ბრძოლისა.

ადექით, გასწიეთ და გადალახეთ არნონის ხევი. იცოდე, შენს ხელთ ჩამიგდია სიხონი, ეშბონის მეფე, ამორეველი და მისი ქვეყანა. დაიწყე დამკვიდრება. ბრძოლა გაუმართე მას.

25

დღესით დღითგან დავიდევ აერი და შიში შენი პირსა ზედა ყოველთა წარმართთასა, რომელნი არიან პირსა ქუეშე ცისასა, რათა ყოველთა რომელთა ესმეს სახელი შენი, შეძრწუნდენ და სალმობამან შეიპყრნეს იგი პირისაგან შენისა.

დღეიდან შიშსა და ძრწოლას მოვგვრი თქვენით ხალხებს ცისქვეშეთში. ვინც კი გაიგებს შენს ამბავს, შიშის ზარი დაეცემა ყველას.

26

და წარვავლინნე მოციქულნი უდაბნოჲთ კადემოთით სეონისა მეფისა მის ესებონელთაჲსა სიტყჳთ მშჳდობისაჲთა.

გავუგზავნე მოციქულები კედემოთის უდაბნოდან სიხონს, ხეშბონის მეფეს და დავაბარე სათქმელად სამშვიდობო სიტყვები.

27

და ვარქუ, ვითარმედ განვლო ქუეყანაჲ ეგე შენი, მგზავრ ვიდოდი, არა მივაქციო მარჯულ, არცა მარცხლ.

გამატარე შენს ქვეყანაზე, მხოლოდ გზებზე ვივლი, არც მარჯვნივ გადავუხვევ, არც მარცხნივ-მეთქი.

28

საჭმელი ვეცხლითა ჩემითა ვიყიდო და ვჭამოთ და წყალი ვეცხლი ვიყიდოთ და ვსუათ, გარნა გზაჲ ხოლო განვლოთ ფერჴითა ჩუენითა.

საჭმელი მომყიდე ვერცხლზე და შევჭამ, წყალიც ვერცხლზე მომეცი და დავლევ. მხოლოდ ჩემი ფეხით გავივლი-მეთქი;

29

განვლეთ ქუეყანა იგი ძეთა მათ ესავისთაჲ, რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს სეირს და ვითარცა განვლეთ ქუეყანაჲ იგი მოაბელთაჲ რომელნი-იგი დამკჳდრებულ არიან აროჱრს, ვიდრე წიაღვლო მე იორდანე, მივიწიო ქუეყანასა მას, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან ჩუენმან მომცეს ჩუენ.

ისევე, როგორც მომექცნენ ესავიანები, სეყირის მკვიდრნი, და მოაბელები, ყარის მკვიდრნი, ვიდრე იორდანეს გაღმა გავიდოდე იმ ქვეყანაში, რომელსაც გვაძლევს უფალი, ჩვენი ღმერთი.

30

და არა ინება მეფემან მან ესებონელთამან განსლვაჲ ჩვენი მიერ, რამეთუ განაფიცხა უფალმან ღმერთმან ჩუენმან სული მისი და განამტკიცა გული მისი, რათა მოგცეს იგი ჴელთა შენთა დღესდღე.

მაგრამ არ გაგვატარა სიხონმა, ხეშბონის მეფემ, რადგან გაუსასტიკა სული უფალმა, შენმა ღმერთმა, და გული გაუქვავა, რომ თქვენს ხელში ჩაეგდო იგი, როგორც დღეს ხედავ.

31

და სიტყუად იწყო უფალმან მოსესა და ჰრქუა: აჰა, ესერა, მიწყიეს მე მიცემად წინაშე შენდა სეონ მეფჱ ესებონისაჲ, ამორეველი იგი, აწ იწყე განაწილებად და დამკჳდრებად ქუეყანაჲ იგი მისი.

მითხრა უფალმა: იცოდე, უკვე დავიწყე სიხონისა და მისი ქვეყნის შენთვის მოცემა: შეუდექი მისი ქვეყნის დასაკუთრებას.

32

და მოვიდა სეონ მეფჱ იგი ამორეველთაჲ და ყოველი იგი ერი მისი მის თანა შემთხუევად ჩუენდა ღუაწლით ბრძოლასა.

გამოვიდა სიხონი მთელი თავისი ხალხით იაჰცაში ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველად.

33

და განწირა იგი უფალმან ღმერთმან ჩუენმან წინაშე პირსა ჩუენსა და მოვსართ იგი და ძენი მისნი და ყოველი ერი მისი.

ხელში ჩაგვაგდებინა იგი უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, და ჩვენც დავამარცხეთ იგი, მისი შვილები და მთელი მისი ხალხი.

34

და მოვიპყართ ყოველი ქალაქები მისი მას ჟამსა შინა, და მოვსართ ყოველი ქალაქი მისი ერთბამად და მოვწყჳდეთ ცოლი და შვილი მისი ყოველივე, რაჲცა იყო მისი, არა განერა ერთისა კაცი ცოცხალი, გარნა საცხოვარი მათი ტყუედ წარმოვიღეთ.

მაშინ დავიპყარით მისი ყველა ქალაქი, ავაოხრეთ ქალაქები და გავწყვიტეთ მცხოვრებნი დიდიან-პატარიანა. არავინ დაგვიტოვებია ცოცხალი.

35

და ნატყუენავი ქალაქთა მათთაჲ წარმოვიღეთ

ოღონდ საქონელი წამოვასხით და სხვა ნადავლიც წამოვიღეთ დაპყრობილი ქალაქებიდან.

36

აროერით, რომელ-იგი არს კიდესა ზედა მდინარისა მის არონისასა, და ქალაქი იგი ძნელოვანი, რომელ დაშენებულ იყო ჴევსა მას ვიდრე მთადმდე გალადისა და არა იყო ქალაქი, რომელიმცა განერა ჴელთაგან ჩუენთა, არამედ ყოველი იგი ქალაქები მოგუცა ჩუენ უფალმან ღმერთმან ჩუენმან ჴელთა ჩუენთა.

ყაროყერიდან, რომელიც არნონის ხევზე მდებარერს, და ხეობის ქალაქიდან გალაადამდე არ შეგვხვედრია ქალაქი, მიუდგომელი რომ ყოფილიყო ჩვენთვის. ყველაფერი მოგვცა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა.

37

ხოლო ქუეყანასა მას ძეთა მათ ამონისთასა არად შევეხენით საზღვართა მათთა ნაღუარევთასა იაბოკისთა და ყოველი იგი ქალაქები მთის კერძო ვითარცა გუამცნო ჩუენ უფალმან ღმეთმან ჩუენმან.

ოღონდ არ მიდგომიხარ ყამონიანთა ქვეყანას, იაკობის ხევის ნაპირებს, მთის ქალაქებს და ყველა იმ ადგილს, რომლის აღებაც აგვიკრძალა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა.