მეორე ეზრა · თავი 1
და ყო იოსია მეფემან ზატიკი იგი უფლისა იერუსალჱმს და შეწირა შესაწირავი იგი უფლისა ათორმეტსა თთჳსა მის პირველისასა.
განაწესნა და დაადგინნა მღდელნი სახლსა უფლისასა ყოველთა დღჴეთა რიცხჳსაებრ და შთააცვა მათ კვართი სამღდელო.
და ჰრქუა ლევიტელთა მსახურთა: განიწმიდენით თავნი თქუენნი და განემზადენით სიწმიდისა მისებრ კიდობნისა სჯულისა უფლისა ტაძარსა მას, რომელი-იგი აღაშენა სოლომონ მეფემან, ძემან დავითისამან.
და ნუმცა იპოვების თქუენ თანა ბიწოვანებაჲ და ბილწება და აწ მსახურებდით უფალსა ღმერთსა თქუენსა, და შემოკრიბეთ და განუმზადეთ ნათესავი ისრაჱლისა და განაწესეთ განწესებისა მისებრ მამათმთავართასა და ტომთა მისთასა,
ვითარცა განაწესა და დაწერა დავით, მეფემან ისრაჱლისამან, და ძემან მისმან დიდმან სოლომონ. და დადგეს ტაძარსა მას შინა ლევიტელნი განწესებისა მისებრ თჳთოეულად მამათა თჳსთასა წინაშე ძმათა თჳსთა, ძეთა ისრაჱლისათა.
და პირველისაებრ წესისა შეწირეთ ზატიკი და განმზადეთ შესაწირავი იგი სიტყჳსაებრ უფლისა, ვითარცა-იგი უბრძანა ჴელითა მოსესითა.
მიჰმადლა და მისცა იოსია ერსა მას კრავები და თიკანნი ოცდაათი ათასი, ჴბოები სამ ათასი.
ესე ყოველი მისცა მსგავსად ბრძანებისა მის მეფისასა ერთა და მღდელთა ლევიტელთა, და მერმე მისცა ქელკიასა და ზაქარია მღდელთმოძღუართა მათ, წინამძღუართა ერისათა და მღდელთა ცხოვარი ორ ათასი და ექუსასი და ჴბოები ექუსასი.
და იექონია, და სამეა, და ნათანაელ ძმა, და საბეა, და ოზიელ და იორამ ათასისთავთა მათ მისცეს ლევიტელთა ზატიკისა მისთჳს ცხოვარი ხუთ ათასი და ჴბოები ხუთასი.
და მიიღეს ესე ყოველი მღდელთა მათ და დიდ-დიდად დიდებითა და შუენიერებითა განმზადეს ბატიკი იგი ბალარჯობითა,
წესთა მათთაებრ და ტომთა მათთაებრ, მსგავსად მამათა მათთასა განწესებულად დგეს მღდელნი წინაშე კრებულისა და შესწირვიდეს უფალსა შესაწირავსა მას, ვითარცა წერილ არს წიგნსა მოსესსა.
და ესრეთ ცისკარსა მას შემწვარი ცეცხლითა განამზადეს ზატიკი იგი უფლისა შესაწირავი და ნედლნი სურნელებითურთ შეაგბეს სიავ-ქუაბთა შინა და ქვაბებთა.
და შესწირეს ყოვლისა მისთჳს ერისა და შემდგომად ამისა მღდელთმოძღუარნი იგი განემზადნეს თჳთ (ძმანი მათნი, ძენი იგი აჰრონისნი).
რამეთუ მღდელნი იგი შესწირვიდეს ცმელსა მას ცეცხლისა მის დასაწველსა და ლევიტელნი განემზადნეს თჳთ და ძმანი თჳსნი მღდელად, ძენი აჰრონისნი,
და ძენი აისაფისნი შემასხმელნი, მგალობელნი განემზადნეს, ვითარცა განაწესა დავით მეფემან ასაფი, და ზაქარია და ელდინუს.
და მეკარენი იგი თჳთეულად კართა მათ იყუნენ განკრძალულ წესთა მათთაებრ, რამეთუ იგინიცა იყუნენ ძეთაგან ლევის, განიმზადნეს თავნი თჳსნი.
და ყოველთა ერთბამად აღასრულეს ზატიკი უფლისა მას დღესა შინა.
და შესწირეს შესაწირავი უფლისა საკურთხეველსა ზედა მსგავსად ბრძანებისა მის იოსია მეფისა.
და ყვეს ძეთა ისრაჱლისათა, რომელი იპოვეს მას ჟამსა შინა, ზატიკი უფლისა და დღესასწაული იგი ბალარჯობათა შჳდ დღე,
არასადა ყოფილ იყო ესრეთ ზატიკი შორის ისრაჱლსა, რამეთუ არა ვინ ყო ზატიკი ჟამთა მათგან სამოელ წინაწარმეტყუელისათა.
არცაღა ყოველთა მეფეთა ისრაჱლისათა ყვეს ზატიკი ესე. ვითარი-იგი ყო იოსია მეფემან, მღდელთა მათ, და ლევიტელთა, და ჰურიათა და ყოველმან ისრაჱლმან, რომელნი-იგი იყუნეს დამკჳდრებულნი მას ჟამსა იერუსალჱმსა შინა.
მეათურამეტესა წელსა მეფობასა იოსიასა ყო ზატიკი ესე.
და იყუნენ მართალ საქმენი იოსიასნი წინაშე უფლისა ღმრთისა თჳსისა და ჰმონებდა უფალსა ყოვლითა გულითა და გონებითა თჳსითა.
და სხუანიცა მეფენი იყუნეს უწინარეს მისა, რომლისათჳს წერილ არს, რომელთა-იგი შესცოდეს და უსჯულო იქმნნეს ყოველთა შინა ნათესავთა და შეაწუხეს უფალი და მჴდომად აღუდგეს სიტყვათა მისთა შორის ისრა- ჱლისა.
და შემდგომად ყოველთა მათ სიმართლეთა იოსიასთა მოვიდა ფარაო, მეფე მეგჳპტელთა, მბრძოლად ვარქამუსად ევფრატით კერძო და განვიდა ბრძოლად იოსია.
და მიავლინა მისა მეფემან მეგჳპტელთამან და ჰრქუა: რა ძეს შენი და ჩემი, მეფეო ჰურიასტანისაო?
არა თუ შენდა მიმავლინა მე უფალმან ღმერთმან და ევფრატით კე- რძო მივალ მე ბრძოლად. და აწ უფალი ჩემ თანა არს და ნუ მაბრკოლებ მე, რამეთუ მასწრაფებს მე უფალი მისლვად და ბრძოლად ევფრატით კერძო, ხოლო შენ მიმრიდე და ნუ წინააღუდგები უფალსა.
და არა გარემოაქცივნა იოსია ეტლნი თჳსნი, არამედ ბრძოლად ჴელი შეყო მისა და არა ისმინნა სიტყუანი იერემია წინაწარმეტყუელისანი, რომელსა ეტყოდა მას პირითა უფლისათა,
არამედ შეიკრიბა და ზედამოუჴდა ველსა უდმაკედოვადაუს. და მიუჴდეს მთავარნი იგი მეფესა იოსიასა.
და ჰრქუა იოსია მეფემან მონათა თჳსთა: განმიყვანეთ მე ველისა ამისგან, რამეთუ მოუძლურდი ფრიად. და მეყსეულად გამოიყვანეს იგი მონათა თჳსთა ბრძოლისა მისგან.
და აღჴდა იგი ეტლთა მათ მეორეთა თჳსთა და აღიყვანეს იგი იერუსალჱმდ, მოკუდა და დაეფლა მამათა თჳსთა თანა.
და ყოველი ჰურიასტანი გოდებდა და იგლოვდა იოსიას. და თქუა იერემია წინაწარმეტყუელმან გოდება ესე იოსიასა ზედა. და დაჯდა იგი დე- დათა თანა და გოდებდეს გოდებასა იერემიასასა მოდღენდელად დღემდე და მისცეს ბრძანება მარადის ნათესავთა გოდებად შორის ისრაჱლისა
ესე ყოველი წერილ არს წიგნსა მატიანეთასა მეფეთა ისრაჱლისათა და საქმენი, რომელ ქმნა იოსია, სიმჴნენი იგი დიდისა მის სიმართლისა და დიდებისა მისისა და სიბრძნე იგი კრძალულებისა მისისა, რომელი აქუნდა შჯულისა მიერ უფლისა, ამას ყოველსა მოაქამდე უთხრობენ წიგნნი მეფეთა ისრაჱლისათანი და იუდასთანი
და მეფე-ყვეს ნათესავისა მისგან იაქონია, ძე იოსიასი. მეფობდა იექონია მამისა თჳსისა იოსიას წილ და იყო ოცდასამ წლისა, რაჟამს დადგა იგი მეფედ.
და მეფობდა ჰურიასტანსა და იერუსალჱმსა სამ თვე და აყენებდა მეფე იგი მეგჳპტელთა, რათამცა არა ვინ მეფობდენ იერუსალჱმსა.
და მოჰჴადა მათ ასი ტალანტი ვერცხლი, ერთი ოქრო.
და დაადგინა მათ ზედა მეფემან მეგჳპტელთამან მეფედ იოაკიმ, ძმა იექონიასი, და მეფობდა იოაკიმ ჰურიასტანსა ზედა და იერუსალჱმსა.
და შეკრა იოაკიმ დიდნი იგი მთავარნი სახლისა ისრაჱლისანი და ზარა, ძმა თჳსი, გამოიყვანა ქუეყანით ეგჳპტით და მოიყვანნა თავისა თჳსისა თანა.
და იყო ოცდახუთ წლისა იოაკიმ, რაჟამს მეფე-ყვეს ჰურიასტანს, იერუსალჱმსა ზედა. და ქმნა მან ბოროტი წინაშე უფლისა.
დღეთა მისთა გამოვიდა ნაბოქოდონოსორ, მეფე ბაბილოვანთა, და შეკრა იგი საკრველითა რვალისათა და წარიყვანა იგი ბაბილოვნად.
და სამსახურებელი სახლისა უფლისა გამოიღო ნაბოქოდონოსორ, წარიღო და დადვა სახლსა კერპთა მისთასა ბაბილონს.
ესე ყოველი მისთჳს და უსჯულოებისა მისისათჳს, და სიბილწისა მისისა დაწერილ არს წიგნსა მეფეთასა.
და მეფობდა მის წილ იოაკიმ, ძე მისი, და იყო ოცდაათრვამეტისა წლისა.
და მეფობდა სამ თვე და ათ დღე იერუსალჱმს. და ქმნა მან ბოროტი წინაშე უფლისა.
და შემდგომად წლისა ერთისა მოავლინა ნაბოქოდონოსორ მეფემან და წარიყვანა იგი ბაბილოვნად ფასითურთ სახლისა მის უფლისა.
და დაადგინა სედეკია მეფედ ჰურიასტანსა და იერუსალჱმსა. და იყო სედეკია ოცდაერთის წლისა და მეფობდა ათერთმეტ წელ.
და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და არა მოიქცა უკეთურებისაგან თჳსისა და არცა ისმინა სიტყუანი იერემია წინაწარმეტყუელისანი, რომელსა ეტყოდა მას პირითა უფლისათა,
და ფიცი იგი, რომლითა ეფუცა ნაბოქოდონოსორ მეფესა, სახელითა უფლისათა და არა დაადგრა ფიცსა მას, არამედ ეცრუვა და განეშორა ნაბოქოდონოსორს, და განიფიცხა ქედი თჳსი და გული თჳსი და გარდაჴდა სჯულსა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა.
და მთავართა მის ერისათა და მღდელთა მრავალი უსჯულოება ყვეს, და უსჯულო იქმნნეს და განამრავლეს ბილწება თჳსი უფროს ყოველთა წარმართთასა, და შეაგინეს ტაძარი იგი სიწმიდისა უფლისა იერუსალჱმისა.
და მიუვლინა ღმერთმან მამათა მათთა მოციქულად წინაწარმეტყუელი, რათამცა მოიქცეს, რამეთუ ჰრიდებდა მათ ტაძარსა სიწმიდისასა.
და შეურაცხ-ყვეს მოციქულნი იგი მისნი და დღესა მას, რომელსა ეტყჳნ მას უფალი, იგინი ეკიცხევდეს წინაწარმეტყუელთა მისთა.
და განრისხნა უფალი ნათესავსა ზედა მათსა უღმრთოებისა მისთჳს და მოავლინა მათ ზედა მეფენი იგი ქალდეველთანი.
და მათ მოსრნეს ჭაბუკნი მათნი მახჳილითა და დასთხიეს სისხლი მათი გარემოს ტაძარსა სიწმიდისასა და არა ჰრიდა ყრმათა ქალწულთა მოხუცებულთა და ჭაბუკთა მათთა,
არამედ ყოველივე მისცა ჴელთა მათთა და სამსახურებელი სახლისა უფლისა, დიდი და კნინი, და ჭურჭელი სამსახურებელი კიდობნისა მის უფლისა, და ყოველი ფასი მეფეთა ისრაჱლისათა აღიღეს და წარიღეს ბაბილონად.
და ცეცხლითა მოწვეს ტაძარი იგი უფლისა, დაარღჳეს და აღაოჴრეს ზღუდენი იერუსალჱმისანი, და გოდლები მისი მოწვეს ცეცხლითა.
და იყო აღსრულება ყოვლისა დიდებისა მათისა და ნეშტნი იგი წინაწარიქცინეს და წარტყუენეს ბაბილონად.
და დაემონნეს მათ და შვილთა მათთა ვიდრე მეფეთამდე სპარსთასა აღსრულებასა მას სიტყჳსა უფლისასა, რომელსა იტყოდა პირითა იერემია წინაწარმეტყუელისათა,
ვითარმედ სთნდეს უფალსა ქუეყანა იგი და ცალიერად შაბათ-ყო იგი ყოველთა მათ ჟამთა, რაოდენ ჟამ იყო უდაბნოსა, შეერაცხა მათ შაბათობად, ვიდრემდის აღესრულა სამეოცდაათშჳდმეტი წელი.
მოუმზადა იოშიამ თავის უფალს პასექი იერუსალიმში და ამსხვერპლა პასექი პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს.
განაწესა შემოსილნი მღვდელნი უფლის ტაძარში რიგის მიხედვით.
უთხრა ლევიანებს, ისრაელის მღვდელმსახურთ: განიწმიდეთ თავი უფლისათვის უფლის წმინდა კიდობნის დასავანებლად იმ სახლში, რომელიც ააშენა დავითის ძემ, მეფე სალომონმა.
მხრებით არ უნდა ატარებდეთ მას. ახლა კი თაყვანი ეცით უფალს, თქვენს ღმერთს და ემსახურეთ მის ერს, ისრაელს და განლაგდით თქვენ-თქვენი მოდგმისა და გვარ-ტომობის მიხედვით, როგორც განაწესა ისრაელის მეფემ დავითმა და მისი ძის სოლომონის უდიდესობამ.
როცა დადგებით ტაძარში ლევიანების, თქვენ-თქვენ მოდგმათა რიგის მიხედვით, თქვენი ძმების, ისრაელიანების წინაშე,
ამსხვერპლეთ პასექი და განუმზადეთ მსხვერპლი თქვენს ძმებს და გადაიხადეთ პასექი უფლის მცნების შესაბამისად, რომელიც მისცა მან მოსეს.
უბოძა იოშიამ იქ მყოფ ხალხს კრავი და თიკანი ოცდაათი ათასი, კურატი - სამი ათასი. ეს ყოველივე მიეცა ერს სამეფოსაგან, აღთქმისამებრ, მღვდლებსაც და ლევიანებსაც
მისცეს ხილკიამ, ზაქარიამ და იეხიელმა - ტაძრის წინამძღვრებმა მღვდლებს ორი ათას ექვსასი ცხვარი და სამასი კურატი;
იექონიამ, შემაყიამ და ნათანიელმა, მისმა ძმამ, და ხაშაბიამ, იეყიელმა და იორამმა, ათასისთავებმა, მისცეს პასექისათვის ხუთი ათასი ცხვარი და შვიდასი კურატი.
ყოველივე ამის აღსრულების დროს წესისამებრ იდგნენ მღვდლები და ლევიანები,
ეპყრათ ხმიადები ერის წინაშე ტომთა
და მოდგმათა რიგის მიხედვით, რათა მსხვერპლი შეეწირათ უფლისათვის, როგორც განწესებულია მოსეს წიგნში. და იყო დილის ჟამი.
შეწვეს პასექი ცეცხლზე, როგორც ეგებოდა, და მოხარშეს მსხვერპლნი სპილენძის ქვაბებში და სხვა ჭურჭელში სურნელოვანი საკმაზითურთ, და დაურიგეს ყველას, ვინც კი იყო ერისაგანი.
ამის შემდგომ კი მოამზადეს თავისთვის და მღვდლებისთვის, თავისი ძმებისთვის - აარონიანთათვის, რადგან მღვდლებს გვიანობამდე მოჰქონდათ ლურთები, და ლევიანებმა მოამზადეს თავისთვისაც და მღვდლებისთვისაც, თავიანთი ძმებისთვის - აარონიანთათვის.
მგალობელნი - ასაფიანები თავ-თავის ადგილებზე იდგნენ მეფე დავითის დადგენილი წესის მიხედვით; ასევე ასაფი, ზაქარია და იედუთუნი, რომლებიც მეფისაგან იყვნენ. მეკარეები თითოეულ კართან, არ უნდა მოსულიყვნენ თავიანთი რიგიდან, რადგან მათი ძმები ლევიანები ამზადებდნენ მათთვის.
იქმნა ყოველივე, რაც ეგებოდა მსხვერპლშეწირვას უფლისადმი, პასექის აღსრულებისას და მსხვერპლშეწირვას უფლის სამსხვერპლოზე, იოშია მეფის ბრძანებისამებრ.
შვიდი დღის განმავლობაში იხდიდნენ იმ დროს იქ მყოფი ისრაელიანები პასექს და უფუარობის დღესასწაულს.
არ გადახდილა ამგვარი პასექი ისრაელში სამუელ წინასწარმეტყველის დროიდან;
და არც ისრაელის რომელიმე მეფეს გადაუხდია იმგვარი პასექი, როგორიც გადაიხადეს იოშიამ, მღვდლებმა და ლევიანებმა, იუდაელებმა და მთელმა ისრაელმა, ვინც კი იმ დროს იერუსალიმში ცხოვრობდა.
იოშიას მეფობის მეთვრამეტე წელს იქნა გადახდილი ეს პასექი.
სწორად წარიმართა იოშიას საქმენი უფლის წინაშე და მისი ღვთისმოსავობით სავსე გულით.
მის დროს აღიწერა წარსულში ღვთის წინაშე შემცოდეთა და უწმიდურთა საქმენი, რომლებიც აღემატებოდა ყველა ხალხისა და სამეფოს საქმეთ, და რითაც შეგნებით შეურაცხყოფდნენ მას და აღსრულდა ღვთის სიტყვები ისრაელზე.
იოშიას ყველა ამ საქმის შემდგომ გაემართა ფარაონი, ეგვიპტის მეფე, საომრად ქარხემიშში ევფრატზე და გამოვიდა იოშია მის შესახვედრად;
და წარგზავნა ეგვიპტის მეფემ მასთან მოციქულები და შეუთვალა: რა ჩემი და რა შენი, იუდას მეფევ?
შენს წინააღმდეგ არ წარმოუგზავნივარ უფალ ღმერთს, არამედ ევფრატზე მელის ჩემი ბრძოლა, ახლა უფალი ჩემთან არის და მასწრაფებს მე; ჩამომეცალე და წინ ნუ აღუდგები უფალს.
არ უკუიქცა იოშია თავისი ეტლით, არამედ მასთან შებრძოლება გადაწყვიტა, ყურად არ იღო იერემია წინასწარმეტყველის სიტყვები უფლის პირისაგან.
არამედ ბრძოლა გაუმართა მას მეგიდოს ველზე და გამოვიდნენ მთავარნი მეფე იოშიას წინააღმდეგ.
უთხრა მეფემ თავის მსახურთ; გამიყვანეთ ბრძოლიდან, რადგან ძალზედ მოვუძლურდი და მსახურებმაც უმალვე გაიყვანეს იგი მწყობრიდან.
ავიდა იგი თავის მეორე ეტლზე და იერუსალიმში დააბრუნეს, მოკვდა და დაიმარხა მამა-პაპის სამარხში.
მთელს იუდამი დაიტირეს იოშია, გოდებდა იერემია წინასწარმეტყველიც იოშიასთვის, მთავრები და მათი ცოლები იგლოვდნენ მას ამ დღეს და გადმოეცა ამის ქმნა სამუდამოდ ისრაელის მთელს შთამომავლობას.
აღწერილია ესენი წიგნში, რომელიც მოგვითხრობს იუდაელ მეფეთა შესახებ; იოშიას საქმენი, მისი დიდება და მისი განსწავლულობა უფლის კანონებში, მისი უწინდელი ქმედებანი და ახლანდელნი ისრაელისა და იუდას მეფეთა წიგნშია მოთხრობილი.
აიყვანა ხალხმა იექონია იოშიას ძე და დასვა მეფედ მისი მამის იოშიას ნაცვლად; და იყო ოცდასამი წლისა.
იმეფა იუდასა და იერუსალიმში სამ თვეს და გადააყენა იგი ეგვიპტის მეფემ, რათა არ ემეფა იერუსალიმში.
შეაწერა მის ხალხს ასი ტალანტი ვერცხლი და ერთი ტალანტი ოქრო.
დაადგინა ეგვიპტის მეფემ მეფედ იოაკიმი, მისი ძმა. იუდასა და იერუსალიმის მეფედ.
დაატუსაღა იოაკიმმა დიდებულნი, იოახაზი კი, თავისი ძმა, შეიპყრო და გამოიყვანა ეგვიპტედან.
ხოლო იოაკიმი ოცდახუთი წლისა იყო, როცა გამეფდა იუდაში და იერუსალიმში და უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში.
აღსდგა მის წინააღმდეგ ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, დაადო მას სპილენძის ბორკილი და წაიყვანა ბაბილონში.
გამოიტანა უფლის წმიდა ჭურჭელი ნაბუქოდონოსორმა, გაზიდა და დააწყო თავის ტაძარში, ბაბილონში.
იოაკიმის საქმენი, მისი უწმინდურებისა და ურჯულოების ამბები მეფეთა ცხოვრების წიგნშია აღწერილი.
გამეფდა მის ნაცვლად იოაკიმი, ძე მისი; თვრამეტი წლისა იყო, როდესაც იგი მეფედ დასვეს.
იმეფა სამ თვეს და ათ დღეს იერუსალიმში და უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში.
ერთი წლის შემდგომ წააყვანინა იგი ნაბუქოდონოსორმა ბაბილონში უფლის წმინდა ჭურჭლითურთ.
გამოაცხადა ციდკია იუდასა და იერუსალიმის მეფედ. ოცდაერთი წლისა იყო ციდკია და იმეფა თერთმეტ წელს.
უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში და ყურს არ უგდებდა იერემია წინასწარმეტყველის წარმოთქმულ სიტყვებს უფლის პირისაგან.
მეფე ნაბუქოდონოსორისაგან ღვთის სახელით ფიცით შეკრულმა, დაარღვია ფიცი და განუდგა, გაიფიცხა თავისი ქედი და გული და შელახა უფლის, ისრაელის ღმერთის კანონები.
ერის წინამძღვართაც და მღვდლებმაც მრავლად სცოდეს და იბილწეს, გადაამეტეს ყველა ურჯულოთა უწმინდურებას, და შეაგინეს ღვთის კურთხეული ტაძარი იერუსალიმში.
მიუვლინებდა მათი მამა-პაპის ღმერთი თავის ანგელოზს და მოუწოდებდა მოქცეულიყვნენ, რადგანაც ინდობდა მათ და თავის სამკვიდრებელს.
ისინი კი დასცინოდნენ მის მიერ მოვლინებულთ, და, როცა არ უნდა ელაპარაკნა უფალს, მასხრად იგდებდნენ მის წინასწარმეტყველებას, ვიდრე თავის ხალხზე მისი ურჯულოების გამო განრისხებულმა არ ბრძანა, აღმდგარიყვნენ მის წინააღმდეგ ქალდეველთა მეფენი.
მათ მახვილით მოსრეს მათი ჭაბუკები მათივე წმიდა ტაძრის ირგვლივ და არ დაინდეს არც ვაჟი და არც ქალი, არც მოხუცი და არც ჩვილი, არამედ ყველა ხელში ჩაუგდო მათ.
უფლის მთელი წმიდა ჭურჭელი, დიდი და მცირე, უფლის კიდობნის ჭურჭელი, და სამეფო საგანძური აიღეს და წარგზავნეს ბაბილონში.
დაწვეს უფლის სახლი, დაარღვიეს იერუსალიმის კედლები და მათი ციხე-კოშკები ცეცხლს მისცეს.
იავარ-იქმნა ყოველი დიდება მისი; მახვილს გადარჩენილნი წაასხეს ბაბილონში.
დაემონენ მას და მის შვილებს სპარსელთა მეფობამდე, რათა აღსრულებულიყო იერემიას მიერ თქმული უფლის სიტყვები:
ვიდრე გაიხარებდეს ქვეყანა თავისი შაბათებით, დაიცავს შაბათებს თავისი უდაბურ-ყოფის მთელ ხანს სამოცდაათი წელიწადის გასრულებამდე.
